კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„პოლიტიკური ინფარქტი“ გეგუთის ციხეში

29 სექტემბერი, 2011

ზეევ ფრენკელი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაშია გადაყვანილი

პატიმრობაში მყოფმა ებრაელმა ბიზნესმენმა ზეევ ფრენკელმა ინფარქტი მიიღო. მას ქუთაისის ერთ-ერთ ახალგახსნილ კლინიკაში შუნტირების ოპერაცია გაუკეთეს. როგორც მსჯავრდებულის ადვოკატი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, ინფარქტის მიზეზი მის მიერ ფრენკელისთვის მიწოდებული იმ მედიკამენტების არმიღება გახდა, რომელიც ადრესატამდე მისვლის ნაცვლად, ციხის ექიმის კაბინეტში დარჩა.

ზეევ ფრენკელის ინფარქტის შესახებ წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით - „პოლიტიკური ინფარქტი“ გეგუთის ციხეში / ზეევ ფრენკელი რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაშია გადაყვანილი“.

„რეზონანსის“ სტატიის მიხედვით, ადვოკატი არჩილ კბილაშვილი რამდენიმე დღის წინ მეორე ებრაელი ბიზნესმენის რონი ფუქსის მიმართ ღირსების შემლახველ და არააადამიანურ მოპყრობაზეც საუბრობდა. კერძოდ, ადვოკატი ამბობდა, როგორ უკრძალავდნენ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტების მიღებას, გასეირნებას და როგორ აშინებდნენ კოკაინის ჩადებით. თავად პატიმარზე დაყრდნობით ამაზე ებრაული პრესაც წერდა.

არჩილ კბილაშვილის თქმით, ორივე შემთხვევა საქართველოში ისრაელის საელჩოსთვის უკვე ცნობილია და ისრაელის მთავრობაც თავის პოზიციას უახლოეს მომავალში დააფიქსირებს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო არც ერთ ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. „პრესასთან ურთიერთობის სამსახური არც სატელეფონო ზარებს და არც მათი მოთხოვნისამებრ ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შეკითხვებს არ პასუხობს“, - აღნიშნავს „რეზონანსის“ ჟურნალისტი.

ციტატა სტატიიდან: „როგორც პატიმრის უფლებების დამცველი ამბობს, 13 სექტემბრამდე ფრენკელი ქსნის N15 დაწესებულებაში იმყოფებოდა. 13 სექტემბერს იგი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გეგუთის ციხეში გადაიყვანეს. ხოლო მისი წამლები ქსნის ციხეში დარჩა. 14 სექტემბერს, პატიმარს, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია აუცილებელ მედიკამენტებს არ აწვდიდა, მათ წამლები შეუგზავნეს, მაგრამ წამალმა ადრესატამდე ვერ მიაღწია. 17 სექტემბერს წამლები ისევ შეაგზავნეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, იგივე განმეორდა. შედეგად ფრენკელმა, რომელსაც აუცილებელი მედიკამენტები მთელი კვირის განმავლობაში არ მიუღია, ინფარქტი გადაიტანა“.

„იგი ქუთაისის ცხაკაიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 2 საათის განმავლობაში შუნტირება უტარდებოდა“, - აცხადებს ადვოკატი არჩილ კბილაშვილი. მისი ინფორმაციით, ფრენკელი ამ დროისთვის რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაშია გადაყვანილი.

ამ ფაქტამდე მეორე ებრაელი ბიზნესმენის, რონი ფუქსის მიმართ ციხეში არსებულ ზეწოლაზე ებრაული გამოცემა „იზრუსი“ წერდა. „როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებამ ორი ებრაელი ბიზნესმენის გატეხვა გადაწყვიტა. რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი, რომლებიც ქართულ ციხეში უკვე ერთი წელია, იმყოფებიან, მუდმივ შეურაცხყოფასა და უკანონობაზე საუბრობენ, რომლებიც გისოსებს მიღმა ხორციელდება", - წერს ებრაული გამოცემა და იქვე ფუქსის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ავრცელებს, რომელიც ბიზნესმენმა ადვოკატს მიაწოდა.

რატომ ხდება ზეწოლა ებრაელ ბიზნესმენებზე? კბილაშვილს სხვადასხვა ვერსიები აქვს: „ამის მიზეზი შეიძლება ის გარემოება იყოს, რომ ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში ფუქსის დავა დასკვნით ფაზაშია. ფუქსს თავისი პოზიცია არ შეუცვლია და საქართველოს სახელმწიფოსგან კუთვნილ თანხას ითხოვს. მეორე ვერსია კი ისაა, რომ უკვე 11 თვეა, ფუქსი თავის პირვანდელ პოზიციაზე დგას და წაყენებულ ბრალს არ აღიარებს“.

ექსპერტი გია ხუხაშვილი ებრაელი ბიზნესმენების მდგომარეობას აფასებს: „ხელისუფლების დუმილი ამ შემთხვევაში ყველაზე უგუნური საქციელია. ისინი ყველა წყაროებით უნდა ამტკიცებდნენ, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან, თუკი დადასტურდა ის ზეწოლის ფაქტები, რაზეც ამ დღეებშია საუბარი, ამას შეიძლება უმძიმესი შედეგები მოჰყვეს. ეს იქნება ქვეყნებსა და ერებს შორის დაძაბულობის მომტანი. ექსპერტი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებზე ასეთ მოპყრობას ჩვენ მივეჩვიეთ, მაგრამ როცა საქმე უცხოეთის მოქალაქეს ეხება, რომლის უფლებები მისი ქვეყნის კონსტიტუციითაა დაცული, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ძალიან დიდი საერთაშორისო დანაშაულია. მისივე განმარტებით, ბიზნესმენების დაკავებისას ისრაელმა საქართველოს გაფრთხილების მინიშნებაც მისცა პარლამენტის თავმჯდომარისა და ეკონომიკის მინისტრის ოფიციალური ვიზიტების გადადებით. თუკი ეს გაფრთხილება სწორად არ იქნა გაგებული, ამას უფრო მძიმე ნაბიჯები მოჰყვება“.

„უნდა გვესმოდეს, რომ ისრაელთან ურთიერთობის გაფუჭება ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ჯაჭვური შედეგების მომტანი იქნება. მე არა ხელისუფლების ინტერესებზე, არამედ სახელმწიფოს ინტერესებზე ვსაუბრობ. ამიტომაც მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას დააზარალებს. ამ წუთამდე არ მინდა დავიჯერო ის ფაქტები, რაზეც მათი ადვოკატი საუბრობს. თანაც ძალიან მაშფოთებს ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან კომანტარების არარსებობა. ისრაელი არ არის ერთ-ერთი რიგითი ქვეყანა. ჯერ ერთი ძალიან ბევრი საქართველოს მოქალაქე და საქართველოს მოყვარული ცხოვრობს ამ ქვეყანაში. გარდა ამისა ისრაელი სერიოზული, დიდი გეოპოლიტიკური კვანძის მნიშვნელოვანი ნაწილია და თუკი ეს ფაქტები დადასტურდება, მძიმე შედეგები შეიძლება მოგვიტანოს არა მარტო ისრაელთან, არამედ ბევრ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში. მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაისაჯოს დამნაშავე ან დაადასტუროს, რომ არანაირი გადაცდომები არ ყოფილა - მათი მხრიდან რეაგირება უნდა მოხდეს, სხვანაირად ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება“, - აცხადებს „რეზონანსთან“ საუბრისას გია ხუხაშვილი.

ინტერპრესნიუსის პრესის მიმოხილვის მიხედვით

ახალი ამბები