კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში სერბი ჟურნალისტის დაკავების დეტალები

11 ოქტომბერი, 2011

ირინა ალიაშვილი, მედია.გე

ვინ არის ვიქტორ ლაზიჩი? სერბი ჟურნალისტი, მსოფლიოში ორი ცნობილი ბესტსელერის ავტორი, დოქტურანტურის სტუდენტი და მოგზაური, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებსა და ერებზე, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ხალხზე წერს.  ლაზიჩი 2011 წლის 10 სექტემბერს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს და თითქმის ერთი კვირის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდათ.

სერბი ჟურნალისტი  ინტერნეტ-კომუნიკაციის საშუელებით Media.Ge-ს უყვება, რომ საქართთველოში 3 სექტემბერს ჩამოვიდა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე  9 სექტემბერს გადავიდა. სამი ქართული და ერთი რუსული საგუშაგოს გავლის შემდეგ,  ის,  ცხინვალთან ახლოს,  კიდევ ერთ  საგუშაგოს მიადგა.

„მივედი, ვნახე, რომ პოლიციელს ეძინა. გავაღვიძე და ვკითხე, რა დოკუმენტები იყო საჭირო ცხინვალში გადასასვლელად. მან განმიცხადა, რომ საზღვარი უნებართვოდ გადავკვეთე და 500 მეტრი უკანონოდ გამოვიარე. თუმცა,  მთელი ამ ხნის განმავლობაში, არსად მინიშნებაც კი არ იყო, რომ მე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ვმოძრაობდი“, - ამბობს სერბი ჟურნალისტი.

დე-ფაქტო ხელისუფლების  სამართალდამცველებმა ვიქტორ ლაზიჩი  ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს. ორი დღის განმავლობაში იჯდა საკანში, სადაც, ჟურნალისტის თქმით,  არც შუქი, არც წყალი, არც ელემენტარული ჰიგიენური მოხმარების ნივთები და არც საბანი ან ლეიბი არ ჰქონდა. საკნის კედლებზე სისხლი იყო მისხმული. მისი თქმით, კვებითაც  არარეგულარულად კვებავდნენ და ეს საკითხი მცველების ხასიათზე იყო დამოკიდებული.

სტატუსის გაურკვევლობის გამო, ვიქტორ ლაზიჩი ვერ ახერხებდა ადვოკატის აყვანას. „ისინი განუწყვეტლივ მიმეორებდნენ, რომ მე დაპატიმრებული კი არ ვიყავი, არამედ დროებით დაკავებული. ეს სტატუსი არ მაძლევდა ადვოკატის დაქირავების, ან ოჯახთან და საელჩოსთან დაკავშირების უფლებას“. თუმცა ჟურნალისტმა საელჩოსთან დაკავშირება საიდუმლოდ მაინც მოახერხა.

„საკმაოდ კომიკური სიტუაცია შეიქმნა და საერთო ჯამში ძალიან გამიმართლა. ოსებმა მობილური ტელეფონი დამიბრუნეს, რადგან იქ არ იჭერდა, სადაც პირველად დამაკავეს. მაგრამ მესამე დღეს, როცა სხვაგან გადამიყვანეს, იქ სიგნალმა დაიჭირა. ციხის მცველები დავარწმუნე, რომ უფროსობამ დარეკვის ნება დამრთო. ასე რომ, საელჩოს დავუკავშირდი. ბოლო დღეს მობილური ისევ წამართვეს“, - იხსენებს ვიქტორ ლაზიჩი.

ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მობილურის ამბავი მაშინ გაიგეს, როცა სერბეთის საელჩო მოსკოვში და ჟურნალისტის დამქირავებელი გამოცემა უშუალოდ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დაუკავშირდნენ და ლაზიჩის გათავისუფლება მოსთხოვეს.

„მინდა დავამატო, რომ სერბეთის საელჩოს ნომერი მოსკოვში არ ვიცოდი. ჩემს რედაქციას და საცოლეს დავურეკე და მათი საშუალებით გავარკვიე. აგრეთვე, გავარკვიე ისიც, რომ თურმე სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯიოევი, საელჩოს უკრძალავდა ჩემთან დაკავშირებას. სერბი კონსული ლამის შოკში ჩავარდა, როცა ტელეფონში ჩემი ხმა გაიგო“, - ამბობს ლაზიჩი.

ოსური მხარე ეჭვობდა, რომ ჟურნალისტი შეიძლებოდა ჯაშუში ყოფილიყო. სწორედ ამიტომ აჭიანურებდნენ მის გამოშვებას. ამ მოქმედებას ლაზიჩის ვინაობის შემოწმებით ამართლებდნენ. „თუმცა ეს არ იყო მართალი“, - ამბობს სერბი კორესპონდენტი, „მე ყველა სახის საბუთი მქონდა, დაწყებული პირადობის მოწმობიდან, დამთავრებული ჟურნალისტის დამადასტურებელი დოკუმენტით“.

ვიქტორ ლაზიჩის დაკავებიდან  4 დღის შემდეგ, სერბეთის საელჩომ მოსკოვში პასუხი მოსთხოვა დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ჯიოევს. როგორც ელჩმა განაცხადა, ის აქამდე იმიტომ ვერ დაუკავშირდა ოსურ მხარეს, რომ სერბეთს სამხრეთ ოსეთი ოფიციალურ სახელმწიფოდ არ უცვნია.

როგორც ლაზიჩი აცხადებს, ქართულ მხარესთან,  რამდენიმე სამართალდამცველის გარდა, არანაირი კონტაქტი არ ჰქონია. ქართველმა პოლიციელებმა კი ის წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი გართულებების შესახებ. თავად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, შოთა უტიაშვილი Media.Ge-სთან  საუბარში ამბობდა, რომ ჟურნალისტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით 1-2 დღე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ჟურნალისტის დაკავების ფაქტზე ბევრმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართვა გაავრცელა, მათ შორის იყვნენ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“, „სერბი ჟურნალისტების ასოციაცია“, „სერბ მწერალთა ასოციაცია“, „სერბ ბიბლიოფილთა საზოგადოება“ და ა.შ.

„ჩვენ მივმართავთ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას, რათა გაათავისუფლოს ლაზიჩი, რომელიც არის მოგზაური ჟურნალისტი და იქ თავისი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა“, - ამბობდა  მაშინ  ბეთ კოსტა, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის გენერალური მდივანი.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ პირობებით, რა პირობებშიც მას უწევს ყოფნა და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - აღნიშნავდა   ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია  გამოქვეყნებულ განცხადებაში.

16 სექტემბერს ლაზიჩი ყოველგვარი ოფიციალური ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. ჟურნალისტისთვის დღემდე უცნობია მისი დაკავების ოფიციალური მიზეზი.

„მინდოდა დამეწერა ომის შემდგომი ცხოვრების შესახებ, როგორ ცხოვრობენ ადამიანები სამხრეთ ოსეთსა და მიმდებარე რაიონებში, მათი კულტურა, ცხოვრების სტილი ამესახა“, - ამბობს ჟურნალისტი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ კონფლიქტურ რეგიონშია ნამყოფი, ერაყისა და კოსოვოს ჩათვლით, მსგავსი სიტუაცია მისთვის პირველი აღმოჩნდა.

ვიქტორ ლაზიჩი თბილისში თავის ქართველ კოლეგებთან ცხოვრობდა. იცოდა, რომ ცხინვალის რეგიონში გადასვლა პრობლემებთან იყო დაკავშირებული. თუმცა არც იმას ელოდა, რომ გაუფრთხილებლად დააპატიმრებდნენ.

„ბევრჯერ ვყოფილვარ ფრონტზეც, მოვყოლილვარ სროლაშიც. თუმცა, არსად დავუპატიმრებივარ. იმის გამო, რომ მე პოლიტიკაზე არ ვწერ, არ მეგონა, თუ ვინმეს პრობლემას შევუქმნიდი ჩემი საქმიანობით“, - აღნიშნავს ლაზიჩი.

ვიქტორ ლაზიჩი, სერბი ჟურნალისტი, დოქტურანტურის სტუდენტი, დღეს Press Daily newspapers Belgrade-ში მუშაობს. იგი მსოფლიოში ორი ცნობილი ბესტსელერის ავტორია. სამხრეთ ოსეთში ის ამ გამოცემისთვის ამზადებდა მასალას.

ორიგინალი

ახალი ამბები