პარლამენტმა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განხილვიდან ამოიღო. კანონპროექტი საქართველოს ეროვნულ პარკებსა და ნაკრძალებში, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის დაშვებას ითვალისწინებდა.
როგორც გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გამცემლიძემ განაცხადა, მან შეძლო კოლეგების დარწმუნება, რომ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისა და მცენარეების გარემოდან ამოღების ახალი წესები და პროცედურები არ შემოეღოთ.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს საერთაშორისო და ადგილობრივმა გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა. რამდენიმე დღის წინ, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება და წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობა კატეგორიულად მიუღებელია.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი