კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიშა ფანდარასტ!

20 ოქტომბერი, 2011

ალეკო ცქიტიშვილი

გუშინ შევიძინე თბილისის მერის მიერ ნაწყალობევი სატრანსპორტო ვაუჩერი და განვიცადე ხუთლარიანი კმაყოფილება, რომელიც ხუთ წუთსაც არ გაგრძელებულა, ბოლოს კი რიგითი ამომრჩევლის აგრესიად გარდაიქმნა, როცა საღამოს პიკის საათში ჩემი სახლისკენ მიმავალი 14 ნომერი ავტობუსი გაძეძგილი მოვიდა. ასვლაზე ლაპარაკი ზედმეტია, ცალი ფეხიც ვერ შევყავი. 80-თეთრიანმა 193-მა, 73-მა და 109 ნომერმა მარშუტკებმაც გამოტენილებმა ჩაიარეს.

ტრანსპორტის მოლოდინში კარგა ხანს ვიდექი გაგარინის მოედანზე და ვფიქრობდი, რატომ მოუვიდა აზრად გიგი უგულავას ამ 5-ლარიანი ვაუჩერის დარიგება, როცა ამით ბევრი არაფერი იცვლება - ახალშემოყვანილი ყვითელი მარშუტკით სულ რაღაც 6-ჯერ იმგზავრებ და მერე ისევ მგზავრობის საფასურის გამძვირებელს შეაგინებ.

უგულავა ივანიშვილს ხომ არ ეჯიბრება ფულის დარიგებაში?

სიმართლე გითხრათ, არასოდეს მომწონდა ჭორვილას კომუნიზმი - ადამიანების გაზარმაცების ის მოდელი, რაც ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა არჩეული თავის მშობლიურ სოფელში. ადამიანები არაფერს აკეთებდნენ და ფულს მარტო იმიტომ იღებდნენ, რომ მილიარდელი თანასოფლელის სოფელში ცხოვრობდნენ. ასეთ სასათბურე პირობებში ცხოვრება თანდათან ადამიანების გაზულუქებას, გაუცხოებას და საზოგადოების დანარჩენი ნაწილისგან გარიყვას იწვევს. ამიტომაც ჩამოყალიბდა ჭორვილა წლების განმავლობაში ერთგვარ ჩაკეტილ სივრცედ. 

მეორე მხრივ, ჭორვილა გარეგნულად მშვიდი, მოწესრიგებული, ევროპული სოფელია. ამ მიმართულებით, იგი, ფაქტობრივად, მართლაც არის იმ ქართული ოცნების ერთგვარი პატარა მოდელი, რაზეც ახლა ახალბედა პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი გვესაუბრება. ეს არის სოფელი, სადაც ახალგაზრდები დაბრუნდნენ, სადაც სიცოცხლე დუღს და ბავშვების ჟრიამული ისმის.

ასეთ ბედს ნებისმიერი სხვა ქართული სოფელი ინატრებდა, მაგრამ...

ხუთლარიანი ვაუჩერის მსგავსი პროექტებით სოფელი არ აშენდება.

შეიძლება მერ უგულავას გულწრფელად ჰგონია, რომ ხუთლარიანი ვაუჩერით ამომრჩევლის გული მოიგო, ისევე, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილს ჰგონია, რომ საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა ევროპაში ისლანდიის შემდეგ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მიშა უცხოელებს ეტრაბახებოდა. 

როგორ შეიძლება უსაფრთხო იყოს ქვეყანა, რომლის დედაქალაქშიც ორი დღის წინ დღისით, მზისით ახალგაზრდა კაცი დაცხრილეს?! ახლა წარმოიდგინეთ, ისლანდიის დედაქალაქში - რეიკიავიკში ხართ, სეირნობთ და ამ დროს უცებ ხედავთ, როგორ მისდევენ ახალგაზრდა კაცს შეიარაღებული ბანდიტები, როგორ ესვრიან, როგორ ეცემა ძირს მსხვერპლი, როგორ გარბიან თავდამსხმელები, ქვაფენილი სისხლით იღებება, თვითმხილველი ქალები კივიან, პატრული ერთი საათის შემდეგ მოდის...

წარმოიდგინეთ?!

რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა კაცის მკვლელობას არ ვახსენებდი, ასეთი კრიმინალური ტრილერები თბილისისთვის დიდი იშვიათობა რომ იყოს. რეგიონებშიც არ არის სიმშვიდე. დღე ისე არ გავა, ვიღაცის დაჭრის, მოკვლისა თუ გაუჩინარების ამბავი არ შევიტყოთ.

გარდა ამისა, უნდა ჩავუღრმავდეთ რუსთაველის გამზირზე მომხდარი მკვლელოვის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს წინა დანაშაულთან, როცა ახალგაზრდა კაცი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში დანით აკუწეს და მერე, რაკი მისი მკვლელობისათვის ქართულმა მართლმსაჯულებამ არავინ დასაჯა, ამოქმედდა ველური სამართლის წესი - შურისძიება. მოკლულის მამამ შვილის მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი მოკლა.

ასეთი ამბები არ ხდება ისლანდიის მსგავს დემოკრატიულ ქვეყნებში.

დემოკრატიულ ქვეყნებში არც პოლიტიკურ ოპონენტებს ავიწროებენ, არ ართმევენ მოქალაქეობას, თავს არ ესხმიან და ბანდიტებივით არ იტაცებენ მათ ფულს.

ქართული პოლიტიკის ახალ წევრს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლება ისეთი გაბოროტებით დევნის, რომ აქედანვე შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ მრავალათასიანი საპროტესტო დემონსტრაციები მეცენატის მხარდასაჭერად.

სააკაშვილის ხელისუფლება იმ დონეზე დაეცა, რომ პოლიტიკურ ოპონენტს არაღიარებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის კოკოითის მეთოდებით ებრძვის. ცოტა ხნის წინ კოკოითმა სწორედ ასევე წაართვა ოპონენტ თედეევს „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა“.

ეს უკვე ღრმა ფსკერია, სადაც უფრო ნათლად ჩანს სააკაშვილის ხელისუფლების აგონია და დასასრული.

ისღა დაგვრჩენია შევუძახოთ: მიშა წადი!

ანუ (კოკოითის ენაზე): მიშა, ფანდარასტ!

ახალი ამბები