21:32, Sunday, 17.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბაგრატ შინკუბას „უკანასკნელი უბიხი“

31.10.2011

პირველი ელექტრონული ვერსია ქართულ ენაზე

ალეკო ცქიტიშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრი, კამპანია „ბოდიშის“ ფარგლებში, აფხაზი მწერლის, ბაგრატ შინკუბას რომანის, „უკანასკნელი უბიხის“ ქართულ და აფხაზურ ენაზე გამოცემას გეგმავს. თავდაპირველად დაგეგმილია რომანის ორენოვანი ელექტრონული ვერსიის მომზადება და ატვირთვა ადამიანის უფლებათა ცენტრის საიტებზე: www.humanrights.ge და www.apsni.org .

www.humanrights.ge-მ უკვე გამოაქვეყნა  „უკანასკნელი უბიხის“ ელექტრონული ვერსია. საიტზე ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუ რომანის მთარგმნელთან, თამარ ჩიჯავაძესთან, რომელიც გვესაუბრება ნაწარმოების მხატვრულ ღირებულებაზე, მისი ავტორის პიროვნულ თვისებებსა და ქართველ მწერლებთან მის მეგობრობაზე. 

ბაგრატ შინკუბა აფხაზური მხატვრული ლიტერატურის კლასიკოსია. მისი პოეტური და პროზაული ნაწარმოებები ასახავს აფხაზი ხალხის ისტორიულ და თანამედროვე მისწრაფებებს. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი რომანი-ეპოპეა „უკანასკნელი უბიხი“, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებში აფხაზეთსა და სხვა მონათესავე კავკასიელი ხალხების ტრაგედიას - ე. წ. მუჰაჯირობას ასახავს. 

მიუხედავად იმისა, რომ მუჰაჯირობის შესახებ ისტორიკოსების მრავალი ნაშრომი არსებობს, ეს მოვლენა სათანადოდ ჯერ კიდევ არ არის შეფასებული.

მე-19 საუკუნის განმავლობაში რუსეთის იმპერია დამპყრობლურ ბრძოლებს აწარმოებდა კავკასიაში. რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას სხვადასხვა ხალხები წინააღმდეგობას უწევდნენ. მათ შორის იყვნენ აფხაზები, აბაზგები, უბიხები და სხვა მცირერიცხოვანი ხალხები. სისხლიანი ბრძოლები გაიმართა დღევანდელი სოჭის მახლობლად, სადაც სისხლში ჩაახშვეს კავკასიელი ხალხების წინააღდეგობა. ბრძოლის ველი მათი სისხლით წითლად შეიღება, რის გამოც ამ ადგილს რუსები დღემდე „კრასნაია პოლიანას“ - წითელ ველს უწოდებენ.
 
მუჰაჯირობა რუსეთის იმპერიის დამყრობლური პოლიტიკის გაგრძელება იყო. თანამედროვე სამართლებრივი კრიტერიუმებით, რეალურად, ეს იყო ეთნოწმენდაც და გენოციდიც. დამარცხებულ კავკასიელ ხალხებს ორი არჩევანის საშუალება მიეცა - ისინი ან რუსეთის შორეულ მიწებზე - ყუბანში უნდა გადასახლებულიყვნენ, ან თურქეთში, სადაც მათ სულთანი ქვეშევრდომობას ჰპირდებოდა.

ბაგრატ შინკუბას რომანი „უკანასკნელი უბიხი“ აფხაზების მონათესავე ხალხის - უბიხების თურქეთში ძალადობრივ გადასახლებას ასახავს. პარალელურად აღწერილია აფხაზების გადასახლებაც. რომანის მთავარი გმირია 100 წლის ზაურყან ზოლაკი - ერთადერთი უბიხი, რომელსაც 1930-იან წლებში თურქეთში მივლინებით მყოფი აფხაზი ეთნოგრაფი პოულობს გადასახლებიდან 7-8 ათეული წლის შემდეგ. რომანის სიუჟეტი სწორედ მისი ნაამბობის კვალზე ვითარდება. კრიტიკოსების შეფასებით, ზაურყან ზოლაკის ბიოგრაფია, მისი სისხლიანი ისტორია „დაჭრილის კვალივით მისდევს უბიხი ხალხის ტრაგედიას“.

ბაგრატ შინკუბა 2005 წელს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. დაკრძალულია სოხუმში. ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე მას მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ მწერლებთან. ცნობილი ქართველი მწერლები - გრიგოლ აბაშიძე, ნიკა აგიაშვილი, რეზო მარგიანი, შოთა ნიშნიანიძე და სხვები მის ლექსებს თარგმნიდნენ. „უკანასკნელი უბიხი“ კი შოთა ნიშნიანიძის მეუღლემ, თამარ ჩიჯავაძემ თარგმნა და გასული საუკუნის 80-იან წლებში გამომცემლობა „მერანმა“ ორჯერ გამოსცა. თვითონ ბაგრატ შინკუბაც აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა და ქართველი მწერლების ნაწარმოებებს აფხაზურად თარგმნიდა. 

მიუხედავად იმისა, რომ 25-30 წლის წინ „უკანასკნელი უბიხი“ ქართულ ენაზე 50 000 ტირაჟით გამოიცა, დღეს იგი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა და ქართველ მკითხველს ნაკლები წარმოდგენა აქვს ამ ნაწარმოებზე. ინტერნეტში დღემდე ამ ნაწარმოების მხოლოდ რუსული ვერსია არსებობს. აფხაზურ და ქართულ ენებზე კი აქამდე მისი წაკითხვა მხოლოდ ნაბეჭდი სახით იყო შესაძლებელი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ითვალისწინებს, რომ მუჰაჯირობა არა მარტო აფხაზების, არამედ ქართველების ტრაგედიაცაა, რადგან მაშინ თურქეთში გადასახლებულთა შორის ასეულობით ქართველიც მოხვდა. ამავე დროს, მუჰაჯირებს თურქეთში დახვდნენ ის ქართველებიც, რომლებიც ოსმალური იმპერიის მიერ მიტაცებულ ისტორიულ ქართულ სოფლებში ცხოვრობდნენ. „უკანასკნელ უბიხში“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ზაურყან ზოლაკის ძმადნაფიცი ქართველი მჭედელი, დაუთი (დავითი).

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“, კამპანია „ბოდიშის“ ფარგლებში, აპირებს გამოსცეს „უკანასკნელი უბიხი“, როგორც აფხაზურ, ისე ქართულ ენაზე. თავდაპირველად დაგეგმილია ამ ნაწარმოების ორენოვანი ელექტრონული ვერსიის მომზადება, რომელიც PDF ფაილად აიტვირთება კამპანია „ბოდიშის“ ოთხენოვან საიტზე www.apsni.org . შემდგომში ნაწარმოები ერთდროულად დაიბეჭდება ორ წიგნად - როგორც აფხაზურ, ისე ქართულ ენაზე და გამოიცემა ერთი შეფუთვით.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოდის ინიციატივით, რომ ბაგრატ შინკუბას „უკანასკნელი უბიხი“ და ასევე მისი საუკეთესო ლექსები ისწავლებოდეს საქართველოს საჯარო სკოლებში. ცენტრი ასევე მიმართავს თბილისის მერიის შესაბამის სამსახურს  წინადადებით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს აფხაზი კლასიკოსის სახელი, სადაც შესაძლებელია, დაიდგას როგორც მწერლის, ასევე მისი სახელოვანი პერსონაჟის - უკანასკნელი უბიხის ძეგლები.

ფოტოსურათი თენგიზ ვერულავას ბლოგიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: მანდაური
2011-11-01 09:31
მივესალმები თქვენს ინიციაივას!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC