21:06, Wednesday, 11.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხე ემუქრება

18.11.2011

თემურ გვანცელაძე: „დედამიწის ზურგზე, არც ერთ სახელმწიფოს, გარდა საქართველოსი, არ ევალება აფხაზური ენის მოვლა-პატრონობა და მის განვითარებაზე ზრუნვა“

სალომე აჩბა

იუნესკომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაში ოფიციალურად შეიტანა.  ენათმეცნიერების მოსაზრებით, თუ  აფხაზური ენის გადასარჩენად გადამჭრელი და ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა, 20-30 წლის შემდეგ ეს ენა მხოლოდ ერთეულებსღა  ეცოდინებათ. 

მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზურ ენას გაქრობის საფრთხე აფხაზეთში მიმდინარე რუსიფიკაციის პროცესმა შეუქმნა. მეორე ნაწილის, განსაკუთრებით კი თავად აფხაზი მეცნიერების აზრით, ამის მიზეზი გასული საუკუნის შუა წლებში ქართული დემოგრაფიული და პოლიტიკური ექსპანსია გახდა. ოთხი წლის წინ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მიიღო კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“. თუმცა, ამ კანონის მიღებას აფხაზური ენის დაცვის კუთხით პრაქტიკულად არაფერი შეუცვლია - დღეს, აფხაზური ენა კვლავ გაქრობის რეალური საფრთხის წინაშეა.

აფხაზური ენისა და ანბანის ისტორიაზე, ენის გაქრობის საფრთხეზე და შექმნილი რთული ვითარებიდან  გამოსავალ გზებზე, ადამიანის უფლებათა ცენტრს დევნილობაში მყოფი  სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, ენათმეცნიერი თეიმურაზ გვანცელაძე ესაუბრა.

თეიმურაზ გვანცელაძე: აფხაზური ენა, ისევე როგორც ქართული ენა, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახში შედის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ენები საერთო წარმოშობისაა და  ჩერქეზულ, უბიხურ, ჩეჩნურ, დაღესტნის ენებთან ერთად, ერთი საერთო წინაპარი ენისაგან მომდინარეობს. დროთა განმავლობაში, წინარე იბერიულ-კავკასიური ენა დაიშალა და მათგან სავარაუდოდ ჯერ დიალექტები, შემდეგ კი ზემოჩამოთვლილი კავკასიური ენები მივიღეთ.

პირველი აფხაზური სიტყვები 1641 წელს  თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებიმ ჩაწერა.  იგი  თურქეთის ფლოტთან ერთად, შავი ზღვის სანაპიროზე მოგზაურობდა და იწერდა ყველა იმ ხალხის ენობრივი მეტყველების ნიმუშებს, რომელთანაც მოგზაურობის განმავლობაში  შეხება ჰქონდა. მის ჩანაწერებში ვხვდებით  სიტყვებს ქართულ, აფხაზურ, ჩერქეზულ და სხვა კავკასიურ ენებზე. უფრო ადრინდელი   ჩანაწერები აფხაზური სიტყვებისა,  ან წინადადებებისა, სამწუხაროდ, არ არსებობს. 

XIX საუკუნემდე აფხაზურ ენაზე მნიშვნელოვანი პრაქტიკულად არაფერი ჩაწერილა.  აი, უკვე XIX საუკუნეში ამ ენის მეცნიერული კვლევა იწყება. აფხაზური ენის პირველი მკვლევარი გახლდათ გერმანელი აღმოსავლეთმცოდნე გეორგ როზენი, რომელმაც 1846 წელს ბერლინში ასევე გამოსცა ნაშრომი ოსური ენის შესახებ. ამ ნაშრომს თან ერთვის აფხაზური ენის გრამატიკული მიმოხილვა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ამ ენის მეცნიერული კვლევა დაიწყო. აფხაზური ენის მეცნიერულ კვლევაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის რუსეთის არმიის გენერალს პეტრე უსლარს, რომელსაც აფხაზური ენა, როგორც წმინდა ლინგვისტური, ისე  პოლიტიკური კუთხითაც აინტერესებდა. აფხაზური ენის მეცნიერულ კვლევაზე როცა ვსაუბრობთ, წარმოუდგენელია, არ ვახსენოთ ქართველი განმანათლებელი პეტრე ჭარაია, რომელიც აფხაზურ სოფელში გახლდათ გაზრდილი და აფხაზურ ენას ბრწყინვალედ ფლობდა. ამ ენის შესახებ უამრავი ნაშრომი აქვს დაწერილი ნიკო მარსაც. თუმცა, ერთი რამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს - ნიკო მარის ნაშრომები თავიდანვე პოლიტიზებული იყო.  ცნობილი ფაქტია, რომ ნიკო მარი ყოველთვის ხელისუფლების ნავში ჩაჯდომას ცდილობდა. ეს ასახულია მის ნაშრომებშიც. შეიძლება ითქვას, აფხაზურ სეპარატიზმს საფუძველი სწორედ ნიკო მარის ნაშრომებიდან ჩაეყარა. ყველაზე დიდი დამსახურება კი, აფხაზური ენის კვლევის საქმეში აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძეს მიუძღვის. იგი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში აფხაზური ენის მეცნიერულად კვლევისა და აფხაზური სამეცნიერო ინტელიგენციის აღზრდის საქმეს ემსახურებოდა. 

- რას გვეტყვით აფხაზური ანბანის შესახებ. როგორც ცნობილია, რუსულ გრაფიკის გამოყენებამდე, აფხაზური ანბანი ქართულ და ლათინურ ანბანსაც ეფუძნებოდა.

-  გერმანელი მეცნიერი გეორგ რუზენი XIX საუკუნის 40-იან წლებში გამოკვლევას როცა წერდა, დადგა პრობლემის წინაშე, თუ რომელი ასოებით უნდა ჩაეწერა აფხაზური სიტყვები. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზური სიტყვები  ჩაწერილიყო არა მაგალითად, ლათინური ასოებით, არამედ - ქართულით, ვინაიდან მას მიაჩნდა, რომ ქართული ასოები აფხაზური ენის ბგერით შემადგენლობას ყველაზე ზუსტად ასახავს.

XIX საუკუნის 60-იან წლებში ივანე ბართოლომეის თავმჯდომარეობით შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელშიც  ქართული, რუსული და აფხაზური ინტელიგენციის წარმომადგენლები შედიოდნენ. ამ კომისიას აფხაზური საანბანო წიგნი უნდა შეექმნა.  ბართოლომეის კომისიის ყველა წევრიც, გეორგ როზენის მსგავსად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქართული ანბანი აფხაზური ენის ბგერით შემადგენლობას ყველაზე უფრო ზუსტად გამოხატავდა. კომისიამ აფხაზური საანბანო სახელმძღვანელოსთვის ქართული გრაფიკის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. კომისიის ეს გადაწყვეტილება რუსი გენერლის პეტრე უსლარის ყურამდე მივიდა. უსლარი აღაშფოთა  კომისიის გადაწყვეტილებამ და ბართოლომეის უჩივლა. კომისია იძულებული გახდა, უკან დაეხია და  შედეგად,  ბართოლომეის კომისიამ 1865 წელს  რუსულ გრაფიკაზე, ანუ კირილიცაზე დაფუძნებული პირველი აფხაზური საანბანო სახელმძღვანელო გამოსცა. კირილიცას საფუძველზე აფხაზური ანბანი თავად უსლარის მიერ იყო შექმნილი. სხვათა შორის, უსლარი ერთგან წერდა, რომ არა მარტო აფხაზურისთვის, არამედ კიდევ რამდენიმე კავკასიური ენისთვისაც, ყველაზე გამოსადეგი ქართული დამწერლობის პრინციპია. მიუხედავად ამისა, ის აფხაზური და სხვა კავკასიური ენების ბგერათა გადმოსაცემად ქართული გრაფიკის გამოყენების სასტიკი წინააღმდეგი იყო, და აი რატომ: ამ შემთხვევაში იგი აზროვნებდა როგორც რუსეთის არმიის გენერალი და მიიჩნევდა, რომ ქართული ანბანის აფხაზურ ენაში გამოყენებით, ამ რეგიონში რუსიფიკაციის პროცესს დაბრკოლება შეექმნებოდა. უსლარის ანბანი 1926 წლამდე გამოიყენებოდა. თუმცა, აქ სიტყვა „გამოიყენებოდა“ პირობითია, რადგან ამ პერიოდში, პრაქტიკულად, თითებზე ჩამოსათვლელია იმ გამოცემათა რაოდენობა, რომელიც აფხაზურ ენაზე გამოიცა, კირილიცას საფუძველზე უსლარის მიერ შექმნილი აფხაზური ანბანით.

1926 წელს, საბჭოთა კავშირში მიმდინარე ანბანთა ლათინიზაციის კამპანიის კონტექსტში აფხაზური ენა ლათინურ ანბანზე გადაიყვანეს. ამ ლათინიზებული ანბანის ავტორი ნიკო მარი გახლდათ. უნდა ითქვას, რომ ეს ანბანი თავად აფხაზებისთვისაც საკმაოდ რთული გამოდგა, რადგანაც 70 ზე მეტ ნიშანს მოიცავდა და ბევრი ასო ერთმანეთს მოხაზულობით ძალიან ჰგავდა, ენის შემსწავლელებს მათი ერთმანეთისგან გარჩევა უჭირდათ. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, ნიკო მარის ანბანი მხოლოდ ორი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. 1928 წელს კი ეს ანბანი შეიცვალა პროფესორ ნიკოლაი იაკოვლევის მიერ შექმნილი სხვა ანბანით, რომელიც წინამორბედის მსგავსად ლათინიზებულ ანბანთა რიცხვს განეკუთვნებოდა. ეს ანბანი ათი წლის განმავლობაში გამოიყენებოდა.

1937 წელს ლათინიზებული აფხაზური ანბანი ქართული გრაფიკით ჩანაცვლდა და ეს დამწერლობა 1954 წლამდე მოქმედებდა. მრავალი მეცნიერის აზრით, აფხაზური ენისთვის ყველაზე ზუსტი და შესაფერისი სწორეს ქართული გრაფიკა იყო. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ აზრზე იდგა გეორგ როზენი, აგრეთვე - აფხაზური ენის ერთ-ერთი უდიდესი მკვლევარი პეტრე ჭარაია, რუსი გენერალი პეტრე უსლარი, რომელიც ქართული ანბანის გამოყენების წინააღმდეგი მხოლოდ პოლიტიკური მოტივიდან გამომდინარე იყო. გარდა ამისა, ამ აზრზე იდგა ბევრი აფხაზი მოღვაწეც, მათ შორის - დიმიტრი გულიაც. 

1937 წელს ლათინიზებული ანბანის ქართულით ჩანაცვლების საკითხი კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის კონფერენციაზე დაისვა. ეს საკითხი თავად აფხაზმა მოღვაწეებმა დასვეს. აგრეთვე, ამ საკითხის დასმა ეხმიანებოდა რუსეთის ხელისუფლების დადგენილებას, რომლის მიხედვითაც, საბჭოთა სივრცეში  XX საუკუნის 20-30-იან წწ. ლათინიზებულ გრაფიკაზე გადაყვანილი სამწიგნობრო ენების ანბანი უნდა გადასულიყო იმ მოკავშირე რესპუბლიკის დამწერლობაზე, რომლის გეოგრაფიულ სივრცეშიც ამა თუ იმ კონკრეტული ხალხების საცხოვრებელი შედიოდა. ამ დადგენილებით, აფხაზური და ოსური ენა ქართულ გრაფიკაზე უნდა გადაყვანილიყო. ეს გადაწყვეტილება თბილისში არ მიღებულა. საინტერესოა, რომ პარალელურად, სომხეთში, სომხურ დამწერლობაზე გადაიყვანეს ქურთული ენა. იმ, სხდომას, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აფხაზური ენის ლათინიზებული ანბანი ქართულ ანბანს უნდა ჩაენაცვლებინა, მთელი აფხაზური ინტელიგენცია - მწერლები, ჟურნალისტები, ენათმეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ. ამ სხდომის ოქმებიდან კარგად ჩანს, რომ ისინი მხარს უჭერდნენ და იწონებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამ ოქმებში შემონახულია ენათმეცნიერ სიმონ ჯანაშიას მიერ სხდომაზე წარმოთქმული შესავალი სიტყვა, რომელშიც იგი ამბობს, რომ ჩვენ ქართველი მეცნიერები, ამ შემთხვევაში, მხოლოდ კონსულტანტები ვართ და ლათინიზებული ანბანის ქართულით ჩანაცვლების საკითხი უნდა განიხილოს მან, ვინც ეს საკითხი დასვა - ანუ აფხაზებმაო.  საბოლოო ჯამში, ქართველი, აფხაზი და რუსი მეცნიერების მიერ შეჯერებული, ქართულ გრაფიკაზე დაფუძნებული ანბანის ვარიანტი დამტკიცდა და ეს ანბანი 1954 წლამდე გამოიყენებოდა.

ასე რომ, აბსოლუტურად მცდარია და არავითარ დოკუმენტურ მასალას არ ემყარება ზოგიერთი აფხაზი მოღვაწის განცხადება იმის თაობაზე, რომ აფხაზური ენის ქართულ გრაფიკაზე გადაყვანა  აფხაზების გაქართველების საქმეს ემსახურებოდა.

1954 წელს კი, ისევ უსლარის მიერ შედგენილი დამწერლობა დაბრუნდა, მცირეოდენი ცვლილებებით.

- როგორც იცით, იუნესკომ აფხაზური ენა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაში შეიტანა. თქვენ, როგორც ამ ენის მკვლევარი, რამდენად რეალურად მიიჩნევთ ამ საფრთხეს?

- ამ საფრთხეს ხედავს ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, ვისაც შეხება აქვს აფხაზურ ენასთან. ენის გაქრობის საფრთხეზე თავად აფხაზებიც ბევრს საუბრობენ. დედამიწის ზურგზე, არც ერთ სახელმწიფოს, გარდა საქართველოსი, არ ევალება ამ ენის მოვლა-პატრონობა და მის განვითარებაზე ზრუნვა. ის ფსევდოსახელმწიფო, რომელიც რუსეთმა თავისი მიზნებიდან გამომდინარე დამოუკიდებლად სცნო, აფხაზური ენისა და კულტურის განვითარებით დაინტერესებული არაა.

დღეს აფხაზეთის განათლების სისტემა წარმოადგენს საბჭოთა სისტემის გაგრძელებას. თავის მხრივ, ეს საბჭოთა განათლების სისტემა ცარიზმის დროინდელი სისტემის გაგრძელებაა. ცარიზმის დროს, მეფის რუსეთმა სამრევლო სკოლებისთვის გარკვეული წესები  შეიმუშავა. ამ წესების მიხედვით, არარუსული მოსახლეობა განათლებას პიველ ეტაპზე მშობლიურ ენაზე იღებდა, რუსულის გაძლიერებულ სწავლებასთან ერთად. შემდეგ ეტაპზე კი სწავლება მთლიანად რუსულ ენაზე გადადიოდა. ამ ფორმით ხდებოდა არარუსულენოვანი ხალხების გარუსება. ცარიზმის დროს შემუშავებულ განათლების  სისტემას საბჭოთა ხელისუფლებაც ძალიან აქტიურად იყენებდა. სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს აფხაზეთში  ზუსტად იგივე საგანმანათლებლო სისტემაა, რაც მეფის რუსეთსა და საბჭოთა კავშირში მოქმედებდა - მეოთხე კლასამდე მოსწავლეები აფხაზურად სწავლობენ და პარალელურად რუსული ენის გაძლიერებული კურსი უტარდებათ, მეხუთე კლასიდან კი მთლიანი სასწავლო სისტემა რუსულ ენაზე გადადის. შედეგად ვიღებთ იმას, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ აფხაზმა ბავშვმა, პრაქტიკულად,  საერთოდ არ იცის აფხაზური ენა და მისი სააზროვნო სისტემა მთლიანად რუსულ ენაზეა მორგებული. დღეს აფხაზების სრული უმრავლესობა საკომუნიკაციოდ და ინფორმაციის მისაღებად იყენებს არა აფხაზურს, არამედ რუსულს. ძველი თაობა, რომელმაც კარგად იცოდა აფხაზური, წავიდა. ახალმა თაობამ კი, რომელიც განათლებას ამგვარი უკუღმართული სისტემით იღებს, საერთოდ აღარ იცის მშობლიური ენა. შემიძლია გითხრათ, რომ მე ბევრად უფრო კარგად ვფლობ ამ ენას, ვიდრე ბევრი აფხაზი.

აფხაზეთში აფხაზური ენის ცოდნა პოპულარული აღარაა. აფხაზი მშობლები  შვილებს განათლებას მხოლოდ რუსულ ენაზე აძლევენ, რადგანაც აფხაზური ენა პრესტიჟული აღარაა და აღარ აქვს პრაქტიკული გამოყენება. ასე თუ გაგრძელდა, შედეგად მივიღებთ გარუსებულ აფხაზებს და უახლოეს 20 წელიწადში აფხაზური ენა მხოლოდ ერთეულებსღა ეცოდინებათ.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- სანამ აფხაზეთში აფხაზური სკოლა არ გახდება მთლიანად აფხაზური პირველი კლასიდან ბოლო კლასამდე, სანამ ამას არ დაემატება მთლიანად აფხაზურენოვანი საუნივერსიტეტო განათლება, მანამ აფხაზური ენა კვლავ იქნება გაქრობის საფრთხის წინაშე. დღეს სოხუმში ყველა უმაღლეს სასწავლებელში, ყველა სპეციალობაზე, გარდა ფილოლოგიის ფაკულტეტისა, სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დროს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წინაშე პირადად მე  დავსვი საკითხი აფხაზურ სკოლაში განათლების ბოლომდე აფხაზურ ენაზე წარმართვის შესახებ. რომ იტყვიან, შავი დღე მაყარეს - შენ  ვინ გეკითხებაო.

- რისი გაკეთება შეუძლია ამ მძიმე ვითარებაში, აფხაზური ენის გადასარჩენად ქართულ მხარეს?

- რადგან ჩვენ კონსტიტუციაში დავწერეთ, რომ აფხაზური ენა, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთად, არის სახელმწიფო ენა, ეს ჩვენ  გვაკისრებს გარკვეულ მოვალეობებს და სხვათა შორის, არა მხოლოდ ენგურს იქით, არამედ ენგურს აქეთაც. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს, რომ აფხაზური ენა, კულტურა და იდენტობა საბოლოოდ არ გაქრეს.

ვფიქრობ, ქართული მხარე ვალდებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი და შესაბამისი დოკუმენტაცია თარგმნოს და გამოსცეს აფხაზურ ენაზე, რათა მისი გაცნობის საშუალება აფხაზურ საზოგადოებასაც ჰქონდეს. სამწუხაროდ, ამას საქართველოს პარლამენტი არ აკეთებს. მე ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლებაში ამაზე ვინმე ფიქრობს. შესაძლოა, ვერც კი ხვდებიან, რომ ეს აუცილებელია.

ენგურს გადმოღმა აფხაზური ენის პრაქტიკულად მცოდნე, თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანების გარდა, თითქმის არავინ გვყავს. არც არავინ ზრუნავს, რომ ასეთი სპეციალისტები გაიზარდონ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენ  საბაკალავრო პროგრამა გვაქვს აფხაზურ ფილოლოგიაში, მაგრამ ხელშეწყობა არ არის. მე ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის არარსებობაზე ვსაუბრობ და არა უნივერსიტეტის მხრიდან, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე აფხაზური ენის სპეციალობაზე მხოლოდ ოთხი სტუდენტი გვყავს. გარდა ამისა, არჩევითი საგნის სახით, ყოველწლიურად 20-30 სტუდენტი მაინც ისმენს ერთსემესტრიან კურსს აფხაზური ენაში, მაგრამ ბუნებრივია, ერთ სემესტრში პრაქტიკულად წარმოუდგენელია იმგვარი რთული ენის შესწავლა, როგორიც აფხაზურია.

სტუდენტის წინაშე როცა დგება საკითხი, თუ რომელი სპეციალობა აირჩიოს, ის ფიქრობს: თუ მე ავირჩევ აფხაზურ ფილოლოგიას, მაშინ რაში გამოვიყენებ ამ სპეციალობას?! დიახ, სტუდენტები არ ირჩევენ აფხაზური ენის სპეციალობას, რადგან სახელმწიფოს მხრიდან ამ ენით დაინტერესებას ვერ ხედავენ. სტუდენტმა რომ იცოდეს, არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც თარგმნის ქართულ კანონმდებლობას აფხაზურ ენაზე და მას უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აქვს შანსი, დასაქმდეს ამ სამსახურში, რასაკვირველია, სპეციალობად აფხაზური ენის არჩევის მეტი სტიმული მიეცემა.

მე რომ აფხაზი ვიყო, ვცხოვრობდე სოხუმში და მუდმივად მესმოდეს ქართველთა რიტორიკა: აი, ბატონო,  ჩვენ ვზრუნავთ თქვენი ენისა და კულტურის განვითარებაზეო, გამიჩნდებოდა კითხვა: კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს? ქართველი, ალბათ, მიპასუხებდა: აი, კონსტიტუციაში ხომ გვიწერია, რომ აფხაზური ენა არის სახელმწიფო ენა, აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქართულთან ერთადო. ამაზე კვლავ კითხვითვე ვუპასუხებდი: და მერე?!.. მერე რა?!.. კონკრეტულად, რა საქმით გამოიხატა ის, რომ თქვენ პატივი ეცით აფხაზურ ენას?!

დაახლოებით სამი წლის წინ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავსვი საკითხი, შექმნილიყო აფხაზური ენისა და კულტურის ინსტიტუტი, რომელიც იმუშავებდა სწორედ იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. თქვენ ვერ წარმოიოდგენთ, ჩემმა კოლეგებმა რა დღე მაყარეს. ამ საკითხით არც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დაინტერესებულა. არადა, თსუ-ს  საკმაო ფინანსური რესურსი ჰქონდა ამ იდეის ხორცშესხმისთვის.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა ისწავლებოდეს აფხაზური ენა?

– მე არ ვფიქრობ, რომ ეს ენა სავალდებულო საგნად უნდა ისწავლებოდეს სკოლებში. თუმცა, არჩევითი საგნის სახით,  ვფიქრობ, კარგი იქნება აფხაზური ენის სწავლების შემოღება. ეს განსაკუთრებით იმ რეგიონებშია საჭირო და აუცილებელი, რომლებსაც აფხაზებთან უშუალო შეხება აქვთ.

მოგეხსენებათ,  ბათუმში და მის მიმდებარე სოფლებში 1500-ამდე აფხაზი ცხოვრობს. ისინი XIX საუკუნეში აფხაზეთიდან გამოძევებული მუჰაჯირების შთამომავლები არიან. აჭარაში მცხოვრები აფხაზები მშობლიურ ენას ნელ-ნელა ივიწყებენ. წელს მე და ჩემს თანამშრომლებს, გაეროსა და ევროკავშირის გრანტის საფუძველზე, მათი ენობრივი, ეთნიკური და კულტურული იდენტობის შესწავლის საშუალება მოგეცა.  შესაბამისი  ნაშრომებიც გამოვეცით, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა. საჭიროა,  სახელმწიფომ ამ ადამიანებს სათანადო პირობები შეუქმნას, რომ მათ სამუდამოდ არ დაივიწყონ თავიანთი მშობლიური ენა. სამწუხაროდ, იქ ამ მიმართულებით არაფერი კეთდება. ერთადერთი, რაც თვითონ იქაურმა აფხაზებმა გააკეთეს, არის ის, რომ გახსნეს აფხაზური საკვირაო სკოლა, სადაც ქართველებიც დადიან და აფხაზებიც და აფხაზურ ენას სწავლობენ. თუმცა, საკვირაო სკოლა ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს, კვირაში ერთხელ შეკრებით და ორი საათის მეცადინეობით ენას ადამიანი ადვილად ვერ ისწავლის, მით უფრო - რთული სისტემის მქონე ენას.

ბათუმში აუცილებად უნდა შეიქმნას აფხაზური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელსაც კარგი დაფინანსება უნდა ჰქონდეს. ჩვენ უნდა დავანახოთ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზებს, რომ მათი თანამოძმეების - აჭარაში მცხოვრები აფხაზების ენასა და კულტურაზე რეალურად ვზრუნავთ. ისინი როცა დაინახავენ, რომ ბათუმში გაიხსნა აფხაზური ენისა და კულტურის ცენტრი, სადაც ადამიანებს საშუალება ექნებათ ისწავლონ აფხაზური ენა, ფოლკლორი, სიმღერები, ცეკვა, მოაწყონ გამოფენები და სხვა. აი, მაშინ აფხაზეთში მცხოვრები აფხაზებიც დაიჯერებენ, რომ ჩვენ მართლა ვზრუნავთ მათ კულტურაზე და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არაა. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ გვინდა აფხაზების შემორიგება. თუ ეს ნამდვილად გვინდა, ამისთვის ქმედითი ნაბიჯებიც უნდა გადავდგათ.

გარდა ამისა, მე ვფიქრობ, რომ საჯარო დაწესებულებებში უნდა არსებობდნენ აფხაზური ენის კვალიფიციური თარჯიმნები. თუ აფხაზი მოქალაქე აფხაზურენოვანი განცხადებით მიმართავს სახელმწიფო დაწესებულებას, მის თანამშრომლებს უნდა შეეძლოთ ამ განცხადების წაკითხვა, გაგება და  მოქალაქისთვის აფხაზურადვე პასუხის გაცემა.

დღეს აფხაზ ხალხს აფხაზური ენისა და კულტურის გადარჩენის საშუალება არ აქვს, ამის უფლებას მათ მოსკოვი არ აძლევს. ჩვენ მხარეს კი ამ კუთხით ბევრი რამის გაკეთება ევალება. ენგურის ხიდზე რაღაც ღონისძიებების ჩატარებით, ცაში ბუშტების გაშვებით, კოცონის დანთებით და მხოლოდ იმის ძახილით: „აფხაზები ჩვენი ძმები არიან“, საქმე არ გამოვა. ასე ვერც აფხაზურ ენას გადავარჩენთ, და ვერც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ვუშველით რამეს.

მთელი ჩემი ცხოვრება აფხაზეთთან, აფხაზურ ენასთან, კულტურასთან და აფხაზ ხალხთან მაქვს დაკავშირებული და გული მტკივა ამ რთულ ვითარებაზე. ორმოცი წელიწადია, ამ საქმეს ვემსახურები და აბსოლუტურად არაფერი იცვლება. როგორი კამპანიური მიდგომაც იყო საბჭოთა ხელისუფლების დროს აფხაზეთის საკითხისადმი, იგივე მიდგომაა დღესაც.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ქეთევან
2015-01-22 01:20
რაც ხელგვეწიფება, გავაკეთოთ და რაც არა, იმაზე პასუხს არავინ მოგვთხოვს. ასეთი „მინიატურული“ მრავალფეროვნება (წინა კომენტარს ვეხმაურები)დედამიწის მარილია. ეგრე ჩვენც საშიშროების წინაშე ვდგავართ - საუკუნეზე მეტია, აღარ ვმრავლდებით და 50-70 წელიწადში რა გველის, ამის წარმოდგენა ძნელი არ არის. საქართველო ერთ პატარა ჩინურ სოფელზე დიდი არ არის. ასე რომ, ჯობს, თავსაც დავეხმაროთ და სხვასაც - თუ გვაქვს თავი :) :)
სახელი: გამვლელი
2014-08-04 18:07
ეგღა გვადარდეთ რა,აფსუური კიარა შუმერული გაქრა და არავინ გადაყოლია ზედ.ცოტა ადრე რომ გადაშენებულიყო დღეს ეს პრობლემა არ იქნებოდა.ფაქტია რუსეთში შემავალი ასეთი მინიატურული ხალხები თავიანთი ენებითურთ 1-2 საუკუნეში სრულიად გარუსდებიან.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC