15:12, Saturday, 30.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ეროსი „მაესტროს“ მიღმა

05.12.2011

ალექსი ბეჟანიშვილი

ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლებმა და მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა ეროსი კიწმარიშვილმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოლაპარაკება ტელეკომპანიის ოფისში 1 დეკემბერს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონსულტაციებში მედიატორის როლს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ასრულებდა. თუმცა, ორგანიზაციამ დაპირისპირებული მხარეების მორიგება ვერ შეძლო.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შენობის დატოვების შესახებ. მან თანამშრომლებთან ერთად ტელეკომპანიის ოფისი დატოვა და თან წაიღო აპარატურაც. მათ რადიო „მაესტროში“ გადაინაცვლეს, რომლის სტუდიიდანაც ტელეკომპანია „მაესტრო“ მაუწყებლობას განაახლებს.

„იმის შანსი, რომ ეროსი კიწმარიშვილმა „მაესტროს“ მაუწყებლობა პარალელურ რეჟიმში ჩართოს, ნული პროცენტია. თუ კიწმარიშვილი ამას რაიმე მექანიზმებით მაინც მოახერხებს, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება“, - განუცხადა მამუკა ღლონტმა საინფორმაციო სააგენტო „პირველს“.

ღლონტის განცხადებით, „მაესტროს“ სიხშირეზე ლიცენზიას მმართველი კომპანია არ ფლობს. შესაბამისად, კიწმარიშვილს არა აქვს უფლება, ამ სიხშირეზე გავიდეს.

ტელეკომპანია „მაესტროში“ არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ნოემბერს, დაახლოებით 07.15 საათზე შენობაში ეროსი კიწმარიშვილი რამდენიმე პირთან ერთად შევიდა. თანამშრომლებს მუშაობის დაწყების საშუალება არ ჰქონდათ. თავდაპირველად გათიშული იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერიც. მოგვიანებით რამდენიმე დამფუძნებელმა და თანამშრომელთა ნაწილმა შენობაში შეაღწია, ერთ-ერთი ოთახი დაიკავა და მაუწყებლობა აღადგინა. მათ ოთახის კარი ჩაკეტილი ჰქონდათ, რათა შენობის მეორე ნაწილში მყოფ ეროსი კიწმარიშვილს და მის რაზმს იქ არ შეეღწია და არ შეეშალა ხელი მაუწყებლობისათვის. 

ამასთან, ეროსი კიწმარიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა მთავარი პროდიუსერი მამუკა ღლონტი, გენერალური დირექტორი ილია კიკაბიძე, აგრეთვე, ლევან ჩიკვაიძე, რომლებიც ამავდროულად არხის დამფუძნებლები არიან. თავის მხრივ, არხის დამფუძნებლებმა კონტრაქტი შეუწყვიტეს არხის მმართველ კომპანიას, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი წარმოადგენს.

რადიო „მაესტროში“ ტელეკომპანიის გადატანის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზად მამუკა ღლონტმა კიწმარიშვილისგან მოსალოდნელი პროვოკაციის საფრთხე დაასახელა. „მაესტროს“ გენერალური პროდიუსერი არ გამორიცხავს, რომ ეს პროვოკაციები, შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს: „გვქონდა მოლაპარაკებები, რომელიც ფიასკოთი დამთავრდა. მზად ვიყავით გარკვეულ დათმობებზე წავსულიყავით, მაგრამ ეროსი კიწმარიშვილმა მოინდომა ან ყველაფერი ან არაფერი, რასაც ვეწინაღმდეგებით“.

ღლონტის განცხადებით, ტელეკომპანიის შენობის დატოვება არ ნიშნავს, რომ „მაესტრო“ მაუწყებლობას შეწყვეტს. მისი თქმით, „მაესტრო“ გააგრძელებს ფუნქციონირებას, ოღონდ სხვა შენობაში, ეროსი კიწმარიშვილთან დავა კი სამართლებრივ ჭრილში გადავა.

თავის მხრივ, ეროსი კიწმარიშვილმა მამუკა ღლონტი ისტერიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით, ღლონტმა შენობიდან წაიყვანა „სრულიად დაბნეულ მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტები“ და გაიტაცა იმ ტელეკომპანიის აპარატურა, რომელშიც მას 4,5 მლნ ლარი აქვს მოზიდული.

როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ღლონტმა ყველაფერი გააკეთა, რათა შეექმნა ისტერიულად პროვოკაციური სიტუაცია, მმართვის კომპანია ჩვეულებრივად გააგრძელებს იმ საქმიანობას, რასაც 30 ნოემბრამდე აწარმოებდა.

მისი მტკიცებით, მან ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებისთვის, თუმცა, მოლაპარაკება არ შედგა. „მაესტროს“ დამფუძნებლებმა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ აზროვნების უნარი დაკარგეს. მათ მართვის კომპანიის ჩანაცვლებისა და სხვა ფინანსების მოზიდვის ცდუნება გაუჩნდათ“, - განაცხადა კიწმარიშვილმა და დასძინა, რომ „მაესტროსთვის“ ბრძოლას სასამართლოს გზით გააგრძელებს.

ეროსი კიწმარიშვილმა კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასაც მიმართა და სთხოვა, არ მიეცა „მაესტროსთვის“ სხვა ოფისიდან მაუწყებლობის განახლების უფლება.

საპასუხოდ, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიის პრესსპიკერმა ხატია ყურაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიასა და მმართველ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულებას მიხედვით, „მაესტროს“ მაუწყებლობის ლიცენზია ვერც ერთ შემთხვევაში ვერ აღმოჩნდება მმართველი კომპანიის ხელში.

„ტელეკომპანია „მაესტროს“ აქვს სიხშირე, რომლითაც მაუწყებლობის განხორციელება შეუძლია მოძრავი სადგურის მეშვეობით. „მაესტროს“ მაუწყებლობა საფრთხის წინაშე არ დგას, რადგან ფლობს სიხშირეს, რითაც მაუწყებლობის განხორცილება შეუძლია ნებისმიერი წერტილიდან. რაც შეეხება შპს „რუსთავის მედიის მართვის კომპანიის“ წერილობით თხოვნას, კომისია განმარტავს, რომ არასდროს არ ერეოდა და არ ერევა მაუწყებლის ტრანზიტის განმახორციელებელ საკაბელო ოპერატორების საქმიანობაში. საკაბელო ოპერატორები მაუწყებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, დამოუკიდებლად განსაზღვრავენ მათ საკაბელო ქსელში ჩასასმელ სამაუწყებლო არხებს“, - განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია თვალ-ყურს ადევნებს ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და ვინაიდან მხარეებს შორის დაპირისპირება არ ნელდება, მათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მხოლოდ სამართლებრივი გზით გადაწყვიტონ არსებული დავა.

„ასევე მოვუწოდებთ მათ, მისცენ საშუალება ტელეკომპანიის ჟურნალისტებს, საკუთარი პროფესიული საქმიანობა თავისუფალ და მშვიდ გარემოში შეასრულონ. ვიმეორებთ, რომ ნებისმიერ დაპირისპირებასა თუ ფინანსური სახის საკითხზე მაღლა უნდა დადგეს მედიის დამოუკიდებლობა“, - დასძინა ხატია ყურაშვილმა.

დიდი სამართლებრივი პერსპექტივა არა აქვს ეროსი კიწმარიშვილის საჩივარს სასამართლოშიც. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა თამარ კორძაიამ განუცხადა. მისი თქმით, „მაესტროში“ გამართული შეხვედრისას ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა თქვეს, რომ ინვენტარი მათ ეკუთვნით და არა - მმართველ კომპანიას, შესაბამისად, ეროსი კიწმარიშვილის საჩივარს პერსპექტივა არა აქვს.

1 დეკემბერს „მაესტრომ“ ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ პროკურატურასა და თბილისის შს მთავარ სამმართველოში განცხადებები შეიტანა. მთავარ სამმართველოში წარდგენილ განცხადებაში კიწმარიშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, ტელეკომპანიაში უკანონოდ შეჭრასა და არხის მაუწყებლობის შეფერხებაშია დადანაშაულებული. პროკურატურაში წარდგენილი განცხადებით, სტუდია „მაესტრო“ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ითხოვს.

„მაესტროში“ იმედოვნებენ, რომ პროკურატურა მომხდარის გამო კიწმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავს.

„მე ჯერ დაბალი კოზირებითაც არ დამიწყია თამაში, ჩვეულებრივი კარტებით ვთამაშობ“... „ბიძინა ივანიშვილისგან ან კოტე გოგელიასგან დაიმედებულები, ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მომტეხონ!“ „რაც ზემოთ ვარ, ორი იმდენი მიწის ქვემოთ ვარ. ღლონტისგან განსხვავებით მე ქვემოთ გავიზარდე, რაღაც-რაღაცები კიდევ მაქვს შემონახული“, - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა „კვირის პალიტრასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

თუ რა მოქმედებებს აპირებს „რუსთავის მართვის კომპანია“ სამომავლოდ, უახლოეს დღეებში გამოჩნდება. მანამდე კი „მაესტრო“ მაუწყებლობას ეროსის გარეშე აგრძელებს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC