კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მედვედევის თქმით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაძლიერებულ რუსულ სამხედრო ბაზებს მოწინააღმდეგისათვის „განუზომელი ზიანის“ მიყენება შეუძლია

7 თებერვალი, 2012

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, საქართველოში ესმით, რომ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაძლიერებულ რუსულ სამხედრო ბაზებს მოწინააღმდეგისათვის „განუზომელი ზიანის“ მიყენება შეუძლია.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, მედვედევმა ეს მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს „რემილიტარიზაციის“ თაობაზე დაუსვეს შეკითხვა და თხოვეს, არ დაევიწყებინა თბილისიდან მომდინარე საფრთხე.

მედვედევის თქმით, საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაძლიერება რუსული სამხედრო გეგმების შემუშავებისას მხედველობაში არის მიღებული. „გულახდილად რომ გითხრათ, ეს მილიტარიზაცია არ შეჩერებულა ე.წ. ხუთდღიანი ომის შემდეგაც. უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა მონაცემები, რომ პრაქტიკულად მალევე როგორც აშშ–ის ადმინისტრაციის ხაზით, ისე რამოდენიმე სხვა [ქვეყნის] ხაზით, სხვათა შორის, ზოგიერთი ჩვენი ახლო მეზობლის მხრიდან, გრძელდებოდა სხვადასხვა ტიპის შეიარაღების მიწოდება“, – განაცხადა მან 6 თებერვალს მხარდამჭერთა საზოგადოებრივ კომიტეტთან შეხვედრაზე.

„სწორედ ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით, გაგვეძლიერებინა სამხედრო ბაზები, რომელიც მდებარეობს აფხაზეთის ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მან.

რუსული წყაროების თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო ბაზებზე მოსკოვის არსენალში შედის T-90S ტიპის საბრძოლო ტანკები, „სმერჩის“ საარტილერიო სისტემა, „ტოჩკა–უ“–ს ტიპის ოპერატიულ–ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი და ხმელეთი-ჰაერი საჰაერო თავდაცვის სისტემა „ბუკი“. რუსეთმა აფხაზეთში ასევე განათავსა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი ს-300.

„ახლა ისინი [სამხედრო ბაზები] ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ შეუძლიათ ყველაზე მძლავრად დაიცვან ამ ორი პატარა ქვეყნის ინტერესები და შესაბამისად რუსეთის ინტერესები. იქ საკმარისი სხვადასხვა შეიარაღებაა, რომლებსაც შესწევთ უნარი ნებისმიერ თავდამსხმელს მიაყენონ განუზომელი ზიანი და ეს მათ ესმით, შეშლილ სააკაშვილსაც კი ესმის ეს“, – განაცხადა მედვედევმა.

მან იქვე აღნიშნა, რომ მოსკოვს არ შეუძლია, რომ სხვა ქვეყნებს საქართველოსთვის იარაღის მიყიდვა აუკრძალოს, თუმცა იქვე დასძინა, რომ მსგავს მცდელობას ადგილი ჰქონია.

„ჩვენ ამის შესახებ ღიად ვსაუბრობთ. არ დავმალავ, რომ რამოდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელობასთან მე უბრალოდ სპეციალურად ვილაპარაკე ამ თემაზე: ‘რას აკეთებთ? ეს უბრალოდ სახიფათოა, მაგრამ, რა თქმა უნდა, სრულად ჩვენ ამის აკრძალვა არ შეგვიძლია, და ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ სამომავლო პოლიტიკაში. მაგრამ არანაირი სისუსტე აქ არ არის. ეჭვიც კი არ შეგეპაროთ. ყველაფერი რიგზეა“, – განაცხადა მედვედევმა.

იმავდროულად, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არსებობს საქართველოსთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენის სურვილი და პოზიტიურ მაგალითად მოიყვანა საჰაერო მიმოსვლის განახლება ორ ქვეყანას შორის.

„ჩვენ გვაქვს მათთან გარკვეული სავაჭრო საკითხები. თქვენ იცით, რომ რაღაც მომენტში ჩვენ ვკრძალავდით გარკვეული ტიპის პროდუქტების შემოტანას ჩვენს ტერიტორიაზე, იყო სხვა პრობლემებიც“, – განაცხადა მან, „ვფიქრობ, რომ ჩვენს მეზობელთან ცივილიზებული დიალოგის ფარგლებში ჩვენ ეს ურთიერთობები მშვიდად უნდა დავამყაროთ, სადაც შესაძლებელია, ავაღორძინოთ სავაჭრო ბრუნვა“.

სივილ ჯორჯია

ახალი ამბები