20:47, Tuesday, 20.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რა იცვლება სასამართლო სისტემაში ახალი კანონპროექტებით

15.02.2012

თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთი

საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მოსამართლის მიერ სასამართლო განხილვისას კანონის უხეში დარღვევა დისციპლინურ დარღვევად არ ჩაითვლება.

საქართველოს პარლამენტის წევრებმა უმრავლესობიდან - პავლე კუბლაშვილმა, კახაბერ ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ – რამდენიმე დღის წინ პარლამენტში სამი კანონპროექტი წარადგინეს, რომლებიც ქართულ სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს. იურისტების შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტების ამჟამინდელი ფორმით მიღება სასამართლო სისტემას ვერ გააუმჯობესებს.

წარმოდგენილი კანონპროექტები ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს, მოსამართლეთა მივლინებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს.

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა

„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე წარმოდგენილ კანონპროექტში ამოღებულია ამჟამად მოქმედი კანონის მეორე მუხლის „ა“ და „კ“ ქვეპუნქტები.

კანონპროექტის მიხედვით, მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იქნება უფლებამოსილი, განახორციელოს წინასწარი შემოწმება და დისციპლინური საქმის გამოკვლევა. კანონპროექტის თანახმად, დისციპლინური გადაცდომის სახეებიდან ხდება კანონის უხეში დარღვევისა და შრომის დისციპლინის დარღვევის ამოღება. კანონპროექტი ითვალისწინებს დისციპლინური საჩივრის წარდგენისათვის სპეციალური ფორმის დადგენას, ამასთან - საჩივრის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას.

განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტის მიზანია, მოახდინოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის კიდევ უფრო დახვეწა და მოდერნიზაცია, უზრუნველყოს სამართალწარმოების პროცესის მეტი გამჭვირვალობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედ კანონში ჩაწერილი დისციპლინური გადაცდომის სახეებიდან კანონის უხეში დარღვევისა და შრომის დისციპლინის დარღვევის ამოღება ნეგატიური გადაწყვეტილებაა.

„მეორე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ეს ითვალისწინებდა დისციპლინური გადაცდომის სახეებს, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ერთ-ერთი სახე იყო მოსამართლის მიერ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისას კანონის უხეში დარღვევა. კანონის უხეშ დარღვევად იგულისხმება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევა, რომელმაც არსებითი ზიანი მიაყენა, ან შეეძლო მიეყენებინა პროცესის მონაწილე მესამე პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისთვის“, - უთხრა „ნეტგაზეთს“ ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, კანონის უხეში დარღვევა მოსამართლის მიერ დისციპლინურ დარღვევად უნდა ჩაითვალოს და მოსამართლე ვალდებულია, კანონი დაიცვას. ნახი ჯანეზაშვილის შეფასებით, ასევე, გაუმართლებელია გადაცდომის სახეებიდან შრომის დისციპლინის დარღვევის ამოღება.

აღნიშნულ საკითხს პრობლემურად მიიჩნევს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი სოფო ვერძეული. მისივე შეფასებით, არანაკლებ მნიშვნელოვანია  სადისციპლინო კოლეგიის დაკომპლექტების წესი, რომელიც განიხილავს მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.

„ვფიქრობდით, რომ აქ არის ძალიან ცალსახა ინტერესთა კონფლიქტი იმიტომ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც მოსამართლეს მისცემს დისციპლინურ პასუხისგებაში. თუმცა, შემდეგ ორგანო, რომელიც საქმეს განიხილავს, არის სადისციპლინო კოლეგია. სადისციპლინო კოლეგია კომპლექტდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისგან და ვფიქრობთ, აქ არის ზუსტად ინტერესთა კონფლიქტი. არ შეიძლება პასუხისგებაში მიმცემი ორგანოს მიერ კომპლექტდებოდეს ის ორგანო, რომელიც განიხილავს არსებითად საქმეს. თუმცა ეს საკითხი არ გაითვალისწინეს“, - აცხადებს სოფო ვერძეული.

წარმოდგენილ კანონპროექტში  წერია, რომ მოსამართლისათვის სამართლებრივი გარანტიების განმტკიცების მიზნით დაუშვებელია ერთსა და იმავე საკითხზე სამართალწარმოების დაწყება, ხოლო სამართალწარმოების დაწყებამდე ჩატარდება წინასწარი შემოწმება. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელი ხდება მოსამართლის მიერ გამოტანილი სასამართლო აქტის კანონიერების შემოწმება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

სასამართლოების დამოუკიდებლობის კონტექსტში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს სოფო ვერძეულს მთავარ პრობლემად მიაჩნია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახლანდელი წესი. მოქმედი კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს ამჟამად ერთპიროვნული უფლებამოსილება, რომ დაასახელოს ის მოსამართლე წევრები, რომლებიც უნდა შევიდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდეგ ამას მხარს უჭერს მოსამართლეთა კონფერენცია.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ მოსამართლეთა კონფერენციას, რომელიც არის მოსამართლეთა დამოუკიდებელი თვითმმართველობა, უნდა ჰქონოდა უფლებამოსილება, რომ დაესახელებინა მისთვის სასურველი ნებისმიერი კანდიდატურა და შემდეგ დაეჭირა მხარი“, - აცხადებს იურისტი სოფო ვერძეული.  მისი თქმით, ახალი კანონპროექტით ეს არ იცვლება. ვერძეული ამბობს, რომ ამ თემაზე პარლამენტში დისკუსიის იმედი აქვს.

საიას წარმომადგენლის მოსაზრებით, ასევე მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თემა. მაგალითად, ის, რომ პარლამენტი თავისი კვოტით ნიშნავს პარლამენტის წევრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გავლენას ახდენს საბჭოს პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე.

წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობის დაკავების შესაძლებლობას მხოლოდ საერთო სასამართლოს მოსამართლის მიერ, რაც განამტკიცებს საბჭოში მოსამართლეთა უმრავლესობის პრინციპს.

კანონპროექტით იკრძალება საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ასევე ცვლილება ეხება პირის მოსამართლედ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესს. კერძოდ, უქმდება დღეს მოქმედი ნორმა, რომელიც საკითხის გადასაწყვეტად ითვალისწინებს ხელისუფლების სამივე შტოს თითო წევრის თანხმობის აუცილებლობას.

მოსამართლეთა მივლინება

პარლამენტში წარმოდგენილი კანონებიდან ერთი მოსამართლეთა მივლინების საკითხს ეხება. კანონპროექტის თანახმად, კანონის მე-13 მუხლს ემატება 21 პუნქტი, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლე შესაძლებელია მივლინებულ იქნას სხვა სასამართლოში 1 წლამდე ვადით, მისივე თანხმობით. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე,  იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილი იქნება, მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის თანხმობა. შესაძლებელია მივლინების ვადის გაგრძელება კიდევ 1 წლამდე, რაც საჭიროებს მოსამართლის აუცილებელ თანხმობას.

საიას წარმომადგენლის, სოფო ვერძეულის თქმით, აქამდე ეს ინსტიტუტი იყო საერთოდ დაურეგულირებელი და ახლა კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილება, რომელიც სიტუაციას უკეთესობისკენ ცვლის.

„ჩვენი მთავარი პოზიცია იყო ის, რომ მივლინების ინსტიტუტის არსებული მექანიზმი და ფორმულირება არის იმდენად ბუნდოვანი და იმდენად დაურეგულირებელი, რომ იძლევა მოსმაართლეზე ზეგავლენის საშუალებას. ეს შემოთავაზებული ვერსია აუმჯობესებს არსებულ ვითარებას, თუმცა არასაკამარისია  საგამონაკლისო ხასიათის ჩანაწერის არსებობის გამო“, - აცხადებს სოფო ვერძეული.

მისი თქმით, კანონპროექტში არ არის საკმარისი გარანტიები შექმნილი მოსამართლეების დამოუკიდებლობისთვის. კანონპროექტში უნდა დაფიქსირებულიყო, რომ მოსამართლის მივლინების შემთხვევაში მისი თანხმობა აუცილეებლია, რადგან, შესაძლოა, მოსამართლეზე ზეწოლის მიზნით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ „მართლმსაჯულების ინტერესი“ თავისებურად განმარტოს.

სოფო ვერძეულის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე ძალიან დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა დისკუსია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში, ასევე - არასამთავრობოებთან.

იურისტის შეფასებით, ინიცირებული თემები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ის რეალური შედეგები იქნას მიღწეული, რაზეც არასამთავრობოები საუბრობდნენ დისკუსიების განმავლობაში.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არასაკმარისია“, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.

კანონპროექტების პირველი მოსმენა უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართება. „ნეტგაზეთი“ მთელი დღის მანძილზე ცდილობდა კანონპროექტის ინიციატორებთან დაკავშირებას, მაგრამ - უშედეგოდ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC