კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ივანიშვილის ტელეკომპანიის მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგური საბაჟო კონტროლისას დაზიანდა

16 თებერვალი, 2012

მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანიის კუთვნილი მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგური „შეგნებულად დააზიანეს“ მაშინ, როცა ის ბათუმის პორტში 5 საათის განმავლობაში იყო საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით „დაკავებული“. ამის შესახებ ივანიშვილის პრესსამდივნო იტყობინება.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა გამიზნულად  ზიანდება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ტვირთი. შპს „იგრიკას“ კუთვნილი სატელევიზიო სატელიტური სადგურის მწყობრიდან გამოყვანა  ხელისუფლების იმ ძალადობრივი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ის  ქართული მედიის მიმართ ახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრესსამდივნო განმარტავს, რომ შპს „იგრიკას“ კუთვნილი ტელეკომპანია "მე–9 არხის" 450 ათასი ევროდ ღირებული სატელევიზიო სატელიტური სადგური „გამართულად მუშაობდა“, როცა საქართველოში გამოგზავნამდე ლიტვურმა ტელესაკომუნიკაციო კომპანიამ და საერთაშორისო კომპანია „SGS”-მა „ადგილზე დეტალურად შეამოწმეს“.

„მოძრავი სატელიტური სადგურის საბაჟო კონტროლის ზონიდან გამოყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქარხნის ლუქები ახსნილი იყო(ეს დასტურდება ვიდეომასალით). მოგვიანებით კი ექსპერტებმა დაადასტურეს ტვირთის დაზიანების ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრესსამდივნოს ინფორმაციით, ტექნიკა ბათუმის პორტში 9 თებერვალს შევიდა და ხუთი საათის განმავლობაში არც ტვირთის თანმხლებ პასუხისმგებელ პირებს და არც შპს „იგრიკას“ წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ საბაჟო კონტროლის გავლის პროცესს, რის მიზეზადაც დასახელდა „საბაჟოზე ინტერნეტის გათიშვის გამო სათანადო დოკუმენტაციის გაუცემლობა“.

„კონტროლი განხორციელდა ცალმხრივად, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ  მოძრავი ტელესადგურის დათვალიერებისას ის შეგნებულად დააზიანეს“, – აცხადებს ივანიშვილის პრესსამდივნო.

ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წარმომადგენლებმა რამოდენიმეჯერ განაცხადეს, რომ მათ საბაჟოზე პრობლემებს უქმნიდნენ, მათ შორის ტვირთების განზრახ დაზიანების კუთხით. ეს ინფორმაცია 6 იანვარს ივანიშვილის წარმომადგენლებმა თბილისში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებსაც მიაწოდეს და  გადასცეს დოკუმენტაცია, სადაც დაზიანებულ აპარატურას შორის ასევე იყო რვა ერთეული LiveU-ს პორტატული მოწყობილობა, რომლებიც პირდაპირი ტრანსლაციისთვის გამოიყენება.

საქართველოს შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებული ბრალდება მისი ტელეკომპანიის კუთვნილი მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგურის საბაჟო შემოწმების დროს „შეგნებულად დაზიანების“ შესახებ „გაუგებარი და მიუღებელია“.

15 თებერვალს გამოქვეყნებულ წერილობით განცხადებაში შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ კომპანია „იგრიკას“ კუთვნილი Mercedes Benz-ის მარკის  მიკროავტობუსი ბათუმის პორტში 9 თებერვალს შევიდა და კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით ტვირთის ზედაპირული დათვალიერების პროცედურა განხორციელდა.

ამავე განცხადების თანახმად, შპს ,,იგირკას“ წარმომადგენლებს დათვალიერების პროცედურაზე დასწრება არ მოუთხოვიათ.

„მიკროავტობუსი გაიხსნა მხოლოდ მისი საბარგულის შესამოწმებლად“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა, „საბაჟო პროცედურების თანახმად,  ყველა ავტომობილი თვალიერდება ანალოგიური მეთოდით, რათა თავიდან იქნეს აცილებული არადეკლარირებული ტვირთის საქართველოში შემოტანა“.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, მიკროავტობუსი ტერმინალიდან მისმა მფლობელმა იმავე დღეს, დაახლოებით, ხუთი საათის შემდეგ გაიყვანა და  პრეტენზიები ტვირთის დაზიანების თაობაზე  მიკროავტობუსის გაყვანის დროს არ გამოთქმულა.

შემოსავლების სამსახურის თქმით, ინფორმაცია ტვირთის დაზიანების შესახებ მხოლოდ 5 დღის შემდეგ, 14 თებერვალს, შეიტყო, როდესაც შპს ,,იგრიკას“ წარმომადგენლებმა საჯაროდ განაცხადეს თავიანთი ბრალდებების შესახებ.

„9 თებერვლიდან 14 თებერვლამდე, "იგრიკას“ არც ერთ წარმომადგენელს არ მიუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის, ტვირთის დაზიანების პრეტენზიით“, – ნათქვამია განცხადებაში.

„შემოსავლების სამსახური მოქმედებს კანონით დადგენილი წესებით. ამიტომ, ჩვენთვის გაუგებარი და მიუღებელია განცხადებები ბათუმის პორტში ტვირთის შესაძლო დაზიანების შესახებ“, – განაცხადა შემოსავლების სამსახურმა.

სივილ ჯორჯია

ინტერპრესნიუსის ფოტოზე: მოძრავი სატელევიზიო სადგური, რომელიც საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ დაზიანებული აღმოჩნდა, განკუთვნილია ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანიისთვის, რომელიც „მე–9 არხის“ სახელწოდებით დაიწყებს მაუწყებლობას. ამავე სახელწოდების არხი ივანიშვილმა 2004 წელს დახურა.

ახალი ამბები