კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დააკავეს ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი

21 თებერვალი, 2012

ჯიმშერ რეხვიაშვილი, რადიო „თავისუფლება“

20 თებერვალს, გამთენიისას, საქართველო-სომხეთის საზღვარზე ვალერი გელბახიანი  დააკავეს. ყოფილ დეპუტატსა და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს ბრალი ედება შეთქმულებაში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობასა და ხელში ჩაგდებას.

ვალერი გელბახიანზე ძებნა 2008 წლის თებერვალში გამოცხადდა. ყოფილი დეპუტატი სამშობლოში ავადმყოფი დედის სანახავად დაბრუნდა. რას ედავებიან ვალერი გელბახიანს და ვინ ითხოვს მის თავდებით გათავისუფლებას?

ვალერი გელბახიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. უწყების ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობიდან ირკვევა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებული ყოფილი დეპუტატი 2012 წლის 20 თებერვალს საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას აიყვანეს. დაკავების დროს ვალერი გელბახიანს თან ახლდა შვილი, ირაკლი გელბახიანი: „საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების, ასევე დიპლომატიური კორპუსის ჩარევის იმედად გადადგა ეს ნაბიჯი. თუ არ მისცემს დღევანდელი მართლმსაჯულება საშუალებას, ცოცხალი ნახოს მომაკვდავი დედა, მაშინ იმით მაინც ისარგებლებს, რომ პატიმარს აქვს უფლება, დაესწროს მშობლის გასვენებას. ამ უფლებას მაინც გამოვიყენებ, ამას ხომ მაინც არ შემიზღუდავენო - ასეთია  მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთელი არსი“.

ვალერი გელბახიანის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მართლაც მძიმეა. 80 წლის ქალი საჩხერის საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. ვალერი გელბახიანმა საქართველოში დაბრუნებისა და გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი რამდენიმე დღის წინ გამოთქვა, რის შემდეგაც ყოფილმა დეპუტატმა სასამართლოს მიმართა თხოვნით, არ გამოიყენოს  აღკვეთის ღონისძიება. ყოფილი დეპუტატისათვის თავდებად დადგომის სურვილი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ გამოთქვა, მაგრამ სასამართლომ 2008 წლის 2 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება - აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება - ძალაში დატოვა.

„ეს არის საქართველოს ხელისუფლების მორიგი მუხანათობა, მისი არაჰუმანური სახის მორიგი გამოვლინება და არაკანონიერი მოქმედება. სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ეწინააღდმეგება კანონის მოთხოვნას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სასამართლოში მივაღწითო მის თავდებით გათავისუფლებას, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოინახულოს ოჯახი და მძიმედ ავადმყოფი დედა“, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

გამოძიების თანახმად, ვალერი გელბახიანს ბრალი ედება შეთქმულებაში,
რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლას, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას და ხელში ჩაგდებას.  2008 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის მეთაური ვალერი გელბახიანი, ყოფილ მოსამართლე მაია გაბუნიასთან ერთად,  სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელს ერეკლე კოდუას მითითებას აძლევდა, თუ როგორ დაეპატიმრებინა შინაგან საქმეთა მინისტრი და როგორ აეღო ძალაუფლება  თავის ხელში.

ვალერი გელბახიანის ოჯახის წევრები კი იმედოვნებენ, რომ მართლმსაჯულება ლმობიერი იქნება რამდენიმე ფაქტორის გამო. შვილის, ირაკლი გელბახიანის მტკიცებით, მთავარი ისაა, რომ ვალერი გელბახიანს არ დაურღვევია კანონი და რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, კერძოდ - „ვინაიდან ბადრი პატარკაციშვილი გარდაცვლილია, ქალბატონი გაბუნია კი თავისუფალია... ამდენი დროა გასული, თანაც შეცვლილია პოლიტიკური ვითარება, თანაც არანაირი დანაშაული ვალერი გელბახიანს არ ჩაუდენია, არანაირი სახელმწიფო გადატრიალება მას არ სურდა, არაფერი გაუკეთებია ისეთი, რასაც ჩვენი პოლიტიკოსები ყოველდღე არ აცხადებდნენ, რომ თავიანთი ამომრჩევლების ხმებს დაიცავენ ხალხის მეშვეობით. ამის გარდა, არანაირი სხვა განცხადება არ გაუკეთებია არც კოდუასთან და არც სხვაგან“, - უთხრა ირაკლი გელბახიანმა რადიო „თავისუფლებას“.

ყოფილი დეპუტატის დაკავებას გამოეხმაურა მმართველი პარტიაც. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის თქმით, პოლიტიკური თუ სხვა სახის სპეკულაციებისაგან დამოუკიდებლად, ვალერი გელბახიანის ბედს მართლმსაჯულება გადაწყვეტს.

ახალი ამბები