კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კონცერტების ფინანსური ხარჯთაღრიცხვა საიდუმლოა - „მონიტორის“ ჟურნალისტის სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა

23 მარტი, 2012

ნატა ძველიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 21 მარტს არ დააკამყოფილა სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტის სალომე ცეცხლაძის სარჩელი და უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს  30 იანვრის გადაწყვეტილება.

ჟურნალისტმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საჯარო ინფრომაციის მოთხოვნით 2011 წლის 27 ივლისს მიმართა და საქართველოში უცხოელი მუსიკოსების მიერ ჩატარებული კონცერტების დეტალური ფინანსური ხარჯთაღრიცხვა მოითხოვა, კონცერტის მონაწილეების ჰონორარების მითითებით, მათ შორის  სტინგისა და კრის ბოტის, კრის დე ბურგის, პლასიდო დომინგოს, ბონი ემის, ანდრია ბოჩელისა და მაია ქეის.

იმავე დღეს ჟურნალისტმა კიდევ ერთი განცხადება შეიტანა, სადაც 2009 წლიდან 2011 წლის ივნისის ჩათვლით კულტურის სამინისტროს მიერ ჩატარებული ყველა ღონისძიების ხელშეკრულება და დეტალური ფინანსური ხარჯთაღრიცხვა მოითხოვა.

სალომე ცეცხლაძის განცხადებით, სამინისტრომ პირველი მოთხოვნის საპასუხო წერილში მიუთითა, რომ ბონი ემის კონცერტი მათ არ დაუფინანსებიათ, ხოლო დანარჩენი კონცერტების შესახებ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან, რადგან პერსონალური ინფორმაციაა. მეორე განცხადების პასუხად კი ჟურნალისტს დაკონკრეტება მოსთხოვა, თუ რომელი ღონისძიების შესახებ სურდა ინფორმაციის მიღება.

„რადგან არ ვიცოდი, რა ღონისძიებები ჩაატარა კულტურის სამინიტრომ, კიდევ ერთი წერილით ვითხოვე, მოეცათ 2009 წლიდან 2011 წლის ივნისის ჩათვლით ჩატარებული ღონისძიებების ჩამონათვალი, რაზეც მომწერეს, რომ მსგავსი რამ არ გააჩნიათ“, - უთხრა Media.Ge-ს სალომე ცეცხლაძემ. მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება კიდევ ერთი წერილით სცადა და 2011 წლის 19 სექტემბერს  კონცერტების შესახებ ჯამური ფინანსური დანახარჯი ითხოვა. სამინისტრომ აცნობა, რომ MTV-ის კონცერტზე, სადაც მონაწილეობას მომღერალი ენრიკე იგლესიასი იღებდა 1 მილიონ 390 ათას 473 ლარი დაიხარჯა, სტინგისა და კრის ბოტის კონცერტი კი სამინისტროს 1 მილიონ 264 ათას 734 ლარი დაუჯდა.

„კრის დე ბურგისა და ანდრია ბოჩელის კონცერტები მთლიანად ჰონორარებს მოიცავს და ვერ გიპასუხებთ, დანარჩენი ღონისძიებები კი კულტურის სამინისტროს არ დაუფინანსებიაო“, - აღნიშნა სალომე ცეცხლაძემ.

კულტურის სამინისტროს მიერ საჯარო ინფრომაციის მოთხოვნაზე მიღებული უარი და  არასრული პასუხი „მონიტორის“ ჟურნალისტმა ჯერ ადმინისტრაციული წესით სამინისტროშივე გაასაჩივრა, რაც არ დაკმაყოფილდა, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოში იჩივლა, თუმცა პროცესი წააგო. სალომე ცეცხლაძის ცნობით, მოსამართლემ განმარტა, რომ მოთხოვნილი ინფრომაცია პერსონალური საიდუმლოა, სამინისტროს კი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის დამუშავებისა და მსგავსი რეესტრის წარმოების ვალდებულება არ აქვს.

პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მისი სარჩელი კვლავ არ დააკმაყოფილეს.

სალომე ცეცხლაძის ინტერესებს სასამართლოში „მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი“ იცავდა.

Media.ge

ორიგინალი

ახალი ამბები