საქრთველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 3 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, სადაც ითხოვს „112“–ის ფუნქციონირების დაწყებამდე ჩამოჭრილი თანხების აბონენტებისთვის უკან დაბრუნებას და მთავრობის იმ დადგენილების ამოქმედების ვადის ბათილად ცნობას, რომლითაც ერთიანი საგანგებო სამსახურის სატელეფონო ნომრის გადასახადი დაწესდა 2012 წლის 1 იანვრიდან.
„მომსახურების საფასურის გადახდისა და ამოღების წესის ამოქმედება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული მომსახურება არ ხორციელდება და მისი მიღება შეუძლებელია, ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობასა და უხეშად ლახავს მოქალაქეთა და სხვა პირთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.
იანვრიდან ფიქსირებული და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღებ ფიზიკურ პირებს თვეში 20 თეთრის, ხოლო იურიდიულ პირებს 50 თეთრის ყოველთვიური სავალდებულო გადასახადის გადახდა უწევთ „112“–ის მომსახურების საფასურის სახით, იმის მიუხედავად ისარგებლეს მათ თუ არა მათ „112“–ის მომსახურებით. ამ გადასახადისგან თავისუფლები არიან მხოლოდ ის აბონენტები, რომლებიც თვეში 5 ლარზე მეტს არ ხარჯავენ სატელეფონო მომსახურებაზე; ასევე გარკვეული კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახები.
საია შსს–დან გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „112“-ის მომსახურებისთვის მიღებული შემოსავლების ოდენობამ იანვარ–თებერვალში 1 408 868 ლარი შეადგინა იმ პირობებში, როცა „112“-ს ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია, შესაბამისად მისი მომსახურება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი არ არის“.
სივილ ჯორჯია