კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რევაზ საყევარიშვილი აპირებს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართოს

10 აპრილი, 2012

ჟურნალ Forbes Georgia-ს ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა, რევაზ საყევარიშვილმა, 6 აპრილს განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, რომელიც Forbes Georgia-ს აპრილის ნომერში დაიბეჭდა, დაჩეხილია და გამოქვეყნებული პუბლიკაცია „დამახინჯებული ვერსიაა“  იმ ინტერვიუსი,  რომელიც საყევარიშვილმა თავად ჩამოართვა ბიძინა ივანიშვილს მარტის შუა რიცხვებში.

Media.Ge-სთან საუბრისას, საყევარიშვილმა აღნიშნა, რომ ახლაც დაკვირვების რეჟიმშია და დეტალურად ამოწმებს ცვლილებებს მის მიერ ჩაწერილ ინტერვიუსა და გამოქვეყნებულ მასალას შორის. მისი თქმით, სანამ ის თანამდებობას დატოვებდა, ივანიშვილის ინტერვიუს უფრო დიდი ადგილი ეკავა ჟურნალში, ახლა კი მოცულობა დაპატარავებულია.

„შეკითხვები სხვა მიმდევრობითაა დაწყობილი, რაც ბუნებრივია ცვლის კონტექსტს. გარდა ამისა, ამოღებულია ის კითხვები, რაც ეხებოდა ივანიშვილის ბიზნესსაქმიანობას. მაგალითად, როგორ იწყებდა ის საქმიანობას რუსეთში. არ არის მითითებული ინტერვიუს ავტორის ვინაობა“, - განუმარტა საყევარიშვილმა Media.Ge-ს.

ყოფილი რედაქტორი მომხდარ ფაქტს (ინტერვიუს ჟურნალში გამოჩენას იმ სახით, რომელიც არ შეესაბამება ავტორის მიერ მომზადებულ ვერსიას) განიხილავს, როგორც ცენზურას და Forbes Georgia-ს გამოცემის უფლების მქონე კომპანია Media Partners-ის დამფუძნებელთა მხრიდან თავისუფალი ჟურნალისტური საქმიანობის უხეშ დარღვევას.

ამის შესახებ რეზო საყევარიშვილმა შეტყობინება Forbes-ის სათაო ოფისში, ნიუ-იორკში იმ რედაქტორებსა და ხელმძღვანელებს, ვისთანაც აქამდე ჰქონდა ურთიერთობა, უკვე გაუგზავნა. Forbes Georgia-ს ყოფილი რედაქტორი მათგან პასუხს ელის. საყევარიშვილის თქმით, ის გამოიყენებს ყველა კანონიერ უფლებას „Forbes Georgia-ს დამფუძნებელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებების სამართლებრივი, ეთიკური და პროფესიული თვალსაზრისით  შესაფასებლად“.

ამ ეტაპზე რევაზ საყევარიშვილი გეგმავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართოს, საკითხის განსახილველად.

რევაზ საყევარიშვილმა Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 27 მარტს გააკეთა,  რის მიზეზადაც Media Partners-ის დამფუძნებლის, გაგიკ ეღიაზერიანის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევისა და ცენზურის მცდელობა დაასახელა. საპასუხოდ, 28 მარტს სააქციო საზოგადოება Media Partners-მა, რომელიც  Forbes Georgia-ს გამოცემის უფლებას ფლობს განმარტა, რომ საყევარიშვილი ჟურნალ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან თავად კი არ წავიდა, არამედ Media Partners--მა პლაგიატის გამო გაათავისუფლა. 

Media.ge

ახალი ამბები