კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო რუსთაველ ამომრჩევლებს

4 მაისი, 2012

რუსთავის საკრებულოს წევრმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან,თამაზ გველუკაშვილმა სააღდგომოდ ქალაქის რამდენიმე უბანში საჩუქრად ცხვარი და ღვინო გააგზავნა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვად შეიძლება ჩაითვალოს. ამ ფაქტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ გამოკითხული რუსთავის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ. ისინი აღნიშნავენ, რომ აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე სხვადასხვა უბანში შეგროვდა ინფორმაცია კორპუსების მაცხოვრებელთა რაოდენობის შესახებ, ხოლო აღდგომის დღეს იმავე უბნებში მანქანებით საჩუქრები - ცხვარი და 20 ლიტრი ღვინო - მიიტანეს. ზოგიერთ უბანში საჩუქრები რუსთავის გამგეობის და ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებმაც კი დაარიგეს, თუმცა ყველგან პირდაპირ ითქვა, რომ ნობათი თამაზ გველუკაშვილის გაგზავნილია.

„კი, ჩვენს უბანშიც მოიტანეს ცხვარი და ღვინო, გველუკაშვილი თავად არ მოსულა, მაგრამ ვინც მოიტანა, თვითონ თქვეს, გველუკაშვილის გამოგზავნილიაო,“ - აცხადებენ ახალგაზრდობის პარკის მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლები. „ეს საარჩევნო საჩუქარია, წინა არჩევნებზეც მოუტანიათ ცხვარი და ღვინო და ახლაც იყო სააღდგომოდ გველუკაშვილისაგან. გამგეობის თანამშრომლებმა მოიტანეს, მაგრამ თქვეს, რომ გველუკაშვილმა გამოგზავნაო“, - დაადასტურეს ლომოურის ქუჩის მაცხოვრებლებმა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, საჩუქრები დარიგდა რუსთავის მე-15 და 21-ე მიკრორაიონებში, ასევე თოდრიას, ლომოურის და ლეონიძის ქუჩებზე.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, პარტიას ეკრძალება კანდიდატის, წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, საქართველოს მოქალაქისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ან არამატერიალურ ფასეულობათა გადაცემა. ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით კი პოლიტიკური მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის ან სხვა ქონების გადაცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, სახეზე იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. გასათვალისწინებელია, რომ ქმედების განმახორციელებელი პირი, პოლიტიკური გაერთიანების მიერ პოლიტიკური ნიშნით არის წარდგენილი და მასთან ასოცირდება, რაც ამ პირის პოლიტიკური მიზნების არსებობას უსვამს ხაზს. მივმართავთ საქართველოს კონტროლის პალატას და საქართველოს პროკურატურას, გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

ახალი ამბები