კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტის მხარდამჭერებს უკვე ფოტოშოპითაც ამრავლებენ

21 მაისი, 2012

დავით ნიჟარაძე, www.ambebi.ge 

ბოლო წლებში ხმების, მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების გამრავლების ბევრი ილეთი გამოაშკარავდა. "მკდარი სულებით" დაწყებული და საარჩევნო კარუსელებით დამთავრებული.

როგორც ამბობენ, ეს მეთოდები საკმაოდ ხარჯიანია, ამიტომ მერიის ჟურნალის, "თბილისური ამბების" გამომცემლებმა არჩევანი იაფ ფოტოშოპზე შეაჩერეს. თუ ჯერ არ მიგიღიათ, აუცილებლად მოგიტანენ… თბილისის მერიის მიერ უფასოდ დარიგებულ ჟურნალს ვგულისხმობ, რომელიც სახლის კართან დამხვდა.

"თბილისური ამბები - აი, ასე შენდება თბილისი" - ამ სახელწოდების 106 გვერდიანი ჟურნალი თბილისის მერიის განხორციელებული და განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების მიმოხილვას ეთმობა.

არ დავიწყებ ჟურნალის გამოცემაზე დახარჯული თანხების შესახებ საუბარს. ორთაჭალაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ალბათ, უხერხულია პრომოაქციებზე ამდენი ფულის ხარჯვა. მინდა სხვა რამეზე გავამახვილო მკითხველის ყურადღება:

"თბილისური ამბები" უდავოდ შთამბეჭდავი ფოტოებით არის გაფორმებული. ერთ-ერთი მათგანი კი განსაკუთრებით გხვდება თვალში -  კმაყოფილ და მომღიმარ პრეზიდენტს უამრავი ხალხი ეხვევა გარს და გულთბილად ესალმება. მოჩქეფს ემოცია და ფრიალებს დროშები…

თითქოს განსაკუთრებული არაფერია, ვის უნდა გაუკვირდეს საქართველოში პრეზიდენტის მხარდამჭერების სიმრავლე, მიშა-მიშას ძახილი… მაგრამ… რა ვუყო, რომ ოხერი თვალი მაქვს. ამდენ ბედნიერ სახეში უცებ ორი ერთნაირი ქალის ფიზიონომია აღმოვაჩინე.

ჯერ ვიფიქრე ტყუპი დები იქნებიან-მეთქი. მერე კარგად რომ დავაკვირდი, კიდევ იმდენი ერთნაირი სახე ვიპოვნე, რომ ალტერნატიული აზრი გამიჩნდა -  სააკაშვილი ტყუპების რაიმე ფესტივალზე ხომ არ იყო მისული-მეთქი. მაგრამ ეს ტყუპები რატომღაც ერთმანეთისგან შორი-შორ და საეჭვოდ ერთნაირ პოზებში იდგნენ…

ჩვენი მედიასახლის ერთ-ერთ დიზაინერს მივმართე და აი, ასეთი პასუხი მივიღე - არც ტყუპებია და არც ჯადოქრობა, მარტივი ფოტოშოპური კლონირებაა. ანუ, მერიის ჟურნალის დიზაინერმა "მასოვკიანი ფოტოს" მოძიებაზე თავი არ შეიწუხა (შეიძლება შეიწუხა კიდეც, მაგრამ ვერ მოიძია), ამიტომ ადგა და ფოტოშოპი გამოიყენა.

სავარაუდოდ, სხვა სურათებიდან "გადმოკოპირებული" ხალხი პრეზიდენტის გარშემო შემოკრებილ მცირერიცხოვან მასას სულ ფენა-ფენა დაუმატა.

ამ ფოტოს შემხედვარეს გასართობი ჟურნალების რუბრიკა გამახსენდა - "იპოვე 10 განსხვავება", (ოღონდ ჩვენს შემთხვევაში პირიქით - ”იპოვეთ 10 მსგავსება”) ჰოდა ვიფიქრე, შეიძლება ეს დატვირთვაც ჰქონდეს მეთქი, მაგრამ გვერდი იმდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება, რომ წესით სახუმაროდ არ უნდა ჰქონოდათ საქმე.

ფოტო, სადაც პრეზიდენტი "ფოტოშოპით გამრავლებულ" მოქალაქეებს ხვდება, შემდეგი სათაურის პუბლიკაციას ამშვენებს - "რაც უფრო მეტია დაზღვეული მოქალაქე, მით უფრო ხარისხიანი და ხელმისაწვდომია მკურნალობა".

რამდენად ბევრი მოქალაქეა დაზღვეული, ამ ფოტოდან ნამდვილად ვერ გავიგებთ, ხოლო მონტაჟიდან გამომდინარე, შეპირებული მკურნალობის ხარისხზე შეიძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა.

პრინციპში, ზემოთქმული ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც ის, რომ "რაც უფრო პროფესიონალია მემონტაჟე, მით უფრო დამაჯერებელია ფოტო". მართალია ”ფოტოშედევრი” მოლოდინს ყოველთვის ვერ ამართლებს, თუმცა, ყოველ ჯერზე პროფესიონალიზმი იზრდება. ასე რომ, არც ამ ფოტოს მონტაჟის ავტორს უნდა დაწყდეს გული - "დასამონტაჟებელი კიდევ ბევრია"…

ახალი ამბები