კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საია და „სამართლიანი არჩევნები“ მამუკა ქარდავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს

23 მაისი, 2012

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) და „სამართლიანი არჩევნები“ ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას 20 მაისს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელის, მამუკა ქარდავას მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით და აღნიშნულის ობიექტურ, სრულ და დროულ გამოძიებას ითხოვენ.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 20 მაისს, დაახლოებით 00:45 წუთზე, როდესაც მამუკა ქარდავა სახლში საკუთარი ავტომანქანით ბრუნდებოდა, ხობის რაიონის სოფელ ნოჯიხევის სარკინიგზო გადასასვლეთან ოთხი დაუდგენელი პირი დაესხა თავს. მამუკა ქარდავას განცხადებით, მის შეჩერებულ ავტომანქანაში ერთ-ერთმა თავდამსხმელმა შეღწევა მოახერხა და მისი დახრჩობა სცადა. ქარდავამ  გაქცევის მიზნით უკუსვლა გადაწყვიტა, თუმცა თავდამსხმელმა საჭის მართვაში ხელი შეუშალა და ავტომანქანა რკინის ბოძს შეეჯახა. მისივე განცხადებით, იგი დაზიანებული ავტომანქანიდან სამმა თავდამსხმელმა ძალის გამოყენებით გადმოიყვანა და ხელკეტით სცემა. იმავე ღამეს  სხეულის მრავლობითი დაზიანებებით მამუკა ქარდავა ხობის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ინციდენტს  წინ უსწრებდა 18 მაისს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრის დროს, მამუკა ქარდავას მიმართ ხობის გამგეობის თანამშრომლის ვლადიმერ ჭითანავას მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რაც დაფიქსირებულია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ.

პოლიტიკური კოალიცია „ქართულის ოცნების“ ხობის შტაბის უფროსი საიასთან და „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან  საუბარში მასზე განხორციელებულ თავდასხმას მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს, რომ მასში ძალოვანი უწყებების თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

შსს-ს განცხადების თანახმად, მამუკა ქარდავა მის მართვის ქვეშ მყოფი „ფორდის“ მარკის მსუბუქი ავტომანქანით შეეჯახა რკინიგზის გადასასვლელზე მდგარ მოსაცდელის ლითონის ბოძს. შეჯახების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო თავად მამუკა ქარდავამ და დაზიანდა მისი ავტომობილიც. ვინაიდან, ადგილი ჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევას, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ე.ი  „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ,  ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“.

ინტერნეტ გამოცემა „Presage.TV“- ის მიერ 20 მაისს გავრცელებული ვიდეომასალიდან ნათლად ჩანს, რომ მამუკა ქარდავას ზურგის არეზე მიღებული აქვს ზედაპირული სახის დაზიანებები, რასაც ადასტურებს ექიმიც, რომელიც ჟურნალისტს პასუხობს, რომ  ქარდავას ზურგის არეში ბლაგვი საგნით მიღებული აქვს 13 დაზიანება. აღნიშნული გარემოება მიანიშნებს, რომ დაზიანებები ქარდავას შეიძლება მიღებული ჰქონდეს არა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არამედ მასზე ფიზიკური ზემოქმედებით, რაც არ გამორიცხავს სხვა პირთა ბრალეულ ქმედებას.

შესაბამისად, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ გამოძიების დაწყება მხოლოდ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით არასწორია. ვფიქრობთ, გავრცელებული ვიდეომასალა და მამუკა ქარდავას ჩვენება საკმარისი სამხილია იმისათვის, რომ სისხლის სამართლის საქმეს მიეცეს სათანადო შეფასება და ძიებით დადგინდნენ ქარდავაზე განხორციელებული ფიზიკური ზემოქმედების ჩამდენი პირები.

მიგვაჩნია, რომ კანონიერების აღდგენისა და  თავისუფალი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფომ  დაუყოვნებლივ, ობიექტურად და სრულად უნდა გამოიძიოს  აღნიშნული ფაქტი. საია, ასევე მოუწოდებს „უწყებათაშორის კომისიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს და  რეაგირება მოახდინოს მომხდართან დაკავშირებით.

www.gyla.ge

ახალი ამბები