კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება - ფოტორეპორტიორების საქმეს მოეხსნას გრიფი „საიდუმლო“

9 ივლისი, 2012

ერთი წელი გავიდა თბილისში ფოტორეპორტიორების დაპატიმრებიდან. 2011 წლის 7 ივლისს, გამთენიისას, 3:00 / 5:00 საათის შუალედში ერთდროულად დააკავეს ჟურნალისტთა წრეებში ცნობილი ფოტოკორესპონდენტები: „ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი, ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში ზურაბ ქურციკიძე, საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე, რომელიც ამავე დროს გაზეთ „ალიასთან“ თანამშრომლობდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ფოტოკორესპონდენტების დაპატიმრების ფაქტი იმთავითვე სიტყვის თავისუფლების უხეშ შელახვად შეაფასა და საქართველოს პრეზიდენტს, ასევე - შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ დაკავებული ფოტოკორესპონდენტები. ერთ-ერთ ფოტორეპორტიორს, ზურაბ ქურციკიძეს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელი ნინო ანდრიაშვილი იცავდა.

ფოტორეპორტიორების დაპატიმრებას იმთავითვე მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და მედიის მძაფრი პროტესტი. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის შედეგად საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები ორ კვირაში გაეთავისუფლებინა. ამასთან, „ასოშეიტედ პრესის“ ფოტორეპორტიორი შახ აივაზოვი შსს-მ რამდენიმე საათაში გაათავისუფლეს, რადგან მისი დაკავების მიზეზებით მაშინვე დაინტერესდა როგორც მსოფლიოში ცნობილი ამერიკული საინფორმაციო სააგენტო, „ასოშეიტედ პრესი“ ისე აშშ-ის საელჩო საქართველოში. 

დაკავებულმა ფოტორეპორტიორებმა აღიარებითი ჩვენებები მუქარისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მისცეს. თავდაპირველად ჯაშუშობის ბრალდება ირაკლი გედენიძემ აღიარა, რომლის მეუღლეც მაშინვე გაათავისუფლეს პატიმრობიდან. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ნათია გედენიძე პოლიციის მიერ, ფაქტობრივად, მძევლად იყო აყვანილი. საბოლოოდ აღიარებითი ჩვენებები გამოძიებას ზურაბ ქურციკიძემ და გიორგი აბდალაძემაც მისცეს, რის შემდეგაც ისინი, მძიმე ბრალდების მიუხედავად, საპროცესო გარიგებით და პირობითი მსჯავრით გათავისუფლდნენ. 

ამჟამად ფოტორეპორტიორები სხვადასხვა სააგენტოებში აგრძელებენ პროფესიულ საქმიანობას. ხოლო „ფოტორეპორტიორების საქმეში“ კვლავ რჩება უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა შეუძლებელია ისეთ პირობებში, როცა საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ რეალურად ამ საქმეში  სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საიდუმლო ინფორმაცია თავიდანვე არ არსებობდა და გამოძიების წარმართვა გრიფით „საიდუმლო“ მხოლოდ მტკიცებულებების არარსებობის მისაჩქმალად იყო საჭირო. უდანაშაულო ფოტორეპორტიორები ფაქტობრივად 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის სისხლიანი დარბევის კადრების გავრცელებისთვის დაისაჯნენ. განსაკუთრებით მძაფრი კადრები პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ გადაიღო და გაავრცელა, რადგან სტატუსიდან გამომდინარე, სპეცრაზმი მას მუშაობაში ხელს არ უშლიდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ დადგა დრო, შსს-მ გაასაჯაროოს აღნიშნული საქმე და გამოძიების მასალები გააცნოს საზოგადოებას. ამავე დროს, აუცილებელია, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და საქმის ფაბრიკაციისათვის კანონის წინაშე პასუხი აგონ შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა; ფოტორეპორტიორებს კი მოეხსნათ უკანონოდ დაკისრებული პირობითი მსჯავრი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი
9 ივლისი, 2012 წ.

ახალი ამბები