კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო წელს გარდაბნის ბიუჯეტმა პოლიციის დაფინანსება გაასამმაგა

6 აგვისტო, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მე-2 სართულზე ხუთი მერცხლის ბუდეა. ფანჯრების ნაწილს მინები არა აქვს და მერცხლები შენობაში უპრობლემოდ დაქრიან.

დიდად პატივსაცემია ჩინოვნიკების ჰუმანური დამოკიდებულება ფრინველებისადმი. თუმცა, მერცხლების ცოტა უხერხულ კვალს - სკლინტს ძველ პარკეტდაგებულ იატაკზე  და ფანჯრებზე მრავლად ნახავთ. აქ, ალბათ, ეთანხმებიან ხალხურ წარმოდგენას, რომ ამ უსიამოვნო ამბავმა „სიმდიდრე იცის“.

იქნებ, მართლაც ამ მერცხლების გავლენით აიხსნება ის, რაც გარდაბნის წლევანდელ ბიუჯეტში ხდება.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ  წელთან  შედარებით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით  4 მლნ ლარით გაიზრდა, 2012 წლის ივლისის მონაცემებით ვხედავთ, რომ გასამმაგდა ხარჯები გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის. უპრეცედენტოდ გულუხვია საარჩევნო წელს გარდაბნის ბიუჯეტი ადგილობრივი შსს-ს ორგანოების მიმართაც. წელს მათ გარდაბნის ბიუჯეტმა 1 მილიონ 84 000 ლარი გამოუყო, როცა გასულ წელს ამ უწყების ადგილობრივმა ორგანოებმა  გარდაბნის ბიუჯეტიდან 361 000 ლარი მიღეს. 

ბაჩო ახალაის უწყებას გარდაბნის ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში მთელ რიგ საჭიროებებს უფარავს. მათ შორისაა:  ოფისის, საკომუნიკაციო,  საწვავის, ელექტროენერგიის, წყლის და  ბუნებრივი აირის ხარჯები.  ყურადღებიან თვითმმართველობას ისიც არ ავიწყდება, რომ პოლიციელებს ავტომობილებით აქტიური მოძარობა უწევს და თანხას მანქანის ნაწილებისთვისაც ურიცხავს.

წელს გარდაბნის ბიუჯეტი სხვა მიმართულებითაც იჩენს გამძაფრებულ ყურადღებას. 2012 წელს არასაცხოვრებელი შენობების რეკონსტრუქციისთვის  გამოყოფილია 1 620 000 ლარი. გასულ წელს ეს საკითხი იმდენად არაპრიორიტეტული იყო, რომ მასზე გამოყოფილი თანხა 39 ათასს  ვერ აღწევდა. გაორმაგდა თანხები  გზების რეაბილტაციისთვისაც და 3 მლნ შეადგინა.  გაორმაგდა ხარჯები „გარდაბნის ინფრასტრუქტრას და რეაბილიტაციისთვის“ და 10 მლნ-ს გასცდა.

9 მილიონიდან 20 მილიონამდე გაიზრდა 2012 წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხარჯები. გაიზარდა გარდაბნის გამგეობის ხარჯებიც. 2011 წელს გამგეობას 2 512 800 ლარი ერიცხებოდა, წელს კი - 4 544 700 ლარი.

წელს 3 მილიონით მეტი დაიხარჯება გარდაბნის წარმომადგელობით და აღმასრულებელ ორგანოებზე. მათვის გამოყოფილია 6 მილიონ ლარამდე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი კომენტარისთვის გარდაბნის საკრებულოს თავჯდომარეს, გიორგი ფეიქრიშვილს დაუკავშირდა. მან საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისის უფროსთან გადაგვამისამართა. აღნიშნული კომისიის  ხელმძღვანელმა ვალერი ივანიაშვილმა კი კომენტარისგან თავი შეიკავა. „ეს საკითხი ძირითადად ეხება გარდაბნის მერიის (გამგეობის)  საფინანსო სამსახურის უფროსს, ნიკა დუჩიძეს“, - გვითხრა გარდაბნის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის  უფროსმა, ივანიაშვილმა.

თავად ნიკოლოზ დუჩიძემ კი, ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ, ჩვენი კითხვების მოსმენისას განგვიცხადა, რომ ამ თემაზე კომენატრს არ გააკეთებს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ საჯარო მოხელეობა მას ჟურნალისტებთან  ურთიერთობას არ ავალდებულებს და კაბინეტიდან გამოგვაბრძანა. 

ამგვარად, სამმა საჯარო მოხელემ უარი თქვა ესაუბრა მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანეს საფინანსო დოკუმენტზე. ჩვენ მათთან კომუნიკაციას მაქსიმალურად ვეცადეთ, რათა დაგვეფიქსირებინა მათი პოზიცია და მათთან ერთად კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა ჩვენს მიერ „საკანონმდებლო მაცნე“-დან მოპოვებული გარდაბნის ბიუჯეტთან დაკავშირებული ყველა მასალა. 

სამწუხაროდ, გარდაბანი ისე დავტოვეთ, რომ ოთხდღიანი მუშაობის შედეგად, გარდაბნის ბიუჯეტის 2012 წლის ტენდენციებზე, მხოლოდ მერცხლებთან დაკავშირებული ვერსია გვრჩება. 

ახალი ამბები