06:43, Wednesday, 18.09.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს

24.08.2012

ალეკო ცქიტიშვილი, http://humanrightshouse.org 

ბოლო დღეებში საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ - ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მკაცრი კრიტიკა ერთბაშად ორი საერთაშორისო ფრონტიდან მიიღო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიამ საქართველოში არსებულ ვითარებაზე შეშფოთება გამოხატეს და ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობების შექმნა მოსთხოვეს.

წინაისტორია

საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებებს წინ უსწრებდა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები, რომლებშიც არაერთხელ დაიგმო ხელისუფლების მოქმედებები ოპოზიციის წინააღმდეგ. კერძოდ, არასამთავრობო სექტორი ყურადღებას ამახვილებდა ისეთ ფაქტებზე, რითაც ფერხდებოდა 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესი.
 
კოალიციამ „არჩევნის თავისუფლებისათვის“ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გაამახვილა ყურადღება იმ არაჯანსაღ ვითარებაზე, რასაც შეეძლო ზემოქმედება მოეხდინა წინასაარჩევნო პროცესზე. 2011 წლის დეკემბერში კოალიციამ გამოაქვეყნა მედიის პრობლემების ანალიზი და წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებული ადამიანის უფლებებ ის დარღვევის ფაქტები. 

ივლისში, როცა წინასაარჩევნო ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა, საერთაშორისო ორგანიზაციაAmnesty International–მა პირდაპირ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ. „მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები ემზადებიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისათვის, „საერთაშორისო ამნისტია“ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციის მხარდამჭერთა და ჟურნალისტთა დაცვას პოლიტიკურად გამიზნული ძალადობისგან“, - აღნიშნულია Amnesty International-ის განცხადებაში, სადაც ჩამოთვლილია ოპოზიციური გაერთიანება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ რეგიონებში მომხდარი ინციდენტები.

რეგიონებში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლის, საქმიანობაში ხელის შეშლის, ასევე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტები ადგილობრივი მედიაც აღნუსხავს (იხ. მცხეთა – მთიანეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N1 და კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N1 ) .

სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებით შეხვდა წინასაარჩევნო პერიოდში Global TV-ს სატელიტური ანტენების დაყადაღებას, რასაც შემდეგ მოჰყვა ტელეკომპანია „მაესტროს“ ანტენების დაყადაღება და სამოქალაქო საზოგადოების პროტესტი.

არასამთავრობო სექტორის განსაკუთრებული კრიტიკა კი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გატარებულმა არაადეკვატურმა და არაპროპორციულმა ფინანსურმა სასჯელებმა გამოიწვია, რომელთა შორის ყველაზე დიდი სანქცია იყო 15 ივნისს  სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს 74.32 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ივლისის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა ეს ჯარიმა გადაიხადა იმ პირობით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული ახალი შემოსავალი კახეთში სტიქიით დაზარალებულებს მოხმარდებოდა.

პარალელურ რეჟიმში სახელმწიფო აუდიტის სამსახური პერიოდულად აყადაღებდა „ქართული ოცნების“ აქტივისტებისა და კოალიციაში შემავალი პარტიების ანგარიშებს. ამ სამსახურის კვალდაკვალ ეროვნული აღსრულების ბიურო ოპერატიულად, სწრაფი ტემპით მუშაობდა დაყადაღებული ქონების აუქციონზე გასატანად და გასაყიდად. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე მოქალაქეთა მასობრივმა დაყადაღებამ ბოლოს მეტად ტრაგიკული, მაგრამ ამავე დროს სატირული ფორმები მიიღო.

შეშფოთებული მისია

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიამ, რომელიც საქართველოს სამდღიანი ვიზიტით სტუმრობდა, შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საეჭვო გადაწვეტილებებზე“, ასევე „მკაცრ“ და „არაპროპორციულ“ ფინანსურ ჯარიმებზე, რომლებიც „როგორც ჩანს, გამოიყენება შერჩევითად, ძირითადად ერთი პოლიტიკური სუბიექტის“ წინააღმდეგ.

ოთხი წევრისგან შემდგარმა მისიამ, რომელშიც ეუთო-ს საპარლამენტოს ასამბლეის მაღალი თანამდებობის პირები შედიოდნენ, ასევე შეშფოთება გამოთქვა სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და იმედი დაიტოვა, რომ არჩევნებადმე დარჩენილ დროში ხელისუფლება შეძლებს „ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობების შექმნას“.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მიზნით თბილისს 20 აგვისტოს ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, უწყებათაშორისი კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებს.

მისიის საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოს შეფასება იყო. „სივილ ჯორჯიას“ ცნობით, მისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: მისი ხელმძღვანელი, ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ტონინო პიცულა; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკარდო მილიორი; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი სპენსერ ოლივერი და საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის დირექტორი რობერტო მონტელა.

ვიზიტის დროს დელეგაცია შეხვდა ხელისუფლების, მმართველი პარტიის, ოპოზიციის, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, ასევე თბილისში მომუშავე საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლებს.

„მივესალმებით პოზიტიურ ცვლილებებს საქართველოს საარჩევნო სისტემაში და წინასაარჩევნო ძალისხმევას, რომელიც მიზნად ამომრჩეველთა სიის დაზუსტებას, ასევე საარჩევნო კამპანიის ფინანსების გამჭვირვალობას და ქვეყნის მასშტაბით მედიის ხელმისაწვდომობას ისახავდა მიზნად, მაგრამ არ გვინდა ბრმები ვიყოთ და არ დავინახოთ პრობლემები ამ ქვეყანაში. ჩვენ პრობლემები თითქმის ყველა თანამოსაუბრესთან განვიხილეთ. ვხედავთ რამდენიმე პრობლემას - შეიძლება ეს იყოს არაობიექტურობა, სამართალდამცავი ინსტიტუტების მოქმედებებში, ძირითადად ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამ ინსტიტუტების მოქმედებები განვიხილეთ ექსპერტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან და გავაფრთხილეთ, რომ ისინი მოქმედებენ „არანათელი“ ინსტრუქციებით. ჩვენი შეშფოთების მეორე საკითხია სასამართლო. გვინდა ვიხილოთ ნათელი და ნაკლებად არაობიექტური ინსტრუქციებით მოქმედება და ნეიტრალუირი ჩარევა სხვადასხვა საქმეებში. საკმაო დროა ამ პრობლემების გასასწორებლად. რასაც ვხედავთ, არის საზოგადოების დიდი პოლარიზაცია. შეიძლება ვცდები, მაგრამ პოლიტიკური მეტოქეები, თანამდებობის პირები და ოპოზიცია, როგორც ჩანს, საერთო ფასეულობებს არ იზიარებენ. ჩვენ გვინდა ვიხილოთ არჩევნები, როგორც დემოკრატიის ზეიმი საქართველოში“, - განაცხადა ტონინო პიცულამ.

მისივე თქმით, იმ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც მისიის შეშფოთებას იწვევს, მისიის წევრები მონიტორინგს კვლავ ყურადღებით გააგრძელებენ და თვალყურს მიადევნებენ პროცესებს.

„ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში მზარდ პოლიტიკურ პოლარიზებას. ჩვენს შეშფოთებას განსაკუთრებით იწვევს კანონის ზოგიერთი აღმსრულებელი ორგანოს მიერ გამოყენებული პრაქტიკა. ჩვენი ხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყენებს ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას, რათა გამოიძიოს კერძო პირისა თუ პარტიის ხარჯები, იღებს საეჭვო გადაწვეტილებებს და მკაფიო ან გამჭვირვალე ინსტრუქციების [guidelines] გარეშე აკისრებს მკაცრ ფინანსურ ჯარიმებს. დაკისრებული ჯარიმები არის არაპროპორციული და, როგორც ჩანს, გამოიყენება შერჩევითი ფორმით, ძირითადად - ერთი საარჩევნო სუბიექტის წინააღმდეგ“, - აცხადებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ხელმძღვანელი და დასძენს: „სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ასევე არის ფუნდამენტალური, რათა უზრუნველყოფილ იქნას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება... ამ ვიზიტის შემდეგ, ჩვენ გვაქვს შეშფოთების საფუძველი, თუ რამდენად არის შესაძლებელი სასამართლო სისტემის მხრიდან, მიიღო შესაფერისი სამართლებრივი დაცვის საშუალება“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკარდო მილიორიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება საარჩევნო კამპანიის დარჩენილ ბოლო კვირებში უზრუნველყოფს „ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობების შექმნას“. ამავე დროს, მილიორი საქართველოში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებს ხედავს.

„ჩვენ მნიშვნელოვანი თავგადასავალი გვქონდა ამ ქვეყანაში, რაც წინასაარჩევნო მონიტორინგს უკავშირდებოდა. ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენი მომავლისთვის. არჩევნები უნდა იყოს შემდეგი მნიშვნელოვანი მომენტი ევროპაში. ეს არის სამთავრობო და ოპოზიციური პარტიების მიზანი. ცოტა ლენინიზმია საარჩევნო კამპანიაში, რომლის მიზანია მტრების განადგურების მცდელობა და არა  - პროგრამების წარდგენა. ამ საზოგადოებაში არ არიან მტრები. მნიშვნელოვანია, პარტიებმა აჩვენონ ხალხს თავიანთი პროგრამები და იდეები. საქართველო მნიშვნელოვანი ერია, მნიშვნელოვანი ადგილი კავკასიაში, დემოკრატიის შუქია და ჩვენ აქ ვართ ამ შუქის ხაზგასასმელად“, - განაცხადა რიკარდო მილიორმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან 22 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელთა შეშფოთება

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის წევრთა შეშფოთებას წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადება, სადაც ასევე მკაცრად შეფასდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენებული „გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმები“.

ევროსაბჭოს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციურ კოალიციაში „ქართული ოცნება“ შემავალი პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო და განაცხადეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული „არაპროპორციული ჯარიმები, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას“.

ორმა თანამომხსენებელმა, მაიკლ იენსენმა დანიიდან და ბორის ჩილევიჩმა ლატვიიდან 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, რომ „ქართული ოცნების“ საბანკო ანგარიშების დაყადაღება აფერხებს ოპოზიციური კოალიციის მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმები ფაქტობრივად ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ეს შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ არსებობს არაერთიბრალდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოების შესახებ და ასევე სანდო ორგანიზაციების, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ცნობები, რომლებიცკითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ საკითხებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობას“, – აცხადებენ თანამომხსენებლები.

„საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის არსი ის არის, რომ უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და არა ის, რომ რომელიმე პარტია საარჩევნო მარათონიდან იქნას გაძევებული.“

„მომავალი არჩევნები და მისი დემოკრატიულად ჩატარება გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და უზრუნველყოს, რომ ყველა პარტიამ, მათ შორის კოალიციამ „ქართული ოცნება“, შეძლოს საარჩევნო  კამპანიაში სრულფასოვანი მონაწილეობა“, –ნათქვამია განცხადებაში.

PACE–ს ორი თანამომხსენებელი საქართველოში ვიზიტს 11–12 სექტემბერს გეგმავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ფარგლებში.

აღსრულების ბიურო გონზე მოვიდა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლების მიერ გამოთქმული შეშფოთებების შემდეგ საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, გადადოს კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებისთვის 2.85 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის ამოღების პროცედურა.

იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კოალიციის ანგარიშების დაყადაღების გარეშე, აღსრულება განახორციელა 122,000 ლარზე, რაც დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილია“.

„მიუხედავად ამისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით და კრედიტორ  - სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

საინტერესოა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სპიკერმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის კრიტიკული შეფასება „კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას დაუკავშირა“. ასეთივე რეაქცია ჰქონდა მმართველ პარტიას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თაბამომხსენებლების განცხადებასთან დაკავშირებით. რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ თანამომხსენებლები, სხვა არაერთ ადამიანთან ერთად, შეცდომაში არიან შეყვანილი.

საპარლამენტო უმრავლესობის ასეთი კომენტარები, ალბათ, ერთგვარად მიანიშნებს, თუ რამდენად მზად არის ხელისუფლება, გაითვალისწინოს საერთაშორისო დამკვირვებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეშფოთება, შეცვალოს რეპრესიული პოლიტიკა და შექმნას ნორმალური წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში.

ორიგინალი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: Jenny
2013-03-19 15:54
I can't believe I've been going for years wtoiuht knowing that.
სახელი: Aneisha
2013-03-12 19:24
This info is the cat's paamajs!
სახელი: Egypt
2013-03-12 19:24
Findnig this post. It's just a big piece of luck for me.
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC