კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგების ექსკურსია მესტიაში თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა

24 აგვისტო, 2012

მაკა მალაყმაძე, აჭარა

ხელვაჩაურის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან მესტიაში პედაგოგთა ექსკურსიისათვის 5 000 ლარი დაიხარჯა. საკრებულოს თავმჯდომარე, მალხაზ ფარტენაძე აღნიშნულს მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირებს. არასამთავრობო სექტორი კი აცხადებს, რომ ეს ამომრჩევლის მოზიდვაა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ კულტურული ღონისძიების ორგანიზებებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში შპს „ევროტრანს“-მა გაიმარჯვა. ტენდერში ერთი მონაწილე იყო და გამოყოფილი თანხის ოდენობა - 5 000 ლარი დარჩა ტენდერის საბოლოო ღირებულებადაც. გამარჯვებულმა შპს-მ 80 პედაგოგი ხელვაჩაურის გამგეობის ადმინისტრაციული შენობიდან მესტიაში და იმავე მარშრუტით უკანვე დააბრუნა, ასევე მათი ღამისთევა, კვება და მუზეუმში შესვლა უზრუნველყო.

„მე არ ვიცი პედაგოგები იყვნენ თუ სხვა თანამდებობის პირები. ჩვენ გავიმარჯვეთ ტენდერში და შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება“, - ამბობს humanrights.ge-სთან საუბრისას მალხაზ თურმანიძე, შპს „ევროტრანსის“ ხელმძღვანელი.

სატენდერო კომისიის წევრის, ქეთევან დევაძის განცხადებით, 80 პედაგოგი მუნიციპალიტეტის მასშტაბით შეარჩიეს და ყველა მათგანი წარმატებულია.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პედაგოგების ექსკურსიის დაფინანსებაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ ფარტენაძე: „რა შუაშია არჩევნები?! ჩვენ დავაფინანსეთ წარმატებული პიროვნებები რაიონის მასშტაბით. თქვენ არჩევნებზე ნუ ამახვილებთ ყურადღებას. ეს არ არის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა. ჩვენ ისინი წავახალისეთ“.


აღსანიშნავია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ, ქედის მუნიციპალიტეტმა საჯარო სკოლის მასწავლებელთა ექსკურსიის მომსახურებაზე, 20 აგვისტოს ტენდერი გამოაცხადა (იხ.: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=63157&lang=ge). ამ შემთხვევაშიც პედაგოგები მესტიაში მიდიან, ოღონდ მათი რაოდენობა 31-ს შეადგენს.

აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება. ტენდერის დოკუმენტაციაში მითითებული არ არის კონკრეტული თარიღი, როდის უნდა განახორციელოს ვალდებულება გამარჯვებულმა კომპანიამ. ვერც ხელვაჩაურის სატენდერო კომისიის წევრი ქეთევან დევაძე და ვერც შპს „ვეროტრანსის“ ხელმძღვანელი გვისახელებს ამ თარიღს. ჩნდება ეჭვი, რომ ექსკურსია 4 აგვისტოს განხორციელდა, მაშინ როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მესტიაში იმყოფებოდა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი ერთ-ერთი სკოლის პედაგოგს დაუკავშირდა. მან ვინაობის გამხელა მასზე მიმდინარე ზეწოლების გამო არ ისურვა: „არა მაქვს ინფორმაცია ჩვენი სკოლის პედაგოგების მესტიაში ექსკურსიაზე, მაგრამ ვიცი, რომ ბეშუმში წაიყვანეს. ჩემთვის ეს არ შემოუთავაზებიათ, რადგან იციან ჩემი პოლიტიკური შეხედულება“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი ჟანა ჩიქოვანი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან პედაგოგების ექსკურსიების დაფინანსებას ამომრჩევლის მოზიდვად აფასებს: „ბიუჯეტში არის გათვალისწინებული მსგავსი პროექტებისთვის თანხები. რადგან ეს ბიუჯეტშია გათვალისწინებული, კანონმდებლობით შეიძლება სწორად იყოს, მაგრამ როცა წინასაარჩევნო ეტაპზე ხდება ეს, უკვე ამომრჩევლის მოზიდვაა. ბიუჯეტიდან თანხა წინასაარჩევნო პერიოდში არ უნდა იხარჯებოდეს მსგავს ღონისძიებებზე. სკოლა არის დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულება, რომელსაც თავისი ბიუჯეტი აქვს და თვითმმართველობის ბიუჯეტიდან არ უნდა ხდებოდეს ექსკურსიების თუ სხვა კულტურული ღონისძიებების დაფინანსება. მით უფრო რომ ეს წინაასაარჩენო პერიოდში ხდება, ეს უკვე არის ამომრჩევლის მოზიდვის მიზნებიდან გამომდინარეა“.

ახალი ამბები