კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტერი ბენჰემი: „საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“

24 აგვისტო, 2012

ინტერპრესნიუსი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ სპეციალური მრჩევლის, საარჩევნო საკითხების ექსპერტის, ტერი ბენჰემის შეფასებით, საქართველოში ამომრჩეველთა სიები, ჯარიმები და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

როგორც ტერი ბენჰემმა „ინტერპრესნიუსის“ პრესკლუბში 24 აგვისტოს გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს კანონის შერჩევითი გამოყენების შემთხვევებიც.

მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საბოლოო სია არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა და აღმოჩენილი უზუსტობის შემთხვევაში მისი გასაჩივრება შეუძლებელია.

„ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაცია ერთი და იმავე პრობლემებზე მიუთითებს, მათგან ყველაზე დიდი ორგანიზაციები უშუალოდ ამომრჩეველთა სიების სიზუსტეზე, არსებული პოლიტიკური ჯარიმების სიდიდესა და ე.წ. კანონის შერჩევით გამოყენებაზე ამახვილებენ ყურადღებას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ რამდენიმე საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ“, - განაცხადა ამერიკელი ექსპერტმა.

კერძოდ, ტერი ბენჰემმა რამდენიმე ფოტო წარმოადგინა, რომელზეც ასახულია თბილისში, ჯავახიშვილის #13-19-ში, დადიანის #22-სა და ბარნოვის #84-ში არსებული შენობების ნანგრევები და აღნიშნა, რომ ამ ადგილებზე, შესაბამისად 46, 42 და 8 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

თუმცა, ბენჰემმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ აღნიშნული მონაცემები გასულ თვეს დადებულ სიაში აღმოაჩინეს და იმედი გამოთქვა, რომ ეს უზუსტობები ახალ სიაში აღმოფხვრილია. მისივე განმარტებით, ბოლო პერიოდში შეინიშნება გადაჭარბებული ჯარიმების დაკისრება და კანონის შერჩევითი ამკაცრება.

„უკანასკნელ ხანს სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით შემოღებული იქნა ახალი კანონი. ჩვენთან ამას თამაშის შუაში წესების შეცვლას ეძახიან, რაც აჩენს ეჭვებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები პოლიტიკურად მოტივირებულია. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისთვის გადაჭარბებული ჯარიმა დაეკისრა პოპულარულ ქართველ ფეხბურთელს 10 მილიონის ოდენობით. ეს ჯარიმა სამ ერთად აღებულ იმ ჯარიმასაც კი აჭარბებს, რომელიც აშშ-ში ოდესმე დაუწესებიათ. ასეთი ფაქტები საარჩევნო პროცესს ვნებს“, - აღნიშნა ტერი ბენჰემმა.

მისივე თქმით, საქართველოში იმყოფება არა იმისთვის, რომ ვინმე ოპოზიციიდან ან ხელისუფლებიდან გააკრიტიკოს, არამედ იმისთვის, რომ მისცეს რჩევა პოლიტიკურ სუბიექტებს, დაემორჩილონ კანონის უზენაესობას.

„საქართველო ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის და არავის ინტერესებშია, რომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს. არჩევნები ლაკმუსის ტესტია“, - განაცხადა ბენჰემმა და აღნიშნა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე „ღია დემოკრატიის კომიტეტს“ 20 დამკვირვებელი ეყოლება.

ამასთან, როგორც „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან მეფორდმა განმარტა, შესაბამის პროცედურებს ცესკო-ში დასარეგისტრირებლად დამკვირვებლები უახლოეს დღეებში გაივლიან.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ დაფინანსების წყაროებითაც დაინტერესდნენ, რაზეც ბრაიან მეფორდმა განაცხადა, რომ „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც კერძო შემოწირულობებით არსებობს და საარჩევნო პროცესებს საქართველოსა და უკრაინაში აკვირდება.

ახალი ამბები