კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არათანაბარი პირობები პარტიებისთვის - ოპოზიციური პარტიის ოფისი რეგიონში პრობლემასთან ასოცირდება

5 სექტემბერი, 2012

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

რუსთაველებს თამამად შეუძლიათ ნაციონალურ მოძრაობას უმღერონ - „თვალს გავახელ, ზედ წამწამზე მიზიხარ“. საქმე ისაა, რომ მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ რუსთავში 10 ახალი ოფისი გახსნა. ქალაქის ყველა უბანში პატიის სახელწოდებით, დროშებით და  ხუთაინებით გაფორმებული შტაბები ამუშავდა.

როგორც მოგვეხსენება, სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა საარჩევნო მარათონში ჩართული პარტიებისთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემაა. ის, რომ ეს პრინციპები რეგიონებში (და არა მარტო რეგიონებში) ირღვევა, სხვადასხვა საკითხებში ჩანს. ერთ-ერთი ასეთი თემა სწორედ, პარტიული ოფისებია.

ოპოზიციისთვის  ოფისების დაქირავება აბსოლუტურად ყველა რეგიონში  პრობლემად იქცა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერთბაშად 10 ოფისს ხსნის, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ გარდაბნის შტაბი საუბრობს იმ მიზეზებზე, რის გამოც გარდაბნელებმა მათ სახლი არ მიაქირავეს.

როგორც „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, თვეებით ეძებდნენ  „უშიშარ“ მოქალაქეებს რაიონში, რომლებიც მათ სახლს  მიაქირავებდნენ.  „მე ვერ ვიტყვი, რომ ახლაც ეს ოფისი რომელიმე რიგითმა მოქალაქემ მოგვაქირავა. თვეობით  ძებნა უშედეგოდ დასრულდა და  ბოლოს ოფისად საკუთარი სახლი ისევ ჩვენმა წევრმა - ტელმან გასანოვმა დაგვითმო. მანამდე ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, დავდიოდით კარგადაკარ, იყო არაერთი შემთხვევა, როცა მოქალაქე დაგვთანხმდა, მაგრამ  მეორე დღეს უარი გვითხრა. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ჩვენი მისვლიდან რამდენიმე წუთში მასთან პოლიცია შევიდა“, - ამბობს კოალიციის გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, ბაკურ ზურიანი.

ოფისთან დაკავშირებით კოალიციას პრობლემები ჰქონდა თეთრიწყაროშიც. ოფისის გახსნის ოფიციალური ცერემონიის ჩასატარებლად დაქირავებულ სახლში „ქართულ ოცნებას“ სახლის კიბეებთან მცირეწლოვანი ბავშვები დაახვედრეს. გაირკვა, რომ აღნიშნულ სახლში, სად იყო და სად არა, მრავალშვილიანი ოჯახი შესახლდა.
 
თავგადასავლები ჰქონდა რუსთავის კოალიციის ოფისსაც. ფართის მიქირავების შემდეგ, ობიექტის მეპატრონე პოლიციაში „მიიპატიჟეს“.

„მას შემდეგ რაც „ქართულ ოცნებასთან“ დავდეთ ხელშეკრულება, დამიბარეს რუსთავის პოლიციაში. მათ დამკითხეს და დამაწერინეს, რომ ვითხოვ „ქართულ ოცნებასთან“ დადებული შელშეკრულების შეწყვეტას. ამის შემდეგ მოვიდნენ ჩემს ოჯახში, დაკითხრეს დედაჩემი, გამოიკითხეს ჩემი ოჯახის წევრების დასაქმების ადგილი და სხვა მონაცემები. მითხრეს - ასე დავდივართ ყველა ოჯახშიო. მე გავიკითხე და გავიგე, რომ სამეზობლოში ჩემს გარდა არავისთან ყოფილან“, - საუბრობს ახლა უკვე კოალიციის წევრი, მამუკა მატკავა. ამ თემაზე საჯარო საუბრის შემდეგ აღნიშნულ ოფისთან დაკავშირებით პრობლემები არ ყოფილა. კოალიციაში ამბობენ, რომ ცდილობენ, მეორე ოფისი რუსთავის მარცხენა სანაპიროზე გახსნან.

ამავე თემაზე პრობლემების არსებობის გამო, სამცხე-ჯავახეთში კერძოდ - ადიგენში კოალიციამ პარტიული საქმიანობა კარავში დაიწყო. მას შემდეგ, რაც მერაბიშვილის სამშობლოში მათთვის ფართის მიქირავება ვერავინ გაბედა - კარავიც დასცეს.

„ჩვენ არ გვქონია პრობლემები ფართების დაქირავებასთან დაკავშირებით. სულ 10 შტაბი გავაკეთეთ რუსთავის სხვადასხვა უბნებში. რა თანხა ჯდება მათი დაქირავება ამ კითხვით, ალბათ, სჯობს წერილობით მიმართოთ პარტიას. რაც შეეხება შტაბებში წევრების რაოდენობას, ეს შიდაპარტიული საკითხია“, - გვისხნის რუსთავის ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი და ამავე დროს რუსთავის საკრებულოს წევრი, კახა ჩხაიძე.

ოფისთან დაკავშირებით პრობლემები არც „ქრისტიან-დემოკრატებს“ და არც „ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას“ ჰქონია. თუმცა, მათი ოფისები კონკურენციას ვერ უწევენ  ხუთოსანი პარტიის სოკოებივით მომრავლებულ  შტაბებს. 

ახალი ამბები