კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„არჩევნების გაყალბებას „ქართული ოცნების“ აქტივისტთა 37-ათასიანი ლაშქარი შეებრძოლება“

10 სექტემბერი, 2012

ნინო მშვიდობაძე, გურია

მაკა სახურია ლანჩხუთისთვის საკმაოდ ცნობილი სახეა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის პოლიტიკოს ბიძინა გუჯაბიძის მეუღლეა. მაკამ რამდენიმე ხნის წინ NDA-სა და IRI–ის კონკურსში გაიმარჯვა და ამჟამად სერტიფიცირებული ტრენერია. გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რაც მას არჩევნებთან დაკავშირებით დაუგროვდა, humanrights.ge-m რამდენიმე შეკითხვით მიმართა. ჩვენი საუბარი თემა განსაკუთრებით იმ დარღვევებს შეეხო, რასაც წინა არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან ჰქონდა ადგილი:

- საუბარი NDA და IRI კონკურსით დავიწყოთ. რას ეხებოდა ეს კონკურსი და რა გევალება კონკრეტულად?

- ამ ორგანიზაციებმა საკუთარ თავზე აიღეს საქართველოში წინასაარჩევნოდ კვალიფიციური საარჩევნო ტრენერების მომზადება ყველა პოლიტიკური ძალისთვის. კონკურსი არ ყოფილა. ეს იყო სწავლება და შემდეგ გამოცდა, რაც წარმატებით გავიარე და გავხდი  NDA-სა და IRI-ს მიერ სერთიფიცირებული საარჩევნო ტრენერი. უფლება მაქვს, საარჩევნო კანონმდებლობა ვასწავლო  კომისიის წევრებსა და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს.

არჩევნები არ ყალბდება მხოლოდ წინა დღეებში. გაყალბება უმთავრესად ხდება არჩევნების დღეს, უბნებზე, როგორ აპირებთ ამ ტოტალურ მანქანასთან ბრძოლას?

-  მე კი პირიქით მგონია. არჩევნები ნაკლები დოზით ყალბდება კენჭისყრის დღეს და გაყალბებას ტოტალური ხასიათი აქვს წინასაარჩევნო პერიოდში, როცა გარემო არის არადემოკრატიული, არასამართლიანი, მასობრივი ხასიათი აქვს პოლიტიკური სუბიექტებისა და მოსახლეობის დევნას, ტერორს, ძალადობას, ასეთ გარემოში სამართლიანი არჩევნების ჩატარება წარმოუდგენელია. დაშინებული მოქალაქე თავისუფალ არჩევანს ვერ გააკეთებს და ნებას თავისუფლად ვერ გამოხატავს. ეს ეროვნულ უბედურებად მიმაჩნია. ამას გულმოდგინედ და მოთმინებით ბრძოლა და შედეგზე ორიენტირებით შესაბამისი საქმიანობა უპირისპირდება. კენჭისყრის დღესაც ველოდებით გაყალბების მანქანის ნეგატივებს, მაგრამ საამისოდ მზად ვართ. „ქართულ ოცნებას“ ყველა საარჩევნო უბანზე ეყოლება 10 მოტივირებული და განსწავლული აქტივისტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც იქნება ორგანიზებული, მობილური და უკომპრომისო. ეს ჯგუფი იქნება გარანტი საარჩევნო უბანზე ხმების დაცვისა. 

- ჩემი თვალით მაქვს ნანახი როგორ იწერებოდა ოქმები „ნაციონალების“ საარჩევნო შტაბში და საოლქო კომისიაშიც კი. ამ ფაქტებით დასტურდება, რომ ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასთან გარიგებაში იყო. რას მოიმოქმედებთ ახლა? მსგავს გარიგებებს ისევ ექნება ადგილი?

- გამორიცხული არაფერია და შესაძლოა, მსგავს ფაქტებს ცალკეულ შემთხვევებში, ისევ წავაწყდეთ,  მაგრამ ვფიქრობ, წარსულს ჩაბარდა სუსტი და არაორგანიზებული ოპოზიციის უმოქმედობა და შემგუებლობა. „ქართული ოცნება“ მისთვის ესოდენ არათანაბარ პირობებში მაინც ახერხებს კვალიფიციური აქტივისტების მრავალათასიანი არმიის მობილიზებით წარმატებისკენ სვლას. გარიგებულებს და სულგაყიდულებს გამოვავლენთ და მათ გამყიდველის იმიჯი  სანანებელი გაუხდებათ საკუთარი სინდისის წინაშე, შელახულ რეპუტაციას ვერაფერი აღადგენს. ყველა გამოვლინდება, არაფერი იქნება დაფარული. 

უნდა ვაღიაროთ, რომ საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებმა ხშირ შემთხვევაში, თავიანთი უფლება-მოვალეობები არ იციან, მათთვის ერთადერთი რამ არსებობს: შეასრულონ დავალება და მმართველ პარტიას მიაღებინონ მაღალი შედეგი. ასეთ ვითარებაში, რამდენად არიან დატრენინგებულები კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საუბნო კომისიებში? რამდენად იციან მათ კოდექსი და თავიანთი უფლება-მოვალეობანი?

- „ქართულ ოცნებას“ სოლიდური საარჩევნო სკოლა ჰყავს, რომლის იურისტებმა სათანადოდ მოამზადეს ტრენერები და ტრენინგები რამდენიმე ეტაპად ტარდება ყველგან. აქტივისტები იმდენად მოტივირებულნი არიან და იმდენად გადამწყვეტია ეს არჩევნები, რომ ეს ხალხი მზად არის საარჩევნო კომისიებში სამუშაოდ, ყველას აქვს სახელმძღვანელო და შესაბამისი ინსტრუქციები, სწავლობენ, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და დარწმუნებული ვარ, სწორი საკადრო შერჩევის წყალობით ისეთი რესურსი გვყავს, რომელიც ღირსეულად გაართმევს თავს საკუთარ ფუნქციებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ლანჩხუთში, ოპოზიციის მყარად დადგომის შემთხვევაში, არაერთი ოქმი უნდა გაბათილებულიყო, რაც არ მოხდა. თუკი მსგავს არასწორად შევსებულ ოქმებს ექნება ადგილი, რას აპირებს კოალიცია?

- ეს გამორიცხულია. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ლანჩხუთში ოპოზიციას ფაქტობრივად არავინ წარმოადგენდა. იყო სუსტი, მოუმზადებელი ჯგუფები, რომლებსაც არც მოტივაცია ჰქონდათ და რაც სათანადო ცოდნა. ახლა ოქმებს ვერავინ გაგვიყალბებს. ცალკე სპეციალურად ვასწავლით გაყალბების მეთოდების საპირისპირო ქმედებებს და მათ შორის გაყალბებული ოქმების საწინააღმდეგო სტრატეგიას.

ამბობენ, რომ ID ბარათების მფლობელებს რამდენიმე ადგილას შეეძლებათ ხმის მიცემა, ვინაიდან ამ ბარათებში მითითებული არაა საცხოვრებელი ადგილი. როგორ აპირებთ ამის გაკონტროლებას?

- ამისგან დამცავი მექანიზმები კანონმდებლობაში დევს. სპეციალური კონტროლი გვექნება დაწესებული რეგისტრატორებზე და ნაკადის მარეგულირებლებზე. მარკირება, სიის მონიტორინგი, თითოეული ID ბარათის კონტროლი ამას გამორიცხავს. ერთი ამომრჩეველი სიაში ვერ იქნება რამდენიმე უბანზე (სიებზე დაუსრულებლად ვმუშაობთ) და ვინც სიაში არაა, ის ხმას ვერ მისცემს, რადგან რეგისტრატორებს ჩვენი წარმომადგენლები გააკონტროლებენ სრულად.

- ფაქტია, უდიდეს ძალასთან გიწევთ ბრძოლა, განსაკუთრებით - 1 ოქტომბერს. ჰყავს თუ არა კოალიციას დამკვირვებელთა მისია მოვლენილი ყველა საარჩევნო ოლქსა და უბანზე? განსაკუთრებით კი რეგიონებში?

- საამისო მზაობა არის, რესურსი არის, მობილიზება არის, შემიძლია, დაგარწმუნოთ. კოალიციის წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე შიგნითაც და გარეთაც იმუშავებენ თავდაუზოგავად. ისინი  აღჭურვილნი არიან სათანადო ცოდნით.

სუფსაში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა ფაქტს, როცა საუბნო კომისიის წინ იდგა ტრაქტორი სააკაშვილის ფოტოთი, ანუ აგიტაციას ჰქონდა ადგილი საუბნო კომისიის წინ, რაც კანონით აკრძალულია. აცანაში, საპარლამენტო არჩევნებისას საუბნო კომისიის წინ დაარიგეს პენსიები. ხიდმაღალაში კაბინაში შესული იყო სამი ამომრჩეველი ერთდროულდ. ოპოზიცია ამას ხედავდა და დუმდა. მსგავს ფაქტებს ახლაც უთუოდ ექნება ადგილი. რას აპირებს კოალიცია?

-  2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იმითაა გამორჩეული, რომ ეს ჩვენი უნიკალური შანსია, შევცვალოთ მოძალადე ხელისუფლება, რომელიც წლებია ასეთ უსამართლო გარემოში ცხოვრებას გვაიძულებს და ლახავს ჩვენს პიროვნულ და ეროვნულ ღირსებას. ყველაფერს კადრულობენ. ყველაფრის გამოვლენა, რეაგირება და გამოსწორება შეუძლებელიცაა, მაგრამ რეალობა შეცვლილია: ხალხმა იცის, რომ ეს რეჟიმი არ უნდა აირჩიოს, ეს გარემო უნდა შეცვალოს და იმდენად დიდია ხალხში ცვლილების და განვითარების სურვილი, რომ ამას წინ ვერაფერი დაუდგება, ვერაფერი დააოკებს. ხალხი იტყვის თავის სიტყვას, ხალხი პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად  გააკეთებს არჩევანს და გაიმარჯვებს 1 ოქტომბერს, ხელისუფლებაში მოიყვანს სოციალურ სამართლიანობაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ჯგუფს.

ძალიან იმედიანად ვარ, თავდაჯერებული აქტივისტების  37-ათასიანი ლაშქარი გვყავს, რომელიც არჩევნების გაყალბებას არამც და არამც არ დაუშვებს!

ახალი ამბები