კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებული სხვა მოქალაქეების ანგარიშებიც დაყადაღდა

12 სექტემბერი, 2012

ელენე ჭუმბურიძე

ივნისში დაწყებული  მოქალაქეების დაკითხვა, რომელთაც სხვადასხვა დროს  დახმარებისთვის ფონდ „ქომაგს“ მიმართეს, კვლავ გრძელდება. ამჟამად დასაკითხად ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებული სხვა მოქალაქეები დაიბარეს, რომელთა ანგარიშები მთლიანად დაყადაღებულია.

საქველმოქმედო ფონდი „ქომაგი“, განცხადებების საფუძველზე, მოქალაქეებს შუამდგომლობდა, მიეღოთ ფინანსური დახმარება ქართველი ემიგრანტებისგან.

მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური პოლიტიკური ან სხვა ნიშნით, ან ითვლებიან სიღარიბის ზღვარს მიღმა, მიმართავდნენ ფონდ „ქომაგს,“ რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ შეძლებულ ემიგრანტებს. ემიგრანტები თანხას რიცხავდნენ მოქალაქეების ანგარიშებზე, რომლებმაც „ქომაგს“ მიმართეს.  აღსანიშნავია, რომ იმ პირებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, მხოლოდ ხელფასის ოდენობის თანხა ერიცხებოდათ. ივნისში ჩარიცხული თანხა მაშინვე დაყადაღდა და ანგარიშის მფლობელები შსს-ს სხვადასხავა სამმართველოში დაიბარეს დასაკითხად. მათ კითხავდნენ მოწმის სტატუსით სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდებით, რაც ფულის გათეთრებას ეხებოდა.

ფონდ „ქომაგის“ იურისტის, შალვა შავგულიძის თქმით, დასაკითხად დაბარებულთა შორის ისეთი მოქალაქეებიც აღმოჩნდნენ, რომელთა ანგარიშზე თანხა არც ჩარიცხულა და მიუხედავად ამისა, ანგარიშები მაინც დაყადაღდა. მათ შორის ერთ-ერთი მოხუცებულის საპენსიო ანგარიშიც მოხვდა.

მოქალაქეებმა, რომლებსაც არ მიეცათ საშუალება, გამოეყენებინათ დახმარება, დაკითხვის შემდეგ თხოვნით მიმართეს ახლობლებს, რათა ამჟამად მათ ანგარიშებზე ჩარიცხულიყო თანხა. მართალია, მოსალოდნელი იყო, რომ ამ პირების ანგარიშებიც დაყადაღდებოდა, მაგრამ გასაჭირში მყოფი მოქალაქეები რისკზე წავიდნენ.

სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ალექსანდრე მშვიდობაძე 7 სექტემბერს დაიბარეს დასაკითხად. მის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე იცავს. ალექსანდრე მშვიდობაძე პენსიონერია, ჰყავს მოხუცი მშობლები, ასევე - და, რომელიც ოჯახის ერთადერთი ფინანსური წყაროა. რამდენიმე თვის წინ მის დას დაუყადაღეს ანგარიში „ქომაგთან“ კავშირის გამო. ამჟამად საქველმოქმედო ფონდს დახმარებისათვის ძმამ მიმართა. 7 სექტემბერს ჩარიცხული თანხა იმ დღესვე დაყადაღდა იმავე ბრალდებით - ფულის გათეთრების მცდელობა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, რომ ამ საქმეში ფულის გათეთრების არანაირ მცდელობას არა აქვს ადგილი. იურისტის განმარტებით, ფულის გათეთრება ნიშნავს გადმორიცხული თანხის სხვაგან გადარიცხვას პროცენტის დატოვებით. შესაბამისად, ეს ბრალდება სრულიად უსაფუძვლოა, რადგან დაყადაღებული ანგარიშების მფლობელებს ეს თანხა საკუთარი სოციალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სჭირდებოდათ. ამავე დროს, მათ ეს თანხა არსად არ გადაურიცხავთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ანგარიშები დაყადაღებული ჰქონდათ. გარდა ამისა, ქველმოქმედება კანონს არ ეწინააღმდეგება. „ყველაზე დიდი დარღვევა ის არის, რომ მოქალაქეები უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე არიან და მათ ეხმარება გარკვეული კატეგორიის ხალხი. ხელისუფლება კი დახმარებას  ამ ადამიანებამდე არ უშვებს“, – აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

იურისტის თქმით, დარღვევა კიდევ ის არის,  რომ მოქალაქეებს დაკითხვის შესახებ არანაირი წინასწარი შეტყობინება არ მიუღიათ.

ამ დროისათვის ფონდ „ქომაგთან“ დაკავშირებული მოქალაქეების ყველა ანგარიში დაყადაღებულია.

ახალი ამბები