უკვე სამი დღეა, ათასობით მომიტინგე, ძირითადად - სტუდენტები, გამოდიან თბილისის ქუჩებში, რათა დაგმონ პატიმრების წამება და ცუდი მოპყრობა და ხელისუფლების მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაში მიცემა მოითხოვონ.
მომიტინგეები, შეკრების ადგილად ფილარმონიას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საზოგადოებრივ მაუწყებელს, ე. წ. მოდულის შენობას და მთავარ პროკურატურას ირჩევენ.
20 სექტემბერს საქართველოში ბოლო წლების მანძილზე უმსხვილესი სტუდენტური აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომას ითხოვდნენ. ახალაია 2005–2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა და არაფორმალურად 20 სექტემბრამდე კურირებდა მას.
იმისთვის, რომ აქცია არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ იყოს გაიგივებული, მონაწილეებს მოუწოდეს, რომ არც ერთი პარტიის დროშა არ დაიკავონ.
20 სექტემბერს ბაჩო ახალაიამ შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის პოსტი დატოვა.
Humanrights.ge