კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთი – წინასაარჩევნო დაიჯესტი N 6

4 ოქტომბერი, 2012

15–დან 26 სექტემბრის ჩათვლით, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა რეგიონში დააფიქსირა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაკავების 14, აქედან ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების 12 ფაქტი; პოლიტიკური პარტიების აქტივისტების ცემის 9, აქედან სხეულის დაზიანების 2 ფაქტი; წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის 4 ფაქტი; სამსახურიდან გათავისუფლების 1; ზეწოლის 4; ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების 5 ფაქტი.

„ქართული ოცნების“ აქტივისტების და მხარდამჭერების დაკავება

შმაგი ბერიძიშვილი – 21 სექტემბერს, საგარეჯოში დააკავეს. „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სოფელ კოჭლაანში ამომრჩეველთან შეხვედრაზე რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა „ნაციონალური მოძრაობის“ მაისური გაიხადა და სანაცვლოდ „ქართული ოცნების“ მაისური ჩაიცვა. „პოლიცია კი დღეს აცხადებს, რომ ახალგაზრდას მსგავსი საქციელი შმაგი ბერიძიშვილმა აიძულა. სინამდვილეში, არავითარ იძულებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ხიდაშელმა. სასამართლომ ბერიძიშვილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ლევან ნუსხელიძე – 21 სექტემბერს, თელავის რაიონში დააკავეს. „ლევანს პოლიციაში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტმა უჩივლა. თანატოლი ბიჭები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს შეუგინია, ვინც „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცესო. ამან ვერ მოითმინა და გაარტყა, ნუ იგინებიო. წავიდა და უჩივლა, ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენაო. მაშინვე დააკავეს. სასამართლო პროცესი ისე ჩაატარეს, რომ არავის გააგებინეს. შეიძლებოდა, რომ 400 ლარით დაეჯარიმებინათ, მაგრამ 20 დღით დააპატიმრეს“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ზონის კოორდინატორმა ზურაბ ნუსხელიძემ.

გივი ნანობაშვილი – 22 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში დააკავეს. „გივი ნანობაშვილი ორ ახალგაზრდასთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, რა დროსაც პოლიციის მანქანა დაეწია და მას მანქანაში ჩაჯდომა მოსთხოვეს. ახალგაზრდებმა გაქცევა მოახერხეს, ხოლო გივი ნანობაშვილი კი ძალით ჩატენეს მანქანაში“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ სიღნაღის შტაბის უფროსმა ზვიად ჯანყარაშვილმა. სიღნაღის სასამართლომ გივი ნანობაშვილი წვრილმან ხულიგნობაში ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 100 ლარით დააჯარიმა.

უშანგი ნაპირელი – 22 სექტემბერს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ნიკოლოზ საზანიშვილის განცხადებით, რომელმაც სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, უშანგი ნაპირელი ქუჩაში უწმაწური სიტყვებით იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რის გამოც იძულებული გახდა, დაეკავებინა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა 22 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ წევრი უშანგი ნაპირელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 40 დღით პატიმრობა შეუფარდა.

შამილ რასულოვი – 24 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ჩანთლისყურეში დააკავეს. „ჩემი მეუღლე მეზობლის სახლის წინ პატრულმა დაკავა. მიზეზი არ აუხსნიათ. ჯერ გვიმალავდნენ, მერე გვითხრეს, რომ ყვარლის პოლიციაშია გადაყვანილი. ის იმიტომ დააკავეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მას არაფერი ჩაუდენია“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაკავებულის მეუღლემ ხალისა მაგამედოვმა. ყვარლის სასამართლომ შამილ რასულოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 60 დღით პატიმრობა შეუფარდა.

დომენტი ზუროშვილი – 24 სექტემბერს თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალში დააკავეს. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები გააკრა სოფელში, რის შემდეგაც მეგობრებთან ერთად სოფლის ცენტრში იჯდა. უცბად მივიდნენ უბნის რწმუნებული გრემელაშვილი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი, სტაცეს ხელი და წაიყვანეს. ზუროშვილი ეკითხებოდა რის გამო აკავებდნენ, მაგრამ მათ არაფერი განუმარტეს. ადვოკატი მთელი დღის განმავლობაში ეძებდა სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ყველგან აცხადებდნენ, რომ მათთან არ იყო შეყვანილი. ამასობაში ფარულად სასამართლო პროცესიც ჩაატარეს ისე, რომ ადვოკატი არ დასწრებია“, – განუცხადეს კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ თელავის შტაბში. თელავის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ წევრი, 29 წლის დომენტი ზუროშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 60 დღით პატიმრობა შეუფარდა.

შოთა ხუციშვილი – 24 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში დააკავეს. პოლიციამ ის წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დაადანაშაულა. რაში გამოიხატა წვრილმა ხულიგნობა, შს სიღნაღის სამმართველოში კახეთის საინფორმაციო ცენტრს ინფორმაცია არ მიაწოდეს. სასამართლომ შოთა ხუციშვილს 40 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ კიკილაშვილი – 24 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში დააკავეს. პოლიციაში მას „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ მყოფი სააგენტოს „info9.com.ge“–ის წარმომადგენელმა ნათია მირიანაშვილმა უჩივლა, რომელმაც განაცხადა, რომ გადაღების დროს ნიკოლოზ კიკილაშვილმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ხელი ატკინა. სასამართლომ ნიკოლოზ კიკილაშვილი წვრილმან ხულიგნობაში სამართალდამრღვევად სცნო და 40 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ნიკა გოგილაშვილი – 25 სექტემბერს, გურჯაანის რაიონში დააკავეს. „გურჯაანში მიდიოდა „ქართული ოცნების“ აქციაზე, პოლიციამ გააჩერა და დააკავეს. „აყვანის დროს დაზიანება მიიღო, მხარი ამოვარდა. ჯერ გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს, მხარი ჩაუსვეს და ისე გადაიყვანეს პოლიციაში“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის წევრმა ზურა ჩიკვაიძემ. გურჯაანის სასამართლომ 25 წლის ნიკა გოგილაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და მას 50 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ვალერიან თამაზაშვილი – 25 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში დააკავეს. „სოფელში დააკავეს, აქციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის წევრმა ზურა ჩიკვაიძემ. გურჯაანის სასამართლომ 27 წლის ვალერიან თამაზაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და მას 40 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ნათიკ რასულოვი – 25 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში დააკავეს. რასულოვი „ქართული ოცნებიდან“ სოფელში საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრია. პოლიციამ ის დაუმორჩილებლობაში დაადანაშაულა. შს საგარეჯოს სამმართველოში არ განმარტეს, დაუმორჩილებლობა რაში გამოიხატა.  სასამართლომ ნათიკ რასულოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 40 დღით პატიმრობა შეუფარდა. პოლიციას რასულოვი აგვისტოშიც ჰყავდა დაკავებული, მაშინ რასულოვმა 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მოიხადა. იზოლატორში გადაყვანამდე რასულოვი სოფელ მელაანის ტყეში სასტიკად ცემეს.

ზაქარია გაგნიაშვილი – 25 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ წყაროსთავში დააკავეს. პოლიციამ მას ბრალად წვრილმანი ხულიგნობის ჩადენა წაუყენა. „24 სექტემბერს, ზაქარია მთელი დღე ჩემთან ერთად იყო თბილისში, ცესკოს წინ, აქციაზე. 25 სექტემბერს, დილით ათ საათზე დააკავეს ბენზინგასამართ სადგურზე, გუშინ საღამოს გვაგინებდიო და ძალიან მაინტერესებს სად აგინებდათ? ყველა ტელევიზიას აქვს გადაღებული, კადრებში ჩანს, რომ თბილისში მთელი დღე იყო ცესკოს წინ, ჩემს გვერდით“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნებიდან“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა. ზაქარია გაგნიაშვილს სასამართლომ 40 დღით პატიმრობა შეუფარდა.

ნუგზარ კაპანაძე – ლაგოდეხის პოლიციის თანამშრომლებმა 25 სექტემბერს დააკავეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის შტაბის ხელმძღვანელმა გაგა ღამბაშიძემ განუცხადა, სამართალდამცავებმა ნუგზარ კაპანაძე იმის გამო დააკავეს, რომ აფენის მაცხოვრებლები პრემიერ – მინისტრ ვანო მერაბიშვილს შეძახილებით დახვდნენ. „მერაბიშვილის კოლონამ გაიარა და აფენში მცხოვრები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეძახილებით დახვდნენ. კაპანაძე ამ ზონის კოორდინატორია, მეორე დღეს დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს“, – განაცხადა ღამბაშიძემ. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნუგზარ კაპანაძეს 60 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ნუგზარ კაპანაძე ყვარლის იზოლატორშია მოთავსებული. 

ილია სულიაშვილი – 26 სექტემბერს, სოფელ ჩალაუბანში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატების გაკვრის გამო დააკავეს. როგორც სულიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, ის დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს. პოლიციამ „ქართული ოცნების“ პროგრამა „კარდაკარის“ რეგისტრატორი ილია სულიაშვილი 1–ელ ივლისსაც დააკავა. ის წვრილმანი ხულიგნობის ჩადენაში დაადანაშაულეს და სასამართლომ 35 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ილია სულიაშვილს სხეულის დაზიანებები აღენიშნებოდა. მას პოლიციაში სოფელ ჩალაუბანში მცხოვრებმა გიორგი და ლალი ფრიდონაშვილებმა უჩივლეს, რომლებიც კახეთის ყოფილი გუბერნატორის, ამჟამად კი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის ახლობლები არიან. ილია სულიაშვილს პატიმრობის ვადა 5 აგვისტოს დაუმთავრდა. პატიმრობის პერიოდში ნერვიულობის ნიადაგზე მას მამა გარდაეცვალა. ილია სულიაშვილი დაკრძალვაზე ბორკილდადებული რამდენიმე წუთით მიიყვანეს.

25 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ არცერთი დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, არამედ მოხდა რეაგირება გარკვეულ ინციდენტებზე. „სამწუხაროდ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ძალადობრივი ქცევის შემთხვევებმა, სადაც ხშირად ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში შემჩნეული პირები. წინა პერიოდში არსებული მშვიდი გარემოს მიუხედავად, ციხის სკანდალური კადრების გამოჩენის შემდგომ სიტუაცია დაიძაბა და გაჩნდა აგრესიული, დაშინების, მუქარის და ზოგ შემთხვევებში ძალადობრივი ქმედების ფაქტები. მათ შორის იმატა საჯარო მოხელეების და პოლიტიკური პარტიების მხადრამჭერთა მიმართ მუქარებმა და ხშირ შემთხვევებში თავდასხმის ფაქტებმა ან თავდასხმის მუქარებმა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკური აქციების უმეტესობა მშვიდობიან ხასიათს ატარებს, ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტების ქცევა პრობლემატური გახდა წინასაარჩევნო პერიოდში. ყველა სამართალდამცავს და პოლიციის ოფიცერს მიეცა განკარგულება შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიურ პერიოდში. ხსენებული კონფლიქტების უმეტეს შემთხვევებში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ დაუპატიმრებიათ და დაუკავებიათ არცერთი პირი, თუმცა იმ შემთხვევებში, სადაც არსებობდა საშიშროება, რომ მომხდარიყო ფიზიკური ძალადობა მოქალაქეების ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ სამართალდამცავები ვალდებული იყვნენ რეაგირება მოეხდინათ, რათა არ გადაზრდილიყო სიტუაცია უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში. იმ შემთხვევებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება საშიშროების წინაშე იდგა, პოლიცია ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ პოლიცია მაქსიმალურად თავშეკავებულად მოქმედებს იმ სიტუაციებში, სადაც მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ.“, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

შეშფოთებული ვარ საქართველოში აქტივისტების დაკავების გამო – ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, რიკარდო მილიორის ეს განცხადება რადიო „ამერიკის ხმამ“ 26 სექტემბერს გაავრცელა. „შეშფოთებული ვარ საქართველოში მედიასა და სამოქალაქო ჯგუფებში დაფიქსირებული ფაქტების გამო, რომლებიც ოპოზიციასთან დაკავშირებული აქტივისტების დაკავების შემთხვევებს ასახავს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირაც არ არის დარჩენილი,“ - ამბობს მილიორი და აღნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ყოფნისას მომავალი არჩევნების მნიშვნელობაში დარწმუნდა. მან გამოთქვა იმედი, რომ დარჩენილი საარჩევნო კამპანია და არჩევნების-შემდგომი პროცესები მშვიდად ჩაივლის. მილიორიმ ყველა მხარეს მოუწოდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ. მილიორის განცხადებით, სერიოზული მიდგომა სჭირდება დაკავების ფაქტებსა და მხარეების მიერ გაკეთებულ ბრალდებებს, რომელთა საფუძველზეც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური აქტივისტების თამაშიდან გათიშვა ხდება.

26 სექტემბერს, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ სამართალდამცავ ორგანოებს დასჯის მსუბუქი ზომების გამოყენების რეკომენდაცია მისცა. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი დემოკრატიისთვის. ბოლო დღეების განმავლობაში შეინიშნება ძალადობრივი ინციდენტების ზრდის შემაშფოთებელი ტენდენცია. ჩვენი მონაცემებით, დაახლოებით 30 ადამიანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. არიან დაჯარიმებულებიც. მინდა მოვუწოდო სამართალდამცავებს, მნიშვნელოვანია ამ ძალადობის გავრცელება არ მოხდეს, მაგრამ სადაც შესაძლებელია გამოყენებული იყოს დასჯის მსუბუქი ფორმები, მაგალითად ჯარიმა“, - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ეს არის უწყებათაშორისი კომისიის მკაფიო რეკომენდაცია სამართალდამცავებისადმი.

აქტივისტების ცემა

პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცემა – 22 სექტემბერს, სიღნაღის რაიონის დაბა წნორში, საქართველოს პარლამენტის წევრმა, სიღნაღის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნუგზარ აბულაშვილმა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გელა და ვახტანგ დარჩიაშვილები ცემა. ნუგზარ აბულაშვილი ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ სიღნაღის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ბეჟაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს. ცემის შედეგად გელა დარჩიაშვილმა სხეულის დაზიანებები მიიღო. მას სამედიცინო დახმარება წნორში, „არქიმედეს“ კლინიკაში აღმოუჩინეს. „ქართული ოცნების“ ოფისში მივდიოდი. პოლიციის შენობის გვერდზე იდგა ნუგზარ აბულაშვილი რამდენიმე კაცთან ერთად. დამიძახა, აბა ერთი წუთით მოდიო. მივტრიალდი, რა ხდება მეთქი და ახლოს მოდიო. მივედი, რა არის მეთქი და შენო 5 000 ხომ ჩაგირიცხეს ღეროვანი უჯრედის გადანერგვა რომ გაიკეთეო? კი მეთქი და მერე მე შენიო, გინება დამიწყო. ეხლა ოცნების მაიკა უნდა გეცვასო? ამის შემდეგ დამარტყა. ჯერ ჩემს ძმას დაარტყეს, იქით გაათრიეს, მერე მე დამარტყეს. თვითონ ნუგზარმა დამარტყა. წამაქციეს და სულ წიხლები მირტყეს, ღვიძლი გამოგისწორეთო და ღვიძლი უნდა ჩაგიშალოთო, ისევ წიხლებს მირტყამდნენ. მერე ჩვენი ბიჭები დაინახეს, ზემოდან მოდიოდნენ, ჩასხდნენ მანქანაში და გაიქცნენ. ხუთნი თუ ექვსნი იყვნენ, ვეღარ დავთვალე“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გელა დარჩიაშვილმა. „არქიმედეს“ კლინიკის ხელმძღვანელის ნუკრი ყარალაშვილის თქმით, გელა დარჩიაშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა. მას რამდენიმე ადგილზე მსუბუქი დაჟეჟილობა აქვს. დარჩიაშვილი კლინიკიდან იმავე დღეს გაწერეს. პარლამენტის წევრმა ნუგზარ აბულაშვილმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. განმარტების გაკეთებაზე უარი თქვა „ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის კოორდინატორმა გიორგი ბოტკოველმაც. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გამოძიებას სიღნაღის პოლიცია აწარმოებს. სამართალდამცავებს ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=_PtAoHav7sA

გურჯაანში 6 ახალგაზრდა ცემეს – 23 სექტემბერს, ღამით, გურჯაანში ცემეს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაჩი დათუაშვილი, გიორგი კახიძე, ნიკა ჯოხაძე, ვიტალი ხატიაშვილი და გიორგი გერგიძე. „დაახლოებით 24:00 საათისთვის, გურჯაანის ერთ–ერთ უბანში, კოტეხში ვამოწმებდით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო პლაკატებს, რომელიც წინა დღეს ჩამოხიეს. ჩვენ ჩამოხეული პლაკატები უნდა გამოგვეცვალა და ამავე დროს უნდა გამოგვევლინა ის პირები, ვინც პლაკატებს ხევდნენ. ამ დროს გაჩერდა თეთრი ფერის მიკროავტობუსი სახელმწიფო ნომრით DIT-022 და ორი მსუბუქი ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჯემალ სეფიაშვილი, მიშო ღვინიაშვილი, თორნიკე სიბაშვილი და სხვები, სახელი არ ვიცით, თუმცა ამოცნობა შეგვიძლია. მათ დაგვიწყეს ცემა, ლანძღვა – გინება, რაც ჩვენ კამერით დავაფიქსირეთ. მათ თან ჰქონდათ ე.წ. ბეისბოლის ჯოხები. იძულებულები გავხდით იქაურობა დაგვეტოვებინა. „ქართული ოცნების“ ოფისში რომ მივედით, ოფისის წინ მოძრაობდნენ ავტომანქანები BUM-100 და ასევე BMW–ს მარკის ავტომანქანა, საიდანაც გვაყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ჩვენს ავტომანქანას „ფორდ ტრანზიტს“ სახელმწიფო ნომრით GVG-304 დაუზიანეს ორი საბურავი, დანით დაჭრეს“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის ახალგაზრდული მოძრაობის ხელმძღვანელმა დაჩი დათუაშვილმა. ცემის შედეგად ახალგაზრდებს სხეულის დაზიანებები არ მიუღიათ.

24 სექტემბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, გურჯაანში, კურორტ „ახტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე თავს დაესხნენ „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის ახალგაზრდული მოძრაობის წევრს ნიკა პატარქლიშვილს. თავდასხმის შედეგად ნიკა პატარქლიშვილმა თავის ტვინის შერყევა მიიღო. გურჯაანის სამედიცინო ცენტრში ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. დაზარალებული მკურნალობის კურსს გადის. „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, ახალგაზრდები, რომლებმაც „ქართული ოცნების მხარდამჭერები ცემეს, ჩინოვნიკების ნათესავები და საჯარო მოსამსახურეები არიან. „ესენი არიან ოთარ იმერლიშვილი – გურჯაანის გამგეობის თანამშრომელი, გურჯაანის კომუნალური სამსახურის უფროსის დავით აბაზაშვილის შვილი; მიშიკო ღვინიაშვილი („ნაციონალური მოძრაობიდან გურჯაანის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის ბიძაშვილის შვილი), ჯემალ სეფიაშვილი, თემურ ბუწაშვილი – გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების სპეციალისტი და თორნიკე სიბაშვილი, რომელიც კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი სიბაშვილის ძმის შვილი და გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის გოჩა სიბაშვილის შვილია“, – განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა. ახალგაზრდების ცემის ფაქტზე გამოძიება გურჯაანის პოლიციამ დაიწყო. გამომძიებელმა დაკითხა მანანა ბერიკაშვილი და „ქართული ოცნების“ გურჯაანის შტაბის უფროსი გიგა ბერაძე. არ დაუკითხავთ დაზარალებული ახალგაზრდები.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=tY56QCe5JlU

წინასაარჩევნო შეხვედრების ჩაშლის მცდელობა, ხელშეშლა

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრები კახეთში – 25 სექტემბერს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგებში ახმეტაში, ყვარელსა და გურჯაანში იმყოფებოდა, სადაც ის მხარდამჭერებს შეხვდა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ყვარელსა და გურჯაანში მას საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ. ყვარელში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები შეხვედრის მიმდინარეობისას სიგნალებით და ხმამაღალი შეძახილებით გადაადგილდებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ყვარლის გასასვლელში ბიძინა ივანიშვილის ესკორტს ე.წ „სირცხვილის კორიდორი“ მოუწყეს. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებთან ერთად ყვარელში იმყოფებოდა სოფელ მთისძირის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული მალხაზ კალაიჯიშვილი, რომელიც შვებულებით არ სარგებლობს.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=oGs2bVN2KVU

გურჯაანში ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, რომელთა შორის მრავლად იყვნენ სკოლის მოსაწავლეები, დიდების მემორიალთან დახვდნენ ტრანსფარანტებით „რუსულ (ქართული) ოცნება“, „უარი წარსულზე ოცნებას“, „41–ე ქართული სირცხვილი“. შეხვედრის მიმდინარეობისას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სცენიდან დაახლოებით 40 მეტრის მოშორებით იდგნენ და ხმამაღლა ყვიროდნენ: „მოღალატე, წადი“, „საქართველო პინგვინების გარეშე,“ „მიშა, მიშა“. განსაკუთრებით აქტიურობდნენ გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილის გიორგი სიბაშვილის შვილი თორნიკე სიბაშვილი, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის დავით ფურცელაძის შვილი და  გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები ოთარ იმერლიშვილი და თემურ ბუწაშვილი. მათ ივანიშვილს სირცხვილის კორიდორი გურჯაანშიც მოუწყეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს შორის სიტუაცია დაიძაბა, თუმცა „ქართული ოცნებიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მანანა ბერიკაშვილის ჩარევის შემდეგ სიტუაცია მალევე განიმუხტა.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=4HIlQ49Vxiw

26 სექტემბერს, ლაგოდეხში, ქალაქის შესასვლელში, ბიძინა ივანიშვილის კორტეჟს „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა გზა გადაუკეტეს და საახალწლო ასაფეთქებლების სროლა დაიწყეს. ივანიშვილის კორტეჟი ლაგოდეხში რომ არ შეეშვათ, ამისათვის ხიდზე სატვირთო მანქანები ჩააყენეს, რის გამოც რამდენიმე წუთის განმავლობაში ლაგოდეხი – თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, რომელიც ლაგოდეხის გავლით საქართველოს აზერბაიჯანთან აკავშირებს, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები უცენზურო სიტყვებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდების გამოწვევას ცდილობდნენ. მოხდა ინციდენტიც, რომელიც მალევე განიმუხტა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციას საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ კაკალაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გოზალიშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ლოლაძე ხელმძღვანელობდნენ, რომელიც წინასაარჩევნოდ შვებულებაში იმყოფება. საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილი ლაგოდეხში ამომრჩევლებს მაინც შეხვდა. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ლაგოდეხის გამგებელმა „ქართული ოცნების“ ლიდერი ქალაქიდან სტვენით გააცილა.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=r8eRqonGCPc

6 სექტემბერს, დედოფლისწყაროში, გზაზე, სადაც ივანიშვილის კორტეჟს უნდა გაევლო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ლურსმნები დაყარეს.

26 სექტემბერს, სიღნაღში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერს ამომრჩევლებთან შეხვედრა გამგეობის შენობის წინ ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ 200–მდე აქტივისტმა გამგეობის წინ ტერიტორია დაიკავა და ივანიშვილს და მის მხარდამჭერებს იქ შეხვედრის ჩატარების საშუალება არ მისცეს. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით ივანიშვილმა ამომრჩევლებთან შეხვედრა პოლიციის შენობის უკან მდებარე მოედანზე გადაწყვიტა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლა მოინდომეს, კოალიციის აქტივისტებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა „ქართული ოცნების“ წევრებს დროშის ტარები დაარტყეს. დაშავდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, 29 წლის გიორგი ფხოველიშვილი. დაშავებული ჯერ წნორის სამედიცინო ცენტრში მოათავსეს, საიდანაც კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. წნორის სამედიცინო ცენტრის დირექტორის ნუკრი ყარალაშვილის განცხადებით, დაშავებულს ცხვირი ჰქონდა ჩამტვრეული. აღსანიშნავია, რომ მმართველი პარტიის აქტივისტებს სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატი ნუგზარ აბულაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ დროისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის უფროსია სიღნაღის რაიონში. სიტუაციის განმუხტვა პოლიციელებმა მოახერხეს, რომლებიც ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ყოფნის მიუხედავად, შემთხვევის ადგილზე გვიან მივიდნენ. შეხვედრის მიმდინარეობის პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები „მიშა – მიშას“ სკანდირებდნენ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს უცენზურო სიტყვებით აგინებდნენ. პოლიციას არავინ დაუკავებია. შეხვედრის დამთავრების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის მანქანას „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ქვები და ბოთლები დაუშინეს. ერთ–ერთმა აქტივისტმა მანქანის შუშას ხელი დაარტყა, შუშა გატყდა და აქტივისტს ხელი გაეჭრა.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=XSHZKlInGa0

პლაკატების გაკვრის დროს აქტივისტი დააჯარიმეს – „ქართული ოცნების“ თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გელა სამხარაულის განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, 20 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ აქტივისტი, რომელიც სააგიტაციო პლაკატებს აკრავდა, დააჯარიმეს. „ღამის სამ საათზე პატრულმა გამაჩერა იმიტომ, რომ საბარგული მქონდა ახდილი. საბარგულში გელა სამხარაულის პლაკატები მქონდა ჩაწყობილი, რომლებსაც ვაკრავდით, თან ბერას სიმღერა მქონდა ჩართული. საბუთები მივაწოდე, ნასვამი არ ვიყავი, მაგრამ 100 ლარით დამაჯარიმეს. მიზეზი რომ ვერაფერი მიპოვეს, ბოლოს გაზის ბალონის საბუთი მომთხოვეს, რაც თელავში 90%-ს არა აქვს, მაგრამ ალბათ დავალება ჰქონდათ. ყველამ იცის, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვარ, მანქანასაც ცნობენ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა გიგა სოზაშვილმა.

სამსახურიდან გათავისუფლება, ზეწოლა

„მეცხრე არხის“ ჟურნალისტის დედა სამსახურიდან გაათავისუფლეს – ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ კახეთის კორესპონდენტის თეა ალავერდაშვილის დედა ესმა ალავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ესმა ალავერდაშვილი გურჯაანის სამხატვრო სკოლის დირექტორად მუშაობდა. ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, სამხატვრო სკოლის რეორგანიზაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 7 სექტემბრის 57–ე განკარგულების საფუძველზე განხორციელდა. საკრებულომ სამხატვრო სკოლას რეგისტრაცია გაუუქმა და ის სამუსიკო სკოლების გაერთიანებას შეუერთა. განკარგულებაში არ არის მითითებული, რატომ გახდა აუცილებელი სამხატვრო სკოლისთვის რეგისტრაციის გაუქმება. 2012 წლის 7 სექტემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოსცა განკარგულება N59, რომლითაც ესმა ალავერდაშვილი სამხატვრო სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.  განკარგულებებს ხელს საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე სირბილაშვილი აწერს. 2012 წლის 17 აგვისტოდან საკრებულოს თავმჯდომარე ზაქარია იაგანაშვილი შვებულებაშია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ღვინიაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს. ესმა ალავერდაშვილის თქმით, სამსახურიდან იმის გამო გაათავისუფლეს, რომ მისი შვილი თეა ალავერდაშვილი ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ კორესპონდენტია. „სამხატვრო სკოლაში 9 ადამიანი ვმუშაობდით. დირექტორის გარდა მე პედაგოგადაც ვმუშაობდი. რეორგანიზაციის შედეგად მხოლოდ მე გამათავისუფლეს“, – განუცხადა ესმა ალავერდაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს. სამხატვრო სკოლიდან ის ხელფასის სახით ყოველთვიურად 230 ლარს იღებდა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით ჰქონდა გაფორმებული. აღსანიშნავია, რომ ესმა ალავერდაშვილი 25 ივლისიდან კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა, 29 ივლისს ის შვებულებიდან გამოიძახეს და რეორგანიზაციის დაწყების და სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გააფრთხილეს.

სროლები დედოფლისწყაროში ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან – 16 – 17 სექტემბერს, დედოფლისწყაროში, კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან უცნობმა პირებმა იარაღიდან ოთხჯერ გაისროლეს. ირაკლი ღარიბაშვილის მშობლებმა პოლიციას იმ ავტომობილების ნომრებიც მიაწოდეს, საიდანაც გასროლა მოხდა, თუმცა სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. „16 სექტემბერს, საღამოს 10 საათზე შემომესმა დაახლოებით 4 გასროლის ხმა. მაშინვე გამოვედი აივანზე და დავინახე მანქანა, რომელიც წავიდა ქალაქის მიმართულებით. მძღოლის გვერდით მჯდომი ახალგაზრდა ბიჭი დავინახე. მანქანა მწვანე ფერის  იყო, ნომერი LEL – 188. პოლიცია გამოვიძახეთ, მოვიდნენ, ტერიტორია დათვალიერეს, მაგრამ „გილზები“ ვერ იპოვეს.  ახსნა–განმარტება მივეცი, მეზობელმა მიხეილ ბახუტაშვილმაც დაუდასტურა, რომ მასაც შემოესმა სროლის ხმა, მაგრამ გარეთ არ გამოუხედავს. მეორე დღეს, 16:50 საათზე 4 გასროლის ხმა როგორც შემომესმა, მაშინვე გამოვედი გარეთ და დავინახე ყვითელი მარშუტკა, თეთრი თავსახური ჰქონდა, საკმაოდ ახალი იყო ვიზუალურად. დიდი სიჩქარით გაიქცა და ნომერი ვერ დავინახე,“ – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ირაკლი ღარიბაშვილის დედამ მარინა ყორანაშვილმა. ტარიელ ღარიბაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა, საიდანაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ამჟამად ტარიელ ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=9cWmyUwCr2Y

დეპუტატობის კანდიდატი სოფლის გამგებლებს დაემუქრა – Youtube–ზე გავრცელდა ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, სადაც „ქართული ოცნებიდან“ ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლუკა კურტანიძე სოფლების ნინიგორის და კაბალის ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს თენგიზ სამხარაძეს და ჯემალ ნიაზოვს ემუქრება. „მე გაფრთხილებ შენ გინდა აქ ცხოვრება? არ გადაყვე ამათ. მაშინ თავი დაანებე აგიტაციას მეთქი. შენ შეგიძლია განცხადება დაწერო და წახვიდე ამ სამსახურიდან თუ გინდა, რომ ხვალ შენ ადამიანად მოიხსენიებოდე“, – განუცხადა კურტანიძემ სამხარაძეს. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში კურტანიძემ რწმუნებულებთან შეხვედრის და მუქარის ფაქტი დაადასტურა.

http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=zuD1C8YqjWU
http://www.youtube.com/my_videos_edit?ns=1&video_id=mGy9D51Tu-A

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება

40 ლიტრი ღვინო ნაციონალების სახელით – 21 სექტემბერს სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჩუმლაყში სახელმწიფო საწარმო „გრუზვინპრომის“ ღვინის დარიგება დაიწყეს. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა აბო კასრელიშვილმა განაცხადა, რომ ღვინო სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის, ვისაც სეტყვამ მოსავალი გაუნადგურა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამოყო. გურჯაანში მდებარე კომპანია „გრუზვინპრომი“ სახელმწიფო საწარმოა და უკვე რამდენიმე წელია კახეთში დიდი რაოდენობით ყურძენს გლეხებისგან სწორედ ეს საწარმო იბარებს. ღვინოს სოფლის გამგებლის შვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიგებდნენ. ღვინის დარიგების პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები პარტიის სასარგებლოდ აგიტაციასაც ეწეოდნენ. ღვინის დარიგების პროცესის გადაღებამ სოფელ ჩუმლაყის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის იორამ ორთოიძის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჯერ ვიდეოკამერას ჰკრა ხელი, ხოლო შემდეგ ჟურნალისტების მისამართით უცენზურო სიტყვებით იგინებოდა.

http://www.youtube.com/watchfeature=player_embedded&v=KeanL3NRi4g

საჯარო მოხელეები აქციაზე სამუშაო დროს – 24 სექტემბერს, 17:00 საათზე, გურჯაანში, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პრემიერ – მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. პრეზიდენტმა შეკრებილებს, რომელთა შორის მრავლად იყვნენ სკოლის მოსწავლეები, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალერი ბარნაბიშვილი, სოფელ კარდენახის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი გოგია ტეტელოშვილი, სოფელ ველისციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნუკრი ბახლიშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ემზარ ჯანაშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან მიიღო, აღნიშნული პირებიდან არცერთი საჯარო მოხელე შვებულებაში არ იმყოფება.

http://www.youtube.com/watch?v=gykvmZM7mgY

დარღვევეზე რეაგირება

ახმეტის გამგეობის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი 2 ათასი ლარით დაჯარიმდა – ახმეტის სასამართლომ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ომარ მარუქაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. მოსამართლემ მარუქაშვილი წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისთვის 2 ათასი ლარით დააჯარიმა. 6 სექტემბერს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე და ახმეტის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ომარ მარუქაშვილი საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაში დაადანაშაულა. საია მარუქაშვილის 2000 ლარით დაჯარიმებას და ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებგვერდებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების გაშუქების ფაქტებმა ბოლო პერიოდში საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ვებგვერდი myakhmeta.ge გათიშულია. ახმეტის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით 2009 წლის აგვისტოში დაფუძნდა. მისი სამართლებრივი ფორმა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირია. ახმეტის საინფორმაციო ცენტრი ახმეტის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარით ფინანსდება.

დაიჯესტზე პასუხისმგებელი პირი გელა მთივლიშვილი: Mtivlishvili@gmail.com ტელ: +995 99 34 34 77


იხილეთ წინა დაიჯესტები:
http://ick.ge/ka/articles/11902--n1.html

http://ick.ge/ka/articles/11988-----n2.html

http://ick.ge/ka/articles/12076--n2.html

http://ick.ge/ka/articles/12180-----n-4.html

http://ick.ge/ka/articles/12348-----n-5.html

ახალი ამბები