კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოწმეები აცხადებენ, რომ სერჟანტმა ჯარისკაცი ჯერ წიხლებით ცემა, მერე კი დაემუქრა

18 ოქტომბერი, 2012
 
ნათია დანელიშვილი , კახეთის საინფორმაციო ცენტრი

19 წლის ჯარისკაცის კობა მახარაშვილის საქმეზე გორის რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით ჯარისკაცები დაკითხეს. ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ სერჟანტმა თენგიზ გელაშვილმა, რომელსაც პროკურატურა ჯარისკაცის წამებაში ადანაშაულებს, კობა მახარაშვილი გარდაცვალებამდე 10 წუთით ადრე, ტელეფონის ფარულად გამოყენების გამო წიხლებით ცემა და დაემუქრა, რომ საღამოს, ასეულის თვალწინ ტრუსით ატარებდა.

გიორგი ბოიკო, ჯარისკაცი: „საღამოს საათებში შევედი სერჟანტ თენგიზ გელაშვილთან. ოთახში კობა მახარაშვილი მუხლებზე იდგა. თენგიზ გელაშვილმა მითხრა, ქოჩხიანი ამომიყვანეო. მემანიშვილს დავუძახე და ისევ ოთახში შევედი. 5 წუთში ამოვიდა ქოჩხიანი. თენგიზ გელაშვილი უყვიროდა კობა მახარშვილს და ეუბნებოდა, ფარულად რატომ ჰქონდა შენახული ტელეფონი. კობას თავი ჰქონდა ჩაღუნული და არაფერს პასუხობდა. შემდეგ მემანიშვილს ჰკითხა, ტელეფონი შენიაო? მან უარყო. მახარაშვილს რამდენჯერმე კიდევ დაარტყა კეფის არეში ხელი და შემდეგ მუცელში ურტყამდა წიხლებს. ამის შემდეგ მემანიშვილმა თქვა, ტელეფონი ჩემიაო და იმასაც ცემა დაუწყო. ორივე მუხლებზე ჰყავდა დაჩოქილი. იქ ვინც ვიყავით, ვუთხარით, რომ მემანიშვილი არაფერ შუაში იყო. შემდეგ გელაშვილმა აიღო ტელეფონი, დაამტვრია, ნაწილები აკრიფეს და მე მომცეს, გადაყარეო. მეც ავიღე და ტუალეტში ჩავყარე. ოთახში რომ დავბრუნდი, სერჟანტი გელაშვილი მახარაშვილს ეუბნებოდა საღამოს, ასეულის მოწყობაზე საცვლების ამარა უნდა გატარო და უცენზურო სიტყვები გაძახებინოო. ჩვენ დაბლა ჩამოვედით, ათ წუთში კი გასროლის ხმა გავიგეთ. მაღლა გავიქეცი, მე–3 სართულზე, კობას ოთახში შევედი, ბნელოდა, შუქი ავანთე, კობა პირქვე ეგდო და სისხლის გუბეში ცურავდა. შემდეგ სამხედრო პოლიცია მოვიდა, კობა კი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანა,“

ალექსი მემანიშვილი, ჯარისკაცი: „6 საათზე სადილზე ვიყავით, რომ წამოვედით ტერიტორია დავასუფთავეთ და მოსაწევად 10 წუთი მოგვცეს. გვერდით კორპუსში წავედი მოსაწევად და კობაც იქ ვნახე, ცოტახანს ვლაპარაკობდით. დაგვიძახეს, სერჟანტი გიბარებთო, კობა წავიდა, მე ქოჩხიანმა დამიძახა და მკითხა, მახარაშვილს რომ ტელეფონი ეჭირა, შენი ხომ არ არისო, ვუპასუხე, არა მეთქი. მერე გელაშვილმა დაგვიძახა და მაღლა ავედით. ოთახში რომ შევედით, მახარაშვილი დაჩოქილი იყო, გელაშვილი კი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. გელაშვილმა მკითხა, ტელეფონი შენიაო, არა მეთქი. ჩემს პასუხზე გელაშვილი მახარაშვილს მიუტრიალდა და ისევ ცემა დაუწყო. მახარაშვილი ჩემი მეგობარი იყო, შემეცოდა და ვთქვი, ტელეფონი ჩემია მეთქი. ამაზე მომიბრუნდა გელაშვილი და მეც ცემა დამიწყო. ოთახში ვინც იყო, რიგითი გიორგი ბოიკო და კიდევ რამდენიმე ადამიანი, გელაშვილს ეუბნებოდნენ, რომ არაფერ შუაში ვიყავი. მე შემეშვა სერჟანტი და მახარაშვილის ცემა განაგრძო. შემდეგ აიღო ტელეფონი და დაამსხვრია, ნაწილები აგვაკრეფინა, გიორგი ბოიკომ პარკში მოაგროვა და გადასაყრელად გავიდა. მოწყობის დრო იყო და ყველანი დაბლა უნდა ჩავსულიყავით. სერჟანტმა გელაშვილმა მახარაშვილს უთხრა, რომ წასულიყო, ჯავშან-ჟილეტი აეღო და მოწყობაზე 10 წუთში გამოცხადებულიყო. გამოსვლისას გელაშვილი მახარაშვილს დაემუქრა, რომ ტრუსის ამარა ასეულის თვალწინ ატარებდა და მამაკაცის სასქესო ორგანოს აძახებინებდა. იქ მყოფები კი გაგვაფრთხილა, რომ მომხდარის შესახებ ხმა არავისთან ამოგვეღო. ჩამოვედით მოწყობაზე. მახარაშვილი ოთახში წავიდა მოსაწესრიგებლად და ათ წუთში გასროლის ხმა გავიგეთ, მაგრამ ჩვენ უფლება არ მოგვცეს მაღლა ავსულიყავით. როგორც შემდეგ ამბობდნენ, კობა მახარაშვილმა თავი მოიკლა“.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ანალოგიური ჩვენებები მისცეს ჯარისკაცებმა გიორგი ზარდიაშვილმა, კახა ასაბაშვილმა, ნიკა ცანკაშვილმა, ზაზა ნოზაძემ, როინ მახათაძემ, კარლო ებელაშვილმა და არჩილ მგელაძემ.

გარდაცვლილი ჯარისკაცის ბებიამ ელიკო არუთინაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, რომ შვილიშვილს გარდაცვალებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე მას ტელეფონით მართლაც ესაუბრა: „7 საათზე მე მელაპარაკა ტელეფონით, 8 საათზე დარეკეს, კობა აღარ არისო. ლოყაზე ფრჩხილები ეტყობოდა, პირზე რევოლვერი ეტყობოდა ჩაჩრილი, ტუჩები სულ შავი ჰქონდა. თავი ჰქონდა გადაჭრილი და გაკერილი, გულიც ჩაჭრილი და გაკერილი. ცხედარი დაკრძალვამდე ოჯახის ახლობელ ექსპერტს ვაჩვენეთ. ეს თავისით მკვდარი არ არის, მოკლულიაო გვითხრა. რა მოხდა ერთ საათში, რომ ბავშვმა თავი მოიკლა? მელაპარაკა, კარგად ვარ ბებო, 3 თვეღა დამრჩა და მოვალო. მერე ძმას დაელაპარაკა, 5 ლარი გადმომირიცხეო“, – აღნიშნავს გარდაცვლილი ჯარისკაცის ბებია.

სასამართლო პროცესს ბრალდებული სერჟანტის დეიდა ნანა განჯელაშვილიც დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ მახარაშვილი სხვამ მოკლა და მის დისშვილს დააბრალეს. ბრალდებულის ახლობლები გარდაცვლილისთვის ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ: „გელაშვილი, რაშიც ბრალი მიუძღვის იმის სასჯელს მოიხდის თუ დამნაშავეა. ეს თვითმკვლელობა არ იყო, მახარაშვილს თავი არ მოუკლავს, მოკლეს და გელაშვილს შეტენეს. ჩაწყობილია ეს საქმე, 12 პირი იყო დაკავებული, მაგრამ ყველა გამოუშვეს გელაშვილის გარდა იმიტომ, რომ დანარჩენებს პატრონი გამოუჩნდათ. ხელახალ ექსპერტიზას ჩავუტარებთ ცხედარს და გამოძიებას ვითხოვთ,  სიმართლეს დავადგენთ“, – განუცხადა დაკავებულის დეიდამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს.

26 წლის თენგიზ გელაშვილს შიდა ქართლის პროკურატურა კობა მახარაშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანაში (115-ე მუხლი) და სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პირველი პრიმა მუხლის ,,ა”, ,,ბ” და ,,დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებს, რაც წამებას გულისხმობს.

ბრალდებული თენგიზ გელაშვილი ჯერ არ დაუკითხავთ. 5 სექტემბერს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ მახარაშვილს სახეში ხელი მხოლოდ ორჯერ გაარტყა.

შეგახსენებთ, რომ კობა მახარაშვილი, რომელიც მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონში მსახურობდა,  2012 წლის 12 ივლისს გარდაიცვალა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვია პირში ჰქონდა ნასროლი და კეფა ჰქონდა განგრეული. ჯარისკაცი გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში ცხოვრობდა.

კობა მახარაშვილის საქმეზე მომდევნო სხდომა ერთ კვირაში გაიმართება.

ახალი ამბები