კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმედ ჩატაევი უდანაშაულოა – შსს-მ მოწმეებს ცრუ ჩვენებებზე ხელმოწერა აიძულა

29 ოქტომბერი, 2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახმედ ჩატაევის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა. უფლებადაცვითი ორგანიზაცია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატაევის წინააღმდეგ ერთი თვის წინ მიცემული ცრუ ჩვენებების გამო გამოძიების დაწყებას ითხოვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა 25 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთიდან ლტოლვილი ახმედ ჩატაევი, რომელიც ლოპოტას ხეობაში დააკავეს, უდანაშაულოა. კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებსაც ჩატაევის წინააღმდეგ ჩვენებები აქვთ მიცემული, განაცხადეს, რომ ჩატაევი დაკავების დროს შეიარაღებული არ ყოფილა.

რატომ ჩავიდა ჩატაევი ლოპოტას ხეობაში

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, ახმედ ჩატაევი თბილისიდან ლოპოტას ხეობაში, 28 აგვისტოს, საქართველოს შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელობის თხოვნით ჩავიდა. შს სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მას ლოპოტას ხეობაში მყოფ შეიარაღებულ ჩეჩნებთან და ქისტებთან მოლაპარაკებაში ჩართვა სთხოვეს. საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა, შეიარაღებულ ჯგუფს, რომელიც საქართველოდან დაღესტნის გავლით ჩეჩნეთში გადასვლას აპირებდა, იარაღი დაეყარა და სამართალდამცავებს ჩაბარებოდნენ. ჩატაევი ხეობის სიღრმეში მოლაპარაკებაზე შევიდა და იქიდან გამოსვლის შემდეგ ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებს, რომლებსაც კარგად იცნობდა, უთხრა, რომ ჯგუფის წევრები იარაღის დაყრაზე უარს ამბობდნენ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმი ლოპოტას ხეობას დატოვებდა, ისინი ისევ პანკისის ხეობაში დაბრუნდებოდნენ. ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ჩატაევს რამდენიმე წუთი დრო სთხოვა. ჩატაევი ვარაუდობს, რომ სავარაუდოდ შს მინისტრთან, ბაჩო ახალაიასთან უნდა შეეთანხმებინათ მის მიერ მიწოდებული პირობა. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ, როცა ჩატაევი პასუხს ელოდებოდა, ის სნაიპერმა ფეხში დაჭრა. ჩატაევმა მიმალვა შეძლო, რამდენიმე წუთში კი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, რომელიც დაახლოებით 2–3 საათს გაგრძელდა. შსს–ს სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა 2 სპეცრაზმელი, 1 სამხედრო ექიმი და შეიარაღებული ჯგუფის 7 წევრი. არსებული ინფორმაციით, ჯგუფის 17 წევრიდან 10 ადამიანი ცოცხალი გადარჩა.

ჩატაევი ლოპოტას ხეობაში 10 დღის განმავლობაში დარჩა. ამ ხნის განმავლობაში მას ჭრილობა გაურთულდა და სიარული ვეღარ შეძლო. ჯოხზე დაყრდნობილი ის გზაზე გამოვიდა და მესაზღვრეებს ანიშნა, რომ მარტო იყო, უიარაღოდ. მესაზღვრეებმა, რომლებიც მას გზაზე შეხვდნენ, ჩატაევს პირველადი დახმარება გაუწიეს, ჭრილობა შეუხვიეს და ხელმძღვანელობას აცნობეს. ამის შემდეგ ჩატაევი ჯერ თბილისში, იქიდან კი გორში გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მას მარცხენა ფეხი მოკვეთეს. ჩატაევს არც მარჯვენა ხელი აქვს, ამბობს, რომ ჩეჩნეთში ომის დროს დაკარგა.

შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში სისხლის სამართლის საქმე ჩატაევის დაკავებისთანავე აღიძრა სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატაევს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული. მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ იღებს წამლებს. ჩატაევი ციხის საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით ამბობს, რომ მას კიდევ ერთი ოპერაცია სჭირდება, რადგან ჭრილობა არ ხორცდება და შესაძლოა, განგრენა კიდევ განვითარდეს. ამის მიუხედავად ის მკურნალობაზე უნდობლობის გამო უარს აცხადებს.

სისხლის სამართლის საქმეში შსს–ს 3 მოწმე ჰყავს, მესაზღვრეები გიორგი კერესელიძე, ბადრი ტყელამაძე, გოგი აივაზაშვილი. სამივე ლაფანყურის სასაზღვრო სექტორის თანამშრომელია.

„ვარ სასაზღვრო პოლიციის V სამმართველოს VI სექტორის (ლაფანყურის) II ჯგუფის სპეციალისტი – უფროსი მესაზღვრე. 2012 წლის 07 სექტემბერს, მე, სასაზღვრო პოლიციის V სამმართველოს VI სექტორის (ლაფანყურის) I ჯგუფის სპეციალისტი, უფროსი მესაზღვრე გოგი აივაზაშვილი და სასაზღვრო პოლიციის V სამმართველოს მობილური ოცეულის უმცროსი ინსპექტორი ბადრი ტყემალაძე სამსახურებრივი მანქანით („მერსედეს უნიმოგი“) ვპატრულირებდით ჩვენს საკონტროლო ტერიტორიაზე. VI სექტორში, ლოპოტას ხეობაში, მანქანით მოძრაობისას, ჩვენი საგუშაგოდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით, დაახლოებით 16:00 საათზე, მდინარე ლოპოტას მარცხენა სანაპიროზე შევნიშნეთ პიროვნება, მივუახლოვდით მას და ვკითხეთ, თუ ვინ იყო და იქ რას აკეთებდა. მან იქიდან რუსულად დაგვიძახა დაჭრილი ვარო. ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდით და შევნიშნეთ, რომ ჯიბეში რაღაც საგნები ედო და ჩანდა ჯიბეზე რაღაც გადმოკიდებული ხელყუმბარის ფალია. ჩვენ მოვიმარჯვეთ იარაღები და მაშინვე გადავწყვიტეთ მისი დაკავება. მე მოვთხოვე მას შარვლის ჯიბეებიდან ამოელაგა ნივთები და დაეწყო მიწაზე. აღნიშნულზე მან განაცხადა, რომ ჯიბეში ჰქონდა ორი ხელყუმბარა და თქვა, რომ ნებაყოფლობით წარმოადგენდა. ამის შემდეგ მან შარვლის წინა მარცხენა და მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ორი ცალი მომწვანო ფერის ხელყუმბარა. თუ არ ვცდები იყო რუსული წარმოების „ფ1“ , ზედ ფალიები ეკეთა და დადო მიწაზე. ამის შემდეგ მე რუსულად გამოვკითხე თუ ვინ იყო და მიპასუხა, რომ იყო ავსტრიაში მცხოვრები და თქვა, რომ დაჭრილი ვარო. აღნიშნულის შემდეგ მე ვუთხარი, რომ დაკავებული იყო და მოვთხოვე ადგილიდან არ განძრეულიყო და ხელები მაღლა ჰქონოდა, ამ დროს გოგი აივაზაშვილი და ბადრი ტყემალაძე ჩემს გვერდით იდგნენ და იარაღმომარჯვებულები (სამსახურებრივ–საშტატო იარაღი) მაზღვევდნენ. მე მივედი მასთან. ვნახე, რომ მარჯვენა ხელი არ ჰქონდა და მარცხენა ფეხით კოჭლობდა. ამის შემდეგ გავჩხრიკე იგი. ჩხრეკის დროს შარვლის მარცხენა, მუხლთან არსებული ჯიბიდან ამოვუღე ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი, იგი შევსებული იყო ინგლისურა ენაზე, შემდეგ გავჩხრიკე ბოლომდე, მაგრამ სხვა კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ ჰქონდა. ამის შემდეგ ორივე ხელყუმბარას მოვაშორე ფალიები და ისე მოვათავსე პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში (შსს სპეციალური პარკი) და დავლუქე სპეციალური ლუქით, ხოლო ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი მოვათავსე ქაღალდის კონვერტში და ისიც დავლუქე სპეციალური ლუქით. ამის შემდეგ რადგან იქ არ იყო  დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის შედგენის პირობები ჩავსვით მანქანაში და მივიყვანეთ ჩვენს საგუშაგოზე (VI სექტორის საგუშაგო), იქ შევადგინე მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი და ოქმის შედგენისას დავისწარი რუსული ენის მცოდნე თარჯიმანი იოსებ მესტიაშვილი. ამის შემდეგ თარჯიმნის მეშვეობით გავაცანი ოქმი, მაგრამ მან ოქმზე ხელისმოწერაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა. აღნიშნულზე შენიშვნა გავაკეთე ოქმზე. ვინაიდან ფეხში ჰქონდა ჭრილობა და ფეხი უკვე დაჩირქებოდა, იგი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სასწრაფოდ, გადაყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში“, – წერს მოწმე გიორგი კერესელიძე.
სამივე მესაზღვრის ჩვენება ერთმანეთის იდენტურია.

მესაზღვრეები აცხადებენ, რომ ჩვენებები იძულებით დააწერინეს

კახეთის საინფორმაციო ცენტრი ესაუბრა გიორგი კერესელიძეს და ბადრი ტყემალაძეს. გიორგი კერესელიძემ დაგვიდასტურა, რომ ახმედ ჩატაევი მათ თავად ჩაბარდა და არანაირი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა თან არ ჰქონია. მისი თქმით, ჩატაევის ჩაბარების შემდეგ სამივე მესაზღვრე კუდ–ში დაიბარეს და ჩვენებებზე ხელმოწერა იქ დაავალეს. კერესელიძე ამბობს, რომ იმ სიტუაციაში სხვაგვარად არ შეეძლო. რაც შეეხება ბადრი ტყემალაძეს, მისი თქმითაც, ჩატაევს ხელყუმბარები არ ჰქონია.

საყურადღებოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. ჩატაევის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან ის ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ერთადერთი მოწმეა, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში იმყოფება. ახლობლების ვარაუდით, მისი თავიდან მოშორება შს სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელების ინტერესებში შედის.

ჩატაევის საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორშაბათს, 29 ოქტომბერს, 14:00 საათზეა დანიშნული. ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იცავს. ადვოკატი პირველ ეტაპზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და შემდგომ გამართლებას ითხოვს. გათავისუფლებამდე ჩატაევის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოველდღიურად შედის ციხეების საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრი გელა მთივლიშვილი.

სასამართლო პროცესზე ჩეჩნეთიდან ლტოლვილის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ნინო ანდრიაშვილი იცავს. ადვოკატი პირველ ეტაპზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, გირაოს შეფარდებას და შემდგომ გამართლებას ითხოვს.

27 ოქტომბერს სასჯელაღსრულების მე–18 დაწესებულებაში ახმედ ჩატაევი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლებმა მოინახულეს. კომისარიატის წარმომადგენლები ჩატაევს დაპირდნენ, რომ სასამართლო პროცესებსაც დაესწრებიან და მონიტორინგს განახორციელებენ.

ახალი ამბები