13 ნოემბერს ტყიბულის ზაალ მინდელის სახელობის მაღაროში მეშახტეთა საგაფიცვო კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას საგაფიცვო კომიტეტის ყველა წევრი ესწრებოდა, სადაც გადაწყდა, ძალაში დატოვონ ადრე შემუშავებული მოთხოვნები.
თუმცა, როგორც კომიტეტის წევრი და „საქნახშირის“ ტექნიკური დირექტორი მარლენ ბახუტაშვილი აცხადებს: „ამ მოთხოვნებს კიდევ სამი პუნქტი დაემატა. 1) აღმასრულებელი დირექტორის და მისი გუნდის თანამდებობიდან გადადგომა, 2) ძიძიგურის სახელობის მარაროს გაუქმების შესახებ არსებული ბრძანების გაუქმება და 3) დირექციის მიერ დაგეგმილი სახელფასო ფონდის შემცირების შეჩერება“.
ძიძიგურის სახელობის მაღაროში 365 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც აღნიშნული ბრძანების საფუძველზე უმუშევრები რჩებიან. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია, რომ „საქნახშირის“ დირექცია ხელფასების შემცირებას გეგმავს, რითაც სახელფასო ბიუჯეტს 1 350 000 ლარით შეამცირებენ.
ამ ფონზე მაღაროელები აცხადებენ, რომ გაფიცვას არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. შემდეგ კი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მუშაობას.
მარი ტაბიძე, ტყიბული