06:42, Saturday, 14.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს ხვეწს

21.11.2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

ქვეყანაში არსებული მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ფონზე ეს არის სამართლიანობის აღდგენისთვის წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი - ასე აფასებენ ავტორები ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, რომლის პირველადი განხილვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში 19 ნოემბერს პოზიცია-ოპოზიციის შეხლა-შემოხლისა და ცხარე დებატების პირობებში წარიმართა.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში ფართომასტაბიანი ამნისტია იგეგმება. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რომელ კონკრეტულ მუხლებს რა ფორმით შეეხება იგი, ჯერჯერობით გაურკვეველია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, „ამნისტია შეეხება პრობაციონერებს. იმ პირებს, ვინც სასჯელს მსუბუქი დანაშაულისთვის იხდის. მოხდება ნასამართლეობის მოხსნა, რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანებისთვის. ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა. რაც შეეხება ყველა დანარჩენ მუხლს, რომელსაც ამნისტია არ შეეხება, ვიმსჯელებთ, მოხდეს თუ არა სასჯელის შემსუბუქება“.

კანონპროექტის მიხედვით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან პრობაციონერები, რომელთა რიცხვი მთელი ქვეყნის მასშტაბით 37 030-ია. ასევე, ის მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის (5 წლამდე და ქვევით) იხდიან. საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 112-ე, 137-ე მუხლებზე და 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ძარცვა).

პროექტის ავტორები განმარტავენ, რომ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებები გადატვირთულია, ხოლო პატიმრების უმრავლესობა სასჯელს უსამართლოდ იხდის. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასჯელისგან გათავისუფლდებიან გაუფრთხილებელი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები, ხოლო არასრულწლოვნებს, ქალებს და პირველად ნასამართლევ პირებს, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არიან მსჯავრდებული, სასჯელი გაუნახევრდებათ.

ასევე, სასჯელის განახევრება შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლს - ჯაშუშობას და 260-ე მუხლის პირველ, მეორე და მესამე ნაწილებს (ნარკოტიკის მოხმარება).

როგორ შეინარჩუნებს ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას ასეთი მასშტაბური ამნისტიის ფონზე და დადგება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ საზოგადოების უსაფრთხოებას? ეს კითხვა საპარლამენტო უმცირესობამ კანონპროექტის ავტორებს 19 ნოემბერს ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე შეაგება. მოგვიანებით კი განმარტა, რომ ამნისტია ჰუმანური აქტია, მაგრამ ამ შემთხვევაში, საშიშია თავისი მასშტაბით და ქაოტურობით. უმცირესობამ სასჯელაღსრულებისა და შს სამინისტროებისგან იმ პირთა ზუსტი ციფრი მოითხოვა, ვისაც კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია და სასჯელის შემსუბუქება შეეხება.

„ეს არ არის საბოლოოდ გადაწყვეტილი საკითხი. ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას და დებატებს აღნიშნულ საკითხებზე. მოვისმენთ ყველა მოსაზრებას, მათ შორის - მთავრობისაც. ასევე, შს და სასჯელაღსრულების სამინისტროების პოზიციებს. ჩვენი ამოცანა და პრინციპია, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იგრძნოს ამნისტიის, როგორც ჰუმანური აქტის, სიკეთე. რა თქმა უნდა, ასევე ვითვალისწინებთ საზოგადოების ინტერესს მისი უსაფრთხოების კუთხით“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფართომასშტაბიანი ამნისტიით აღდგება ის სოციალური უსამართლობა, რაც ქვეყანაშია, „რადგან მშიდობა გრძელვადიანი თვალსაზრისით სამართლიანობას ეფუძნება“. 

სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოს ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. ისინი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, უჩა ნანუაშვილი კი აცხადებს, რომ ამნისტია კრიმინოგენულ ვითარებას არ დაამძიმებს: „საუბარი, რომ ეს ამნისტია ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ ვითარებას დაამძიმებს, არ მიმაჩნია გამართლებულად. არა მგონია იმ ადამიანების საპყრობილეებიდან გამოშვებას, რომლებიც 15 ლარის, ან ნიგვზის ქურდობისთვის იხდიან სასჯელს, საზოგადოება საფრთხის წინაშე დააყენოს. ალბათ, მათ უნდა მიეცეს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი. ისინი კი, ვინც უსამართლო  გადაწყვეტილების საფუძველზე მოხვდნენ ციხეში, უნდა გათავისუფლდნენ. აქ არ არის საუბარი რეციდივისტებზე. ამდენად, საშიშიც არაფერია. ეს ხალხი საპყრობილეში „დრაკონული“ კანონებისა და ნულოვანი ტოლერანტობის შედეგად მოხვდა. თუ ისინი საფრთხეს შეუქმნიან საზოგადოებას, მოხდება მათი ხელახალი დაკავება და პასუხისგებაში მიცემა“.

ოფიციალური მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით სასჯელს 21 230-მდე პატიმარი იხდის. მათი ნაწილი 23 ნოემბერს დატოვებს საპყრობილეს. მანამდე კი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტი შს და სასჯელაღსრულების სამინისტროების პოზიციას მოისმენს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC