20:06, Friday, 13.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ბიზნესმენი ფოთის ყოფილ მერს შევიწროებასა და გაკოტრებაში ადანაშაულებს

26.11.2012

ინგა გვასალია, ფოთი

რამდენიმეწლიანი დუმილის შემდეგ ფოთელი ბიზნესმენი, აგრარული ბაზრის შპს „კოლხი 21“-ის მეპატრონე ნოდარ კორსანტია ქონების წართმევაზე და შევიწროებაზე ალაპარაკდა. როგორც კორსანტია ამბობს, ფოთის ბაზრის დაშლა ქალაქის მერად, ვახტანგ ლემონჯავას  დანიშვნის შემდეგ დაიწყო. ლემონჯავა ამჟამად პარლამენტის წევრია ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“.

ლემონჯავას დანიშვნის პერიოდში ნოდარ კორსანტიამ რამდენჯერმე გააპროტესტა ფოთში ფრინველებითა და თევზით ვაჭრობის აკრძალვა, მაგრამ არც ერთხელ რეაგირება არაფერზე მიუღია: „ადგილობრივმა  ხელისუფლებამ ყველა კომუნიკაცია მოგვისპო. ყველაფერი დაგვანგრევინა. პატარა ზოოპარკი მოვაწყვეთ ბავშვებისთვის და ისიც მოგვაშლევინა. გასაქანს არ მაძლევდა. ცდილობდა, გავკოტრებულიყავი. ყველაფერ ამას საგადასახოს მიერ „ეგზეკუცია“ მოჰყვა. მთელმა ფოთმა იცის, როგორ გააყიდინეს ხალხს სახლები დაჭერის მუქარით. მე, პირადად, საგადასახადოს მაშინდელმა უფროსმა სუნგულიამ მითხრა, რომ შემეტანა ერთ კვირაში ფული, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის თანხას მთხოვდნენ. დეკლარაციების შეცვლასაც მთავაზობდნენ. მე თანხა არ მივუტანე. ამის მერე დამაჯარიმეს ნახევარი მილიონი ლარით“.

კორსანტია იხსენებს, როგორ წავიდა მისი ბიზნესი გაკოტრებისკენ. მისი თქმით, ქალაქის  ხელმძღვანელობა თავად უთითებდა სადამსჯელო ორგანოებს, ვისგან შეიძლებოდა ფულის „გამოძალვა“ და ამ გზით ბიუჯეტის შევსება: „გაკოტრების პირას მისულს რაღაც სრულიად უაზრო მშენებლობის დაწყებაც დამავალეს. ისედაც სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი მქონდა, რომლის მეორე და მესამე სართულები ცარიელია და ლემონჯავა მაძალებდა, კიდევ ახალი სამსართულიანი შენობის აშენებას მხოლოდ იმისთვის, რომ პრეზიდენტს ფოთში გამოვლის ან გადმოფრენის იშვიათ შემთხვევაში გაკეთებული ფასადი, ან მაინცდამაინც წითელი სახურავი ენახა. იძულებული გავხდი, ლემონჯავას კაპრიზი შემესრულებინა. სააკაშვილი გამუდმებით ბიზნესის ხელშეწყობაზე ლაპარაკობდა. აფხაზეთიდან დევნილი ვარ. თავის დროზე რუსეთში წარმატებით დავიწყე ბიზნესი, როცა სააკაშვილმა ყველა ქართველ ბიზნესმენს დაბრუნებისკენ მოუწოდა. მეც დავბრუნდი ჩემს ქვეყანაში, მაგრამ რა სიტუაციაც შეიქმნა აქ ბიზნესის კუთხით, უკვე მთელმა საქართველომ იცის“.

ნოდარ კორსანტია ფოთის ხელისუფლებას გაკოტრების მცდელობის კიდევ ერთ ფაქტში ადანაშაულებს: „100 ათასი ლარი დავხარჯე, რომ ჩემი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალი გზა მომეწყო და ფილები დავაგე. იმ მიზეზით, რომ აქ გზა უნდა გაეყვანათ, ეს ფილები ისევ ამაღებინეს, რაც თითქმის იგივე თანხა დამიჯდა. თუ ხელისუფლება აქ გზის გაყვანას აპირებდა, რატომ დამაგებინა თავის დროზე  ფილები?! რამდენჯერმე მოვითხოვე რიონის სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გენგეგმა. ვფიქრობ, რომ ასეთი გეგმა არც არსებობს“.

ასეთი გეგმის გაცნობით ჟურნალისტებიც რამდენჯერმე  დაინტერესდა, მაგრამ ვერ მოვიპოვეთ. თუმცა, ვახტანგ ლემონჯავა ჟურნალისტებთან შეხვედრებზე ხშირად საუბრობდა ამ „უნიკალური გეგმის“ შესახებ. მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ნუკრი ტუღუში დღესდღეობით განგვიმარტავს, რომ ასეთი პროექტი არ არსებობს. რიონის სანაპიროების განაშენიანების მხოლოდ ესკიზი და საკრებულოს წევრების სურვილი არსებობდა. იმ უცხოელმა ინვესტორებმა, რომლებსაც ეს ჩანაფიქრი უნდა განეხორციელებინათ, საბოლოოდ უარი განაცხადეს და გეგმაც ჩავარდა. 

„შემიძლია დღესვე დავკეტო ბაზარი. ჩემთან დასაქმებული ხალხი, სადაც უნდა, იქ წაიყვანოს  ხელისუფლებამ. მე შიგნით დავსვამ 15 ადამიანს და ეს იქნება ყველაზე იაფი და შემოსავლიანი ბაზარი ფოთში, მაგრამ მე ვითვალისწინებ ყველა ადამიანის გაჭირვებას. კატეგორიულად ვითხოვ ქალაქის ხელმძღვანელობისგან, დაანებონ თავი ჩემს შევიწროებას.  მაქვს რიონის სანაპიროსა და ბაზრის  განვითარების გენერალური პროექტი.  ვითმინე ამდენი ხანი. ახლა ვითხოვ ქალაქის ხელმძღვანელობისგან,  ყველაფერი მოიყვანოს წესრიგში და მომცეს საშუალება, ჩემი გეგმის თანახმად ვიმოქმედო და განვავითარო ჩემი ბიზნესი არა მარტო ჩემთვის, არამედ აქ დასაქმებული ხალხისა და ქალაქის საკეთილდღეოდ. ხელისუფლებას არაფერს ვთხოვ, გარდა იმისა, რომ ხელი არ შემიშალოს საქმიანობაში“. 

Humanrights.ge-სთან საუბრის დასასრულს კორსანტიამ აღნიშნა, რომ მისთვის ქონების წართმევა უკანონობა იყო და ამის უკან ყოფილი მერის, ვახტანგ ლემონჯავას დაინტერესება იდგა: „წართმეულ ქონებას უკვე გვიბრუნებს სასამართლო. როგორც ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ სხვა დანარჩენ უკანონოდ გასხვისებულ და წართმეულ ქონებასთან ერთად, ჩვენიც უკანონოდ იყო წართმეული და სახელმწიფო უკან დაგვიბრუნებს“.

კორსანტია როგორც ამბობს, მას არა აქვს პირდაპირ დამამტკიცებელი ფაქტები, რომ მის გაკოტრებას პირადად ლემონჯავა ცდილობდა, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ მის მიმართ ლემონჯავას მერობის პერიოდში განხორციელებული ქმედებები აძლევს ისეთი ვარაუდის საფუძველს, რომ სწორედ ფოთის მერი იყო დაინტერესებული მისი ბიზნესის ხელში ჩაგდებით: „სააკაშვილისათვის საჩვენებელ შენობას რომ გვაშენებინებდა ძალით, იცით, რას გვეუბნებოდა? თქვენ თუ არ ააშენებთ, სხვა ააშენებსო! რამდენჯერ უთქვამს ჩემთვის - შენ ძალიან დიდი ქონება გაქვსო. სულ მავიწროვებდა და ცდილობდა ჩემს გაკოტრებას. აქ შემოსავალზე არ იყო საუბარი. ქონებაზე იყო საუბარი, იმიტომ, რომ ეს დღესაა წამგებიანი ბიზნესი, თორემ მოვა დრო (და ეს დრო მგონი დგება), ჩემი ობიექტი მომგებიანი გახდება“.

Humanrights.ge ვახტანგ ლემონჯავასაც დაუკავშირდა კორსანტიას განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარისათვის. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ბრალდებებს აბსურდული უწოდა: „ბაზრის დირექტორთან მე - ქალაქის მერს, არაფერი მესაქმებოდა, გარდა იმისა, რომ ქალაქის იერსახე მოწესრიგებულიყო, უკანონო ნაგებობები და ნაგავი არ ყოფილიყო და ა. შ. კორსანტიას გაკოტრების პროცესი გამოიწვია თვეების  განმავლობაში მის მიერ გადაუხდელმა საგადასახადო და საბანკო დავალიანებებმა, რომლის წარმოშობასთანაც ვახტანგ ლემონჯავას არავითარი შეხება არ ჰქონია. მას ფოთში ჩემს ჩასვლამდე ჰქონდა ეს დავალიანებები. თუ თქვენ ნახავთ ვალების წარმოშობის ვადებს, მიხვდებით, რომ მე ამ ვალებთან არაფერ შუაში ვარ. მისი ეს განცხადება მაფიქრებინებს, რომ ვალების გადაუხდელობის გამო წართმეული ქონების დაბრუნება სურს, ქალაქის წინა ხელისუფლებისათვის საკუთარი პრობლემების გადაბრალებით. რაც შეეხება დაძალებით მშენებლობას, ქალაქს ჰქონდა არქიტექტურული კონცეფცია და ამის საფუძველზე ყველა მეპატრონისგან ვითხოვდით მის ტერიტორიაზე იერსახის მოწესრიგებას. არც ერთი მათგანისთვის დაძალებით არავის უთქვამს, გინდა თუ არა აშენეთო“.
 
ჩვენ ქალაქის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს მიხეილ აკობიასაც მივმართეთ კომენტარისთვის, რომელიც არჩევნებამდელი დროისგან განსხვავებით, სიამოვნებით დაგვთანხმდა კომენტარზე. მან აღნიშნა, რომ  აგრარული ბაზრის სავალი და მიმდებარე ტერიტორია განსაკუთრებით მოწესრიგდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. რაც შეეხება „კოლხი 21“-სა და კომპლექსურ სავაჭრო ცენტრს, მათ ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი, რომ გლეხმა თავისი პროდუქციის რეალიზება მოახდინოს.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC