კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპუტატებს უჰაერობისგან „ტვინის დაქვეითების საშიშროება“ ემუქრებათ

13 დეკემბერი, 2012

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს ახლადაშენებულ პარლამენტის შენობაში ლაბორატორიული კვლევები დასრულდა. სპეციალისტთა ჯგუფის ქუთაისში ჩამოსვლას საფუძვლად პარლამენტართა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჩივილები დაედო. ისინი პარლამენტში არსებულ უჟანგბადობასა და აზოტის მოჭარბებაზე საუბრობენ.

მათი განმარტებით, პარლამენტის რკინა-შუშის შენობაში არ არსებობს არც ერთი ფანჯარა. მხოლოდ ვენტილაციაზე დამოკიდებულ უზარმაზარ შენობაში კი  ჟანგბადის ნაკლებობაა, რაც მრავალ პრობლემას ქმნის.

„ჩემს კოლეგებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უკვე შეექმნათ  პრობლემები. უჩივიან თავის ტკივილებს, უჰაერობას. განსაკუთრებით ისინი არიან შეწუხებული, ვისაც ასთმური პრობლემები აქვს. ან კარგად როგორ იქნებიან, როცა ამხელა შენობა მხოლოდ ვენტილაციის იმედადაა. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ ერთ მხარეზე მაინც ღია აივანი, ან ფანჯარა იყოს?! ზუსტად ვიცი, რომ ჩემს ამ განცხადებაზე ბევრს გაეცინება და იტყვიან, რომ სისულელეს ვლაპარაკობ, მაგრამ დამერწმუნეთ, მე ექიმი ვარ და ვიცი, რასაც ვამბობ. ტვინს როცა ჟანგბადი არ მიეწოდება, ჩნდება ტვინის დაქვეითების საშიშროება. ეს კი, მე ვფიქრობ, სერიოზული ამბავია“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით საგანელიძე.

პარლამენტართა ეჭვს, რომ შენობაში აზოტისა და ნახშირორჟანგის მოჭარბებული რაოდენობაა, რამაც შესაძლოა, საბოლოოდ არაერთი პრობლემება წაროქმნას, პარლამენტის შენობაში სამეცნიერო კვლევითი ორგანიზაცია „გამას“ ლაბორატორიული კვლევების ჩატარება მოჰყვა.

სპეციალისტებმა ლაბორატორიული სინჯები შენობის თითქმის ყველა დარბაზსა და ოთახში აიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა, აღნიშნეს, რომ კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად ჩაბარდება, რის შემდეგაც პარლამენტში არსებული მდგომარეობა საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი.

უჟანგბადობით შექმნილ პრობლემებზე, აღნიშნული პირობებით გამოწვეულ რისკებზე humanrights.ge-ს ექიმი-ინფექციონისტი ქეთი მანაგაძე ესაუბრა. მისი განმარტებით: „უჟანგბადობა პირველ რიგში იწვევს უუნარობას. აქვეითებს შრომისუნარიანობას. ამ დროს ტვინის კვება დაქვეითებულია. ტვინს არ მიეწოდება ჟანგბადი, შემცირებულია მისი კვება. ტვინი განიცდის უკმარისობას. ასევე, უკმარისობას განიცდის სისხლი და საერთოდ, ეს ყოველივე ერთმანეთზეა გადაჯაჭვული და იწვევს მთლიანად ორგანიზმის მოდუნებას. ადამიანი ხდება ქმედუუნარო. უჟანგბადო სივრცეში ყოფნა, ბუნებრივია, გამოიწვევს სერიოზულ პრობლემებს, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება მძიმე შედეგით დასრულდეს“.
 
პარლამენტში შექმნილ პრობლემებს პარლამენტარები მშენებლობის დაჩქარებულ  ტემპს უკავშირებენ. მათი თქმით, აღნიშნული შენობის ასე მოკლე დროში ჩაბარება არანაირ სტანდარტსა და ნორმაში არ ჯდება. ისინი შენობის უხარისხობაზე საუბრობენ და რისკ-ფაქტორებსაც არ გამორიცხავენ.

„ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ შენობა არ იყო მზად იმისთვის, რომ იქ შესაბამისი საქმიანობა განხორციელებულიყო. ჩვენ პარლამენტის პირველ სხდომამდეც ჩამოვედით ქუთაისში და აქ არსებული სამშენებლო პროცესი ადგილზე დავათვალიერეთ. განვაცხადეთ კიდეც იმის შესახებ, რაც აქ ხდებოდა“, - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  ზვიად ძიძიგური.

„ეს მშენებლები ჯადოქრები არ არიან, რომ ის სამუშაოები, რომლის განხორციელებასაც თვეები და კვირეები ჭირდება, ორ-სამ დღეში დაასრულონ. თუმცა, ჩვენ ჩავატარებთ ქუთაისში პარლამენტის პირველ სხდომას და მუშაობასაც შევუდგებით“, - ამ განცხადებით დატოვა ქუთაისი პარლამენტის პირველი სხდომამდე ორი დღით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

შენობა, რომლის მშენებლობა საქართველოს ბიუჯეტს 37 მილიონი ლარი დაუჯდა, დაუსრულებელია. სპეციალისტთა განმარტებით, მისი სრულყოფილებამდე  მიყვანისთვის კიდევ 20 მილიონამდე ლარია საჭირო. თუმცა, როგორც ირკვევა, ახალი ხელისუფლება აღნიშნულისთვის არც ერთი თეთრის დახარჯვას აღარ აპირებს.

„მშენებლობის კუთხით მხოლოდ ის სამუშაოები განხორციელდება, რომლის თანხები შესაბამის კომპანიებს უკვე გადაერიცხათ. საბოლოოდ მოხდება შენობის დაკონსერვება იმ სტადიაზე, რომელიც იმისთვისაა აუცილებელი, რომ შენობის დაზიანება და შემდგომში ნგრევა არ მოხდეს და რაც მთავარია, დაცული იყოს უსაფრთხოება. ეს არის უმრავლესობის აზრი და ვფიქრობ, რომ მისი განხორციელება საქართველოს ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი მიიღებს.

ახალი ამბები