კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„კართან დამეწია და წიხლი ამომარტყა...“

18 დეკემბერი, 2012
 
რუსთავის ცემენტის ქარხნის ხელმძღვანელს თანამშრომლის ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ  

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

17 დეკემბერს რუსთავის „ჰაიდელბერგ ცემენტის“ ქარხანაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ქარხნის ავტოსატრანსპორტო საამქროს მუშები დირექტორის შეცვლას ითხოვენ. მათი თქმით, ორი კვირის წინ საწარმოს ხელმძღვანელმა, მამუკა სულაძე ერთ-ერთ მუშას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

„საწარმოს მენეჯერმა თავის კაბინეტში დაგვიბარა. დაახლოებით რვა კაცი ვყავით. გაბრაზებული იყო. გვაბრალებდა, თითქოს რაღაც მოვიპარეთ. მე პირადად მეუბნებოდა, რომ ვიქურდე და წილს საამქროს ხელმძღვანელს ვაძლევდი. ამაზე ვპასუხობდი, რომ ეს სიცრუე იყო. შემდეგ ლანძღვა დამიწყო. გამოსვლისას კი კართან დამეწია და წიხლი ამომარტყა. კაბინეტიდან გასვლის შემდეგაც გამომეკიდა და მაგინებდა“, - ამბობს ქარხნის თანამშრომელი, თემურ ხატიაშვილი. 

ხატიაშვილის სიტყვებს გვიდასტურებს ავტოსატრანსპორტო საამქროს ხელმძღვანელი ვანო შარიქაძე: „მე იმ დროს კაბინეტში თემურთან ერთად ვიყავი. მას რაღაც ნედლეულის მოპარვას აბრალებდნენ, თან ჩემზე ეუბნებოდნენ, რომ თითქოსდა მე მომცა წილი. კამათისას დირექტორი, მამუკა სულაძე ძალიან გაბრაზდა. კაბინეტიდან გასვლისას თემურს პანღური ამოარტყა. შემდეგ, როგორც ვიცი, გარეთაც ერთხელ ამოარტყა, მობრუნებულს კი ჩვენ მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ეს ფაქტი დღემდე იმიტომ არ გახმაურდა, რომ ჩვენ თავდაპირველად სათაო ოფისს გავაგებინეთ. ახლა კი თუ არ იქნება რეაგირება, მეპატრონეებსაც მივწერთ გერმანიაში. მაინტერესებს, ასეთი მოპყრობა მიღებულია გერმანიაში?! ვითხოვთ, შეიცვალოს ეს დირექტორი და მუშებს პატივისცემით მოეპყრან“.

აღნიშნული საამქროს თანმშრომლები რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან გეგმავენ შეხვედრას. თავად ქარხნის  მენეჯერი, მამუკა სულაძე კი უარყოფს თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

„მე მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. გვქონდა ხმამაღალი ლაპარაკი, მაგრამ შეურაცხმყოფელი არაფერი მითქვამს. ეს აქციები კი იმას უკავშირდება, რომ ქარხანაში გამკაცრდა დიზელის საწვავის ხარჯვა. დაწესდა ამ საკითხზე სერიოზული კონტროლი. მანამდე ადგილი ჰქონდა ღამის საათებში ლოკომოტივის ოპერატორისა და სხვა პირების მიერ დიზელის საწვავის ქურდობას, რაზეც როგორც ვიცი, ეს პირები დაიჭირეს. ამის შემდეგ ჩვენმა სათაო ოფისმა გადაწყვიტა, სამსახურდან გაეშვა საწარმოს რკინიგზის საამქროს ხელმძღვანელი. სწორედ მის განთავისუფლებას მოყვა ეს აქციები და პროტესტი“, - ამბობს სულაძე. 

მისი თქმით, გადადგომას არ აპირებს, რადგან საწარმოში  535 ადამიანი მუშაობს. აქედან მის გადაყენებას მხოლო 20 კაცი ითხოვს.  

რუსთავის ცემენტის ქარხნის თანამშრომლები საკითხზე რეაგირებას „ჰაიდელბერგცემენტის“ გერმანიის სათაო ოფისისგან ელიან. მათი თქმით, სულაძე თავდაპირველად მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ახლა კი ფიზიკურზეც გადავიდა - რის მოთმენასაც ისინი არ აპირებენ. 

ახალი ამბები