კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დიდ პრობლემად ქცეული დიდთოვლობა კონფლიქტისპირა სოფლებში

15 იანვარი, 2013

ლევან სეფისკვერაძე

ცხინვალის რეგიონის მიმდებარე სოფლებში დიდთოვლობისას გზები ხშირად იკეტება, რაც ადგილობრივ მოქალაქეებს გადაადგილებისას დიდ პრობლემებს უქმნის. თუკი ცხინვალის ახლოს გორის რაიონის ქართულ სოფლებში გზის ხარისხი მეტ–ნაკლებად დამაკმაყოფილებელია, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების უმეტესობა ჯერ კიდევ იმ გზებით სარგებლობს, რომლებიც ბოლოს გასული საუკუნის 80–იან წლებში შეკეთდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს, გორის გადასახვევიდან ნიქოზამდე ახალი გზა დაიგო, ამ გზის ხარისხიც დღეს ძალიან ცუდია. ამის მიზეზად ადგილობრივები უხარისხო ასფალტსა და გზის ხელოსნების არაკვალიფიციურობას ასახელებენ. გორიდან ნიქოზამდე გზის მთელს რიგ მონაკვეთებში ასფალტის ფენა ცუდ მდგომარეობაშია და ეს ზამთრობით გადაადგილებას განსაკუთრებით აფერხებს.

შედარებით კარგ მდგომარეობაშია კარალეთი–ერგნეთის გზა. იქ საგზაო სამშენებლო სამუშაოები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩატარდა და შიდა ქართლის სხვა სოფლებისაგან განსხვავებით, ტყვიავი–ერგნეთის მონაკვეთზე ზამთრობითაც კი, გადაადგილება მეტ–ნაკლებად შესაძლებელია.

ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობაა ქარელის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, რომლებიც ზნაურის (ყორნისის) ოკუპირებულ რაიონს ესაზღვრებიან. გასული წლის გაზაფხულზე რამდენიმე სოფელთან მისასვლელი გზა მოიხრეშა. მოხრეშვის გარეშე გადაადგილება ზაფხულშიც კი ჭირდა. თუმცა, ამით პრობლემა არ გადაწყვეტილა. მოხრეშილი გზის ექსპლუატაციის ვადა ერთ წელზე მეტი არ არის.

დათო პატიაშვილი, ქარელის რაიონის მკვიდრი: „შეიძლება ითქვას, რომ ღვთის ანაბარად ვართ მიტოვებულები. ბოლო წლებში სვანეთის მაღალმთიან სოფლებშიც კი შეარემონტეს გზები. ჩვენთან კი გადაადგილება ძველებურად ჭირს. თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრშია ჩვენი სოფლების დიდი ნაწილი, მაგრამ, რაკი მოსახლეობა მცირეა, არჩევნების დროსაც კი არ უღირთ ჩვენთვის ყურადღების მოქცევა. ზამთრობით, როცა დიდი თოვლი მოდის, საციხური–კოდისკენ ავტობუსებიც აღარ დადიან და ხალხს როცა თბილისში ან აგარაში უნდა ჩასვლა, სოფელ აბისამდე ან ფცამდე 10 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ“.

დათო პატიაშვილი როგორც ამბობს, ზამთრობით დიდთოვლობის თანმხლები უგზოობა ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას იწვევს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემაა. ადგილობრივები იხსენებენ შარშანდელი დიდთოვლობის ამბავს, როცა ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები კონფლიქტის ზონის მიმდებარე ქართულ სოფელ ჭვრინისში ვერ ავიდნენ და ავადმყოფი მოხუცი ქალი სახელდახელოდ გაკეთებული მარხილებით ჩაიყვანეს აგარამდე.

დაბა აგარა რაიონული ცენტრი არ გახლავთ. თუმცა, ქარელის რაიონის სოფლების უმეტესი ნაწილისათვის, აგარა უფრო ადვილად მისადგომი ცენტრალური გზის პირას დასახლებული პუნქტია, ვიდრე ქარელი. გასული საუკუნის 90–იან წლებში, ფრონეს ხეობის ზემო წელის ქართული და ოსური სოფლების მოსახლეობას სურვილი ჰქონდა, რომ რაიონულ ცენტრად დაბა აგარა გამოეცხადებინათ და ამისათვის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას წერილობითაც მიმართეს, მაგრამ მათი ეს თხოვნა არავინ შეისმინა.

დღეს ქარელის რიონის სოფლების მოსახლეობა სავაჭროდ, ან სხვა საქმეებზე ძირითადად დაბა აგარაში, ან ქალაქ ხაშურში დადიან. ქარელში კი მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩავიდნენ, როდესაც გამგეობაში რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტები აქვთ ასაღები. ადგილობრივები შიდა ქართლის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ შიდა ქართლის გუბერნია ძირითადად გორელებით არის დაკომპლექტებული და ამიტომ, პირველ რიგში, ეს ადამიანები გორის რაიონს აქცევენ ყურადღებას. მათი პრობლემები კი არავის ადარდებას.

გია ჯაულიშვილი, დაბა აგარის მკვიდრი: „გორელები განა უცხოები არიან?! ეგენიც ჩვენები არიან. გორელებს რას ვერჩით, მაგრამ, ყველა ხედავს, რომ თუკი რაიმე კეთდება ჩვენს მხარეში, ყველაფერი გორში და გორის რაიონის სოფლებში კეთდება. ჩვენ არავის ვახსოვართ. არადა, ქარელის რაიონიც უკვე კონფლიქტის ზონაა. ზნაურის რაიონის სოფლები ჩვენს სოფლებს ესაზღვრება და სოფელ აბანოდან მთელ გაყოლებაზე სულ რუსული საგუშაგოებია ჩამწკრივებული. ორი წლის წინ, როგორც იქნა, სოფელ აბისამდე დააგეს გზა და ხალხს იმედი გაუჩნდა, რომ სხვა სოფლებსაც დაადგებოდა საშველი, მაგრამ, ახლა, იანვარში, ძალიანაც რომ მოინდომოთ, სოფელ ატოცამდე ვერ ახვალთ. არადა, ხეობის მთავარი სალოცავი ატოცის წმინდა გიორგის ეკლესიაა“.

დასავლეთ ფრონეს ხეობაში მდებარე ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების  შუა საუკუნეების ერთ–ერთი თვალსაჩინო ძეგლია. ისევე როგორც ლიახვის ხეონაში მდებარე ნიქოზის მთავარანგელოზის სახელობის საეპისკოპოსო კათედრალი, ატოცის ეკლესიაც, ეთნიკური ქართველებისა და ოსების საერთო სალოცავი იყო. დღეს შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და უგზოობის გამო, მორწმუნე ოსების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს ამ ტაძრების მოლოცვას. ასეთივე მდგომარეობაა ახალგორის მოსაზღვრე ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ტაძარშიც. თუმცა, როგორც ადგილობრივები humanrights.ge–სთან საუბარში ამბობენ, მორწმუნე ოსების მცირე ნაწილი ზამთრობითაც კი ცდილობს ტაძრების მოსალოცად გადმოპარვას.

კახა ხუბულაშვილი, დევნილი ზნაურის რაიონიდან: „ბევრი ნათესავი და ახლობელი დამრჩა „იქით“. წელიწადი ისე არ გადიოდა, ატოცში მოზვერი რომ არ შეგვეწირა. ჩვენში ეს ეკლესია უშვილოების მფარველად ითვლება და ბევრი ოსი გეტყვით, რომ სწორედ ატოცის მოლოცვის შემდეგ ეყოლათ შვილი. არ მინდა მათი ვინაობა გავთქვა, მაგრამ გეტყვით, რომ ჩემი ორი ახლობელი ზნაურიდან ჩუმად ახლა, დეკემბერშიც გადმოვიდა. ფეხით გადმოვიდნენ და ფეხითვე დაბრუნდნენ უკან. გზა გახსნილიც რომ იყოს, ქარელის სოფლებისა არ იყოს, ზნაურშიც ისეთი ცუდი გზებია, მანქანის ყოლას იქ აზრიც კი არა აქვს. ერთადერთი სამხიდიანი მანქანები დადიან და შეშას ეზიდებიან ხან ცხინვალში და ხან -  ვლადიკავკაზში.

ამჟამად დასავლეთ ფრონეს ხეობაში რამდენიმე სარეისო ავტობუსი დადის: კოდა–აბანო–ხაშურის, ჭვრინისი–ქარელისა და ფცა–ხაშურის რეისებზე გასული საუკუნის 60–იან წლებში გამოშვებული „პაზის“ მარკის ძველი ავტობუსები დადის, რომლებიც კვირაში ერთხელ მაინც ფუჭდება და ამის გამო, მგზავრები შუა გზაში არაერთხელ დარჩენილან. ამის გარდა, სოფელ კოდადან რუსთავში (თბილისის გავლით) კვირაში ერთხელ „მერსედესის“ მარკის სამარშრუტო ტაქსიც დადის ხოლმე. თუმცა, ზამთრობით ეს რეისი აღარ ფუნქციონირებს. სამარშრუტო ტაქსები თბილისამდე აბისიდან და ფციდანაც დადიან. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ამ სოფლებში გზა შედარებით ნორმალურ მდგომარეობაშია და გადაადგილიება ზამთრობითაც შესაძლებელია.

კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ზემოთაღნიშნული პრობლემებთან დაკავშირებით, დავუკავშირდით როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაც. ორივე ამ სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის და ერთმანეთთან გადაგვამისამართეს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა დავით ღონღაძემ ჩვენს კითხვაზე ასეთი პასუხი გასცა: „ეს საკითხები ჩვენი სამინისტროს და ტრანსპორტის დეპარტამენტის კომპეტენციას არ წარმოადგენს. ზოგადად, გზებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს“.

ხოლო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ეს პასუხი მივიღეთ: „თქვენი შეკითხვები მივიღეთ. თუმცა, თქვენს მიერ დასმული კითხვები უშუალოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სფეროს განეკუთვნება. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდებით“.

ფრონეს ხეობის ზემო წელის სოფლებში უკვე დიდი თოვლია მოსული. ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ აჟამად ხეობიდან ხაშურისა და გორის სარეისო ავტობუსები მაინც დადიან. სამარშრუტო ტაქსები კი ცუდი გზების გამო უკვე ერიდებიან სოფელ კოდაში, აბანოში, საციხურში, ჭვრინისში და ატოცში ასვლას. წინ კი დიდი და გრძელი ზამთარია!

Qartli.ge-ს ფოტო

ახალი ამბები