კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინციდენტი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში

17 იანვარი, 2013
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომელმა კოტე ხმალაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს, გელა მთივლიშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკური ძალის გამოყენებით დარბაზიდან გააგდო. ინციდენტი 17 იანვარს, დაახლოებით 11:00 საათზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოხდა.

16 იანვარს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია: „სტიქიით დაზარალებული საცხოვრებელი სახლის გარეშე რჩება“. სტატია ეხება სტიქიით დაზარალებულ ერთ–ერთ ფერმერს, 28 წლის ვანო ჭანყოშვილს. მას გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში ატმის ბაღი აქვს 2 ჰექტარზე. 2012 წლის თებერვალში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ფინკა საქართველოდან“ აგროსესხი აიღო 9 ათასი ლარის ოდენობით. როგორც თვითონ ამბობს, ამ თანხით ატმის ბაღის მოვლის გარდა, ნახევარ ჰექტარზე ნესვი და ბოსტნეული მოიყვანა. 2012 წლის 10 მაისს მოსავალი ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა. სტიქიის შემდეგ ვანო ჭანყოშვილმა „ფინკა საქართველოს“ მიმართა და სთხოვა, რომ სესხს 2013 წლის შემოდგომაზე გადაიხდიდა. მან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ვეჯინის ტერიტორიული ორგანოდან გაცემული ცნობაც წარადგინა, რომლითაც დასტურდება, რომ ვანო ჭანყოშვილის ოჯახი სოფელში, „ინაბოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ატმის ბაღს ფლობს (1400 ძირი) და 10 მაისს სეტყვამ მოსავლის დაახლოებით 80% გაანადგურა. „ფინკა საქართველომ“ ფერმერის თხოვნა არ გაითვალისწინა. რამდენიმე დღის წინ მას აცნობეს, რომ თუ 23 იანვრამდე 16 ათას ლარს არ გადაიხდის, საცხოვრებელ სახლს გაუყიდიან. სახლში ის მეუღლესთან და 4 წლის შვილთან ერთად ცხოვრობს.

„ამ საკითხზე კომენტარისთვის დავუკავშირდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაგდა პოპიაშვილმა მითხრა, რომ მიმემართა მათი წარმომადგენლისთვის, რომელიც გურჯაანში სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა. დღეს გამგეობის შენობაში მივედი და ვიკითხე, კომისია რომელ ოთახში მუშაობდა. მცირე დარბაზში როცა შევედი, ძალიან ბევრი ნაცნობი დამხვდა, მივესალმე მათ და ვიკითხე, კოტე ხმალაძე რომელი იყო. ავუხსენი, რომ ერთ–ერთი მოქალაქის საქმესთან დაკავშირებით მასთან გასაუბრება მინდოდა და ვკითხე, რატომ არ იყო ის დაზარალებულთა სიაში. ამან ხმალაძე გააღიზიანა, აგრესიული ტონით მიპასუხა, რომ ვალდებული არ იყო, კითხვაზე პასუხი გაეცა და მოითხოვა, ოთახიდან გავსულიყავი, რადგან მისი თქმით, ხელს ვუშლიდი მუშაობაში. მე ვუთხარი, თქვენთან სამინისტრომ გადმომამისამართა-მეთქი. თუმცა, მან ხელისკვრით გარეთ გამაძევა. ამ პროცესს დაახლოებით 10 თვითმხილველი ჰყავს - გამგეობისა და სამინისტროს თანამშრომლები. ამის შემდეგ მე დავბრუნდი სამსახურში, ავიღე კამერა და მერე ისევ გამგეობაში წავედი. ხმალაძისგან მინდოდა კომენტარი - რატომ მოიქცა ასე. ის ჯერ გამგებლის ოთახში ჩაიკეტა. ხოლო, როცა გამოვიდა, მე მას ვკითხე, რატომ მოიქცა ასე. მან ისევ იმ მიზეზით, რომ თითქოს მე კომისიას მუშაობაში ხელს ვუშლიდი, საპატრულო პოლიციაში და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელთან დარეკა. მას შემდეგ, რაც ჩემი კოლეგები მოვიდნენ, ხმალაძემ განაცხადა, რომ მე მას უხეშად მივმართე, დარბაზში შევიჭერი და ა.შ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ - ხმალაძესთან მე სამინისტრომ გადამამისამართა და არანაირ არაეთიკურ საქციელს ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ვწუხვარ, რომ ახალი მინისტრის პირობებშიც სამინისტროს თანამშრომლები ასე იქცევიან“, – აღნიშნავს გელა მთივლიშვილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი მოითხოვს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს. რეაგირებამდე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები არ დაესწრებიან სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, მათ შორის - არც დღეს, 17 იანვარს რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან სამინისტროში დაგეგმილ შეხვედრას.

17 იანვარსვე ინციდენტთან დაკავშირებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, დილით, გურჯაანში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ გელა მთივლიშვილსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კონსტანტინე ხმალაძეს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება. ჟურნალისტის ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვითარების გარკვევისა და რეაგირების მიზნით, საქმეში ჩაერთო სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ ინციდენტს და დადებს შესაბამის დასკვნას. სამწუხაროდ, გელა მთივლიშვილმა უარი განაცხადა შიდა აუდიტის დეპარტამენტთან თანამშრომლობაზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოუწოდებს კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს, ითანამშრომლოს სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტთან, რათა დროულად და ობიექტურად მოხდეს საქმის შესწავლა. აქვე, ვაცხადებთ, რომ სამინისტრო ღია და გახსნილია ყველა მედია საშუალებისა და ჟურნალისტისთვის და ნებისმიერ საკითხზე მზად არის მათთან სათანამშრომლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები