11:40, Monday, 13.07.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საია ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორი საჯარო მოხელის გათავისუფლებას ეხმაურება

01.02.2013

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მონიტორინგს უწევს ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში მიმდინარე მოვლენებს. პრობლემების ერთი ჯგუფი, რაც ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით შეიქმნა, მუნიციპალიტეტებში მომუშავე პირთა სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რიგ შემთხვევებში გათავისუფლების საფუძველი პირადი განცხადებებია, თუმცა შესწავლას საჭიროებს მსგავსი განცხადებები გათავისუფლებულმა პირებმა თავიანთი ნამდვილი ნების შესაბამისად დაწერეს თუ ზემდგომი თანამდებობის პირთა ფსიქოლოგიური ზეწოლის ან სხვა სახის უკანონო ქმედებათა შედეგად. 

მოცემულ შემთხვევაში საია ქარელის მუნიციპალიტეტიდან ორი პირის გათავისუფლებას ეხმიანება. მოქალაქე ნელი საქუაშვილმა წერილობით მიმართა საიას გორის ოფისს და  განუცხადა, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ნინო მაისურაძის შემთხვევა, რომელმაც საიას განუცხადა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ფცის ტერიტორიული ორგანოდან იმ დროს გათავისუფლდა, როდესაც ორსულობის გამო დეკრეტულ შვებულებაში აპირებდა გასვლას. როგორც მის განცხადებაშია მითითებული, გათავისუფლების შესახებ დააწერინეს განცხადება იმ მოტივით, რომ ახალი გამგებელი თანამდებობაზე ხელახლა დანიშნავდა. 2013 წლის 8 იანვრით დათარიღებული ბრძანებით ნ. მაისურაძე სამსახურიდან გათავისუფლდა და საფუძვლად მის მიერვე დაწერილი განცხადება მიეთითა. გათავისუფლების ბრძანებას ხელს აწერს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ივ. ოსაძე. 
 
ერთი შეხედვით, აღნიშნულ ფაქტში უკანონო არაფერია, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 95-ე მუხლი ითვალისწინებს საკუთარი ინიციატივით სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესაძლებლობას. თუმცა, ამ საქმეში ბევრი ისეთი გარემოებაა, რაც ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ ნ. მაისურაძის მიერ გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამებოდა, კერძოდ:
 
ნაკლებად სავარაუდოა, რომ 7-8 თვის ორსულმა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უპირობოდ სარგებლობს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით, გათავისუფლების შესახებ განცხადება საკუთარი ნებით დაწეროს. მით უფრო მაშინ, როცა, როგორც ნ. მაისურაძე მიუთითებს, ოჯახს მისი ხელფასის გარდა სხვა შემოსავალი არა აქვს. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ორსული მოხელე დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს და მისი გათავისუფლება „შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის, აგრეთვე ატესტაციის შედეგების“ გამოც კი აკრძალულია („საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 111-ე მუხლი). ამ პირობებში კიდევ უფრო გაუგებარი ხდება თუ რატომ უნდა გასჩენოდა ნ.მაისურაძეს განცხადების დაწერის სურვილი.
 
აქვე აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება, როგორც ნ.მაისურაძე მიუთითებს, როცა ვითარებაში გასარკვევად ივ.ოსაძეს მიმართა, მისგან ასეთი პასუხი მიიღო: „ზემოდან დამავალეს გამეთავისუფლებინე, რადგან შენი მეუღლე ნაციონალებს უჭერდა მხარსო“. 
 
და ბოლოს, 2012 წლის 18 დეკემბერს ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში ბატონმა ივ.ოსაძემ პირდაპირ განაცხადა, რომ თანამშრომლებს მოსთხოვა გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა, რის შემდეგაც თავად გადაწყვეტდა ვინ დაებრუნებინა სამსახურში და ვინ არა. ამ ფაქტს საია მაშინვე გამოეხმაურა პრესკონფერენციით. რიგ მუნიციპალიტეტებში შექმნილ ვითარებას კრიტიკულად აფასებს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. თუმცა ფაქტია, რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკული შეფასებები დარღვევათა პრევენციას ვერ უზრუნველყოფს. თვითმმართველობებთან მიმართებაში განვითარებული მოვლენები ჩრდილს აყენებს იმ დადებით ძვრებს, რასაც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ადგილი აქვს და ხელისუფლების მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე მიუთითებს.
 
მოცემულ შემთხვევაში საია განმარტავს, რომ  ნ. მაისურაძის საქმის გარემოებები შესაძლებელია შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. მაგალითად, სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლის თანახმად „სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნა“ დანაშაულს წარმოადგენს, რაც სამართალდამცავი ორგანოების შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის თანამდებობის პირს, რომ თანამშრომლების გათავისუფლების თუ სხვა საკითხების გადაწყვეტის დროს განუხრელად დაიცვან საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ეს მათ პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს და თუ ვინმეს ამ ვალდებულების სათანადოდ გაცნობიერება არ სურს ან არ შეუძლია, მისი ადგილი საჯარო სამსახურში არ უნდა იყოს. თანამდებობის პირთა დაუფიქრებელი და უკანონო გადაწყვეტილებები, რბილად რომ ვთქვათ, შესაძლებელია არასასურველი შედეგებით დასრულდეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ნ.მაისურაძე მიუთითებს, გათავისუფლებით გამოწვეული ნერვიულობის გამო საავადმყოფოში მოუწია ყოფნა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
 
საია მოუწოდებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადახედოს მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გათავისუფლებული მოხელე სამსახურში დაუყოვნებლივ აღადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნ.მაისურაძეს ჩვენ გავუწევთ შესაბამის იურიდიულ დახმარებას და გამოვიყენებთ ყველა სამართებრივ მექანიზმს მისი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. 
საია აგრძელებს ადგილობრივი თვითმმართველობების ირგვლივ მიმდინარე მოვლენების მონიტორინგს, ორგანიზაციაში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეძლებისდაგვარად ყველა დარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ნებისმიერ პირს, ვინც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები შეილახა ან ამის საშიშროება არსებობს, მოვუწოდებთ მომართოს საიას თბილისის ან რეგიონულ ოფისებს. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

ძალადობის მსხვერპლი ქალები
ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის
ვრცლად...
ქალ პატიმართა მოლოდინები
სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC