კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შსს: თუ უგულავა არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მის მიმართ იძულების ღონისძიებები გატარდება

11 თებერვალი, 2013

სივილ ჯორჯია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აფრთხილებს თბილისის მერს გიგი უგულავას, რომ თუ ის ჩვენების მისაცემად არ გამოცხადდება, „მისი უმოქმედობა მიჩნეული იქნება, როგორც მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა და მის მიმართ გატარდება საპროცესო კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები“.

გიგი უგულავა ძველი თბილისის რაიონულ პოლიციაში დაკითხვაზე 10 თებერვალს მოწმის სახით იყო დაბარებული, გასულ პარასკევს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარ დაპირისპირების ინციდენტთან დაკავშირებით, თუმცა ის არ გამოცხადდა, რითაც შსს-ს განცხადებით, „უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა“.

10 თებერვალს თბილისის მერის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ გიგი უგულავა სამსახურეობრივი მოუცლელობის გამო ვერ ახერხებდა საგამოძიებო ორგანოებში მისვლას, ის გამომძიებლების მისვლას მერიის შენობაში ელოდებოდა - ანალოგიური პრაქტიკა ცოტა ხნის წინ დაფიქსირდა, როდესაც მას შემდეგ, რაც უგულავამ უარი თქვა საგამოძიებო ორგანოებში მისვლაზე, მას გამომძიებლებმა სამუშაო ადგილზე მიაკითხეს და დედაქალაქის მერიის მიერ 5.2 მილიონი ლარის სავარაუდო გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს.

უგულავას მიერ მერიაში მიპატიჟების წინადადება შსს-მ არ მიიღო და მის დასაკითხად გამომძიებლები არ გააგზავნა, რამაც, მერიის იურიდიულმა სამსახურის შეაფასებით, დაადასტურა, რომ „რეალური ობიექტურობის დადგენის ნაცვლად, მერის დაბარება დაკითხვაზე იყო მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლა და დაშინება“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის „გაუგებარი და ძალიან სამარცხვინოა“, როდესაც ქალაქის მერი უარს აცხადებს დაკითხვაზე მისვლაზე,

„მე ვფიქრობ რომ ეს არის ძალიან დიდი პრობლემა - საქართველოში არსებობდა, როგორც ჩანს, წინა ხელისუფლების დროს პრივილეგირებულთა კასტა, ჩვენი ხელისუფლების დროს ეს კასტა აღარ იარსებებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და კანონის უზენაესობის პატივისცემისკენ მოუწოდა „იქნება ეს გიგი უგულავა, თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე“.

11 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში შსს აღწერს დაკითხვასთან დაკავშირებულ პროცედურებს, რომლის თანახმადაც, გამოძახების შემდეგ მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს და სწორად უპასუხოს გამოძიების შეკითხვებს; ხოლო თუ ის არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება, იგი შეიძლება იძულებით იქნეს მიყვანილი დაკითხვაზე, რაზეც სანქციას მოსამართლე გასცემს. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსით, ჩვენების მიცემაზე უარის თქმა წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ითვალისწინებს 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. შსს-ს თავის განცხადებაში ასევე ხაზს უსვამს, რომ იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალში, რომელთა ბრალდებულად ცნობაც პარლამენტის ან სხვა სახელმწიფო ორგანოს თანხმობას მოითხოვს, ქალაქის მერი არ ფიგურირებს.

ახალი ამბები