კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუნავას საქმეზე მოწმეები დაიკითხნენ

27 მარტი, 2013

სალომე აჩბა

სამეგრელო -ზემო სვანეთის გუბერნატორის თენგიზ გუნავას სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაკითხეს. ეპიზოდი, რომელზეც მოწმეები დაიკითხნენ,  ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებას ეხება. საგამოძიებო ორგანოების ინფორმაციით, თენგიზ გუნავასა და მის მძღოლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც გუნავამ თავისი მაკაროვის ტიპის სამსახურებრივი იარაღით, მძღოლს, საქმეში დაზარალებულად ცნობილ იზორიას, ესროლა და ფეხში დაჭრა.

მთავარი მოწმე და საქმეში დაზარალებულად ცნობილი კახა იზორია, სხდომის იმ ნაწილის დახურვას ითხოვდა, სადაც მას სასამართლოსთვის ჩვენება უნდა მიეცა, რადგან საქმე მის პირად ცხოვრებას ეხებოდა. ამგვარი შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემაც მიმართა, თუმცა მოსამართლემ სხდომის დახურვა საჭიროდ არ მიიჩნია და შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქმის მასალების მიხედვით, კახა იზორიამ, რომელიც თენგიზ გუნავას მძღოლად მუშაობდა, ინტიმური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება თენგიზ გუნავას ახლო ნათესავ ქალბატონს გაუგზავნა. როგორც თავად იზორია ამბობს, მას უბრალოდ ნომერი შეეშალა და ესემესი სხვა ადრესატისთვის იყო განკუთვნილი:

„გუნავასთან მძღოლად 6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. მასთან ყოველთვის კარგი  ურთიერთობა მქონდა. 31 მარტს, ჩვენმა თანამშრომელმა ბაკურ გულუამ დამიბარა და მაჩვენა ფურცელზე ამობეჭდილი ის ესემესი, რომელიც მე შემთხვევით გუნავას ნათესავ ქალბატონს გავუგზავნე. ესემესი ინტიმური შინაარსის იყო. მივხვდი რომ შევრცხვი და ჩემი შეცდომის გამო, სამსახურიდან წასვლა გადავწვიტე და სამსახურიდან წასვლის შესახებ პატაკი იმ დღესვე დავწერე. მეორე დღეს თბილისში წასვლა გადავწყვიტე. ზუგდიდის ავტოვაგზლამდე ჩემი ოჯახის წევრებმა მიმაცილეს, მე ბილეთი ავიღე და მათ ზუგდიდის ავტოვაგზლის ტერიტორია დატოვეს. როცა მიკროავტობუსის გასვლას ველოდებოდი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა თენგიზ გუნავას შენი ნახვა უნდაო. გუნავას იქვე, ავტოსადგურზე შევხვდი. მასთან ერთად კიდევ სამი პიროვნება იყო. თუმცა ისინი ჩემი და გუნავას საუბრაში არ ჩარეულან და შორიახლოს იდგნენ. გუნავამ მკითხა, რატომ გავაკეთე ამგვარი რამ და რატომ გავუგზავნე მის ახლობელ ქალს ესემესი. მე ავუხსენი რომ ნომერი შემეშალა და სხვას ვუგზავნიდი ესემესს. საუბარი მშვიდ ვითარებაში მიდიოდა. მე გადავწყვიტე გავრიდებოდი სიტუაციას და წამოვედი. 15-20 მეტრი გავიარე და გასროლის ხმა გავიგე, ფეხში კი ტკივილი ვიგრძენი. ზურგით ვიყავი და არ დამინახავს ვინ მესროლა. ჩემ ბიძაშვილს დავურეკე და დახმარება ვთხოვე, მან თავის სახლში წამიყვანა, ძალიან ცუდად ვიყავი, გონებას ვკარგავდი. შემდეგ, ჩემი ბიძაშვილის სახლში სოდის თანამშრომელი მოვიდა და მითხრა, შეიძლება მდგომარეობა ძალიან გაგირთულდესო და გორის სამხედრო ჰოსპიტალში უნდა გადაგიყვანოთო. იმავე ღამეს, გორის საავადმყოფოში გადმომიყვანეს“ - ამბობს მოწმე კახაბერ იზორია.

პროკურორის თქმით, კახა იზორიას მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის გამოძიების ეტაპზე მის მიერ მიცემულ ჩვენებასთან და გარკვეულ ბუნდოვანებას ქმნის. პროკურორის თქმით, გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში იზორია ამბობდა, რომ სადგურის ტერიტორიის დატოვება იმიტომ გადაწყვიტა, რომ გუნავასთან შელაპარაკება მოუვიდა და სიტუაციისთვის თავის არიდება ამჯობინა. პროკურორმა მოწმეს ამ დეტალის დაზუსტება სთხოვა, რაზეც მომწემ თქვა, რომ გუნავასთან წაკამათება მართლაც მოუვიდა.

სასამართლოზე გორის ჰოსპიტალის ის ექიმიც დაიკითხეს, რომელმაც, როგორც თავად აღნიშავს, სამედიცინო დახმარება კახა იზორიას გაუწია.

„2 აპრილს, სანამ პაციენტს შემოიყვანდნენ ჰოსპიტალის ყოფილმა დირექტორმა ალექსანდრე მუხაძემ დამირეკა და მითხრა რომ პაცინეტი შემოვიდოდა, რომელიც ქვედა კიდურის არეში იყო დაჭრილი. მუხაძემ მითხრა, რომ ჯერ პაციენტისთვის უნდა მიმეხედა და მისი ჰოსპიტალში შემოყვანის თაობაზე რაიმე დოკუმენტაციის შედგენისგან თავი უნდა შემეკავებინა. პაციენტი დაჭრილი იყო მარჯვენა ფეხში, წვივის არეში. ჰქონდა შემავალი და გამავალი ჭრილობა, რომელიც სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით იყო მიყენებული. მე მას ჭრილობა დავუმუშავე. პაციენტი ჰოსპიტალში ერთი დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა.შემდეგ კი, მივიჩნიე რომ მისი მდგომარეობა მსუბუქი იყო და სტაციონარულ მკურნალობას არ საჭიროებდა. როცა პაციენტი უნდა გამეწერა, ჰოსპიტალის ყოფილ დირექტორს მუხაძეს კიდევ ერთხელ ვკითხე, რა უნდა გამეკეთებინა, უნდა მეწარმოებინა თუ არა პაციენტის გაწერასთან დაკავშირებული რაიმე სახის დოკუმენტი. მისი თქმით, პაციენტი უნდა გამეშვა და დოუმენტაციის წარმოებისგან ამჯერადაც თავი უნდა შემეკავებინა. რადგან ამგვარი მითითება იყო, მეც ასე ჩავთვალე საჭიროდ და ამ პაციენტთან დაკავშირებით არანაირი დოკუმენტი არ შემიდგენია. მას ჩემი ტელეფონის ნომერი მივეცი და ვუთხარი, რომ თუკი რაიმე გართულება იქნებოდა, შეეძლო დამკონტაქტებოდა. გაწერის შემდეგ, მან ორჯერ დამირეკა და მთხოვა მასთან სახლში მისვლა. მივედი და ჭრილობა გადავუხვიე“ -   ამბობს გორის ჰოსპიტალის ქირურგი, გერონტი თოფჩიშვილი თავის ჩვენებაში.

გუნავას ადვოკატმა მოწმე თოფჩიშვილს ჰკითხა, თუ რატომ ახსოვდა მას ასე დეტალურად 2 აპრილს ჰოსპიტალში განვითარებული მოვლენები, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ მის პრაქტიკაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა პაციენტს სამედიცინო დახმარება დოკუმენტაციის გაფორმების გარეშე ჩაუტარა და სწორედ ამიტომ დაამახსოვრდა ეს დღე და ეს პაციენტი ასე.  

სასამართლო პროცესს, თენგიზ გუნავას მხარდამჭერები ესწრებოდნენ. მოწმეთა დაკითხვის დროს, წესრიგის დარღვევის გამო, მოსამართლემ დარბაზიდან რამდენიმე ადამიანიც გააძევა. დარბაზში დამსწრეთა ნაწილი მოწმეებს აცილებდნენ ირონიული შეძახილით - „ვაჟკაც“.      

ახალი ამბები