16:51, Friday, 29.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პირველი გამამართლებელი განაჩენის გამომტანი გორელი მოსამართლის დევნის ისტორია

16.04.2013

საბა წიწიკაშვილი, გორი

გორის რაიონული სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ქართლოს სულაბერიძემ 4 წლიანი პატიმრობა თითქმის სრულად  2012 წლის ბოლოს  მოიხადა.  ვარდების რევოლუციის შემდეგ ის ორჯერ დააპატიმრეს. პირველად სამსახურებრივი გულგრილობის, მეორედ კი,  მოწმის  მოსყიდვისთვის.

როგორც თავად ამბობს, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ, პირველად საქართველოში გამამართლებელი გადაწყვეტილებების გამოტანას მოუხშირა. მისივე თქმით, დევნა ჯერ თანასოფლელმა და  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დაიწყო, შემდეგ კი, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა გააგრძელა.

ეპიზოდი 1 - დაზარალებულების სასარგებლოდ გამოტანილი განაჩენი

 ,,მე ვიყავი ის მოსამართლე, რომელმაც საქართველოში პირველი გამამართლებელი განაჩენი გამოვიტანე“.  - ამბობს ქართლოს სულაბერიძე და იხსენებს ამის გამო მის თავს დატეხილ პრობლემებს.

როგორც თავად ამბობს, პირველად, მას პრობლემები თანასოფლელმა ირაკლი ოქრუაშვილმა შეუქმნა. „თავდაცვის მინისტრი  ირაკლი ოქრუაშვილი აქტიურად ერეოდა მოსამართლეთა საქმიანობაში. მისი ერთი სიტყვა საკმარისი იყო და მოსამართლე იმ დღესვე ტოვებდა სამსახურს“, - აცხადებს სულაბერიძე.

მაგალითად, 2004 წელს,  ქართლოს სულაბერიძემ, გორის ბაზრობის სახელმწიფოს სასარგებლოდ გაჩუქების საქმეზე, მეწილეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. საქმე ის იყო, რომ ტანსაცმლის ბაზრობის ერთ-ერთმა მეწილემ, აწ გარდაცვლილმა თემურ ბლუაშვილმა სახელმწიფოს ქონება საჩუქრად დაპატიმრებისას გადასცა. დანარჩენი მეწილეები აცხადებდნენ, რომ ჩუქების აქტი გასაბათილებელი იყო, რადგან ქონების გასხვისება დანარჩენი მეწილეების გარეშე მოხდა. სულაბერიძემ ბაზრობის მეწილეების და მათი ადვოკატის გოგიტა გაბაიძის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სულაბერიძის თქმით, ამ გადაწყვეტილებამ ირაკლი ოქრუაშვილის გაღიზიანება გამოიწვია.

,,სასამართლოს თავმჯდომარემ ბონდო ვათიაშვილმა მითხრა, რომ დარეკა ოქრუაშვილმა და თქვა,   მოსამართლე სულაბერიძემ დატოვოს თანამდებობაო“. ჩემი პასუხი იყო: ,,კარგად დაფიქრდეს თავცარიელი მინისტრი, ვინ კითხავს მაგას, მე წავალ თუ დავრჩები-მეთქი“ - იხსენებს სულაბერიძე.

ცოტა ხნის შემდეგ, მოსამართლეს იმ პერიოდში სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მყოფმა ალეკო სუხიტაშვილმაც დაურეკა: ,,რეკავს პოლიციის უფროსი ვინმე სუხიტაშვილი. მოხდა წარმოუდგენელი რამ, სუხტაშვილმაც გაიმეორა, რომ განცხადება გათავისუფლების შესახებ უნდა დამეწერა. “ - აცხადებს სულაბერიძემ.

გორის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ბონდო ვათიაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ ჭირდებოდა ქართლოს სულაბერიძესთან შუამავლის მეშვეობით დაკავშირება: ,,თუ რამე უნდოდა ოქრუაშვილს, პირადად დაურეკავდა და ეტყოდა ქართლოსს“ - აცხადებს ვათიაშვილი.

სულაბერიძის თქმით, ბაზრობის საქმის შემდეგ,   მან სასამართლოს თავმჯდომარეს ბონდო ვათიაშვილს სთხოვა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინტერესის ქვეშ  მოხვედრილი საქმეები მისთვის აღარ დაეწერა.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარის მოპოვება ირაკლი ოქრუაშვილისგანაც ვცადეთ, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ეპიზოდი 2 -  მკვლელობაში ბრალდებულისთვის გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი

2005 წლიდან, მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ,,რეფორმების“ შიშით, გამამართლებელი განაჩენების გამოტანისგან თავი შეკავება დაიწყეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ,, ნულოვანი ტოლერანტობის“  პოლიტიკის განხორციელება მოწოდებით - ,,ყველანი ციხეში“  დაიწყო.

2005 წელს,  მოსამართლე სულაბერიძემ, ერთ-ერთი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული პირი გაამართლა. პროკურატურის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილება  სააპელაციო სასამართლომ ძალაში ორჯერ დატოვა.  თუმცა უზენაესმა სასამართლომ,  წვრილმანი დარღვევების მოტივით,  საქმე ქვემდგომ სასამართლოებს უკან დაუბრუნა.

გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ, 2005 წლის აპრილში, იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელმა ვალერი ცერცვაძემ 11 კაციანი კომისია გორის სასამართლოში გააგზავნა და ერთი თვის განმავლობაში ქართლოს სულაბერიძის გამოტანილი გადაწყვეტილებების შემოწმება დაიწყეს.

საბოლოოდ, 2005 წლის 21 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ქართლოს სულაბერიძეს  უფლებამოსილება შეუწყვიტა.  საინტერსო ისაა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება გორის სასამართლოში გვიან ჩავიდა, რის გამოც  ,,უფლებამოსილებაშეწყვეტილ“ მოსამართლეს საქმეებს განსახილველად მაინც აწერდნენ.  რაც შეეხება უკვე წარმოებაში მიღებულ საქმეებს, ისინი დაამთავრებინეს, რადგან საჩქარო განხილვები ვადებში ჩატევას ითხოვდა.

2005 წლიდან გორის პროკურატურას პროკურორი გიორგი ცერცვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ვალერი ცერცვაძის ძმაა.

,,ჩემი სამსახურიდან გათავისუფლების საქმეში მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი ჩაერთო, რომელიც ქვემდგომი პროკურორების მეშვეობით, თანამდებობიდან საკუთარი ნებით  წასვლას მთხოვდა. მე უარს ვამბობდი, რადგან არ  მჯეროდა, რომ ქვეყნის გენერალურ პროკურორს ასეთი რამის ჩადენა შეეძლო“ - ამბობს ქართლოს სულაბერიძე.

ეპიზოდი 3 -  ,,უსაბუთო“ პატიმრის საქმე

ქართლოს სულაბერიძეს უფლებამოსილების ვადა 2005 წლის 21 ივლისს შეუწყდა. 2005 წლის 8 დეკემბერს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ორთაჭალის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში აღმოაჩინეს პატიმარი, რომლის პირად საქმეში დაპატიმრების ბრძანება არ იდო.

ეს პატიმარი გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ელზა ბერიანიძემ აღმოაჩინა. ბერიანიძემ, პატიმრის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, იფიქრა, რომ  საქმე შესაძლოა გორის სასამართლოში სცოდნოდათ. ის გორის სასამართლოს თავმჯდომარეს დაუკავშირდა. ვათიაშვილმა ტელეფონით უპასუხა, რომ აღნიშნული პატიმრის საქმეს გორის სასამართლოს მოსამართლე გოჩა გოჩიტაშვილი იხილავდა.

2005 წლის 8 დეკემბერსვე გორის სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლებმა ,,დაათვალიერეს“ მოსამართლე ქართლოს სულაბერიძის კაბინეტი. სულაბერიძის კაბინეტში, სადაც ის მოსამართლეობის დროს მუშაობდა, სწორედ იმ პატიმრთან დაკავშირებული დადგენილება აღმოაჩინეს, რომელიც ორთაჭალის ციხეში ,,უსაბუთოდ“ მოხვდა. ( ,,უსაბუთო“ იმას გულისხმობს, რომ პატიმრის პირად საქმეში აღკვეთი ღონისძიების შესახებ მოსამართლის ბრძანება ან რაიმე სხვა გადაწყვეტილება არ იდო.)

ქართლოს სულაბერიძემ ეს ამბავი 2006 წლის ოქტომბერში გაიგო, როდესაც ის პროკურატურაში დაიბარეს და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ბრალი წაუყენეს.  „უსაბუთო“ პატიმრის აღმოჩენის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა და გამოძიებას თითქმის ერთი წელი აწარმოებდა.

,,უსაბუთო“ პატიმარს აღკვეთის ღონისძიების შესახებ წინასწარი პატიმრობა, ჯერ კიდევ 2003 წელს, გორის სასამართლოს თავმჯდომარემ ბონდო ვათიაშვილმა შეუფარდა. შემდგომში ამ პატიმრის საქმის არსებითი განხილვა ქართლოს სულაბერიძეს დაევალა. 2003 წლის 27 აგვისტოს მოსამართლე ქართლოს სულაბერიძემ დადგენილებით ფოთის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პატიმრის მოთავსება მოითხოვა. მოსამართლე დადგენილებაში უთითებს, რომ წინასწარი პატიმრობის დროს ბრალდებული ფსიქოლოგიურად დაავადდა და შეუძლებელი ხდებოდა მისი დაკითხვა. შესაბამისად, ქართლოს სულაბერიძემ ის იძულებითი მკურნალობის მოთხოვნით ფოთში გააგზავნა.

რჩებოდა კითხვა, თუ რატომ აღმოჩნდა ფოთში გაგზავნილი პატიმარი თბილისის ორთაჭალის ციხეში? საქმის მასალებით ირკვევა, რომ ფოთის სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელმა დევდარიანმა აღნიშნული პიროვნება, საკუთარი გადაწყვეტილებით, ჯერ ზუგდიდის ციხეში გადაიყვანა, შემდეგ კი, ორთაჭალის ციხეში გადაიგზავნა.

გენერალური პროკურატურა სულაბერიძის ყოფილ სამუშაო ოთახში წარმოებული დათვალიერების ოქმს დაეყრდნო.  ამ ოქმის მიხედვით, მოსამართლე სულაბერიძემ იცოდა პატიმრის გამოჯანმრთელების ამბავი და არ მიიღო ფოთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან მისი გამოსახლების ზომები. ამ ფაქტს ქართლოს სულაბერიძე ასე ხსნის:

,,როდესაც 2003 წლის 27 აგვისტოს ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ბრალდებულის მოთავსების გადაწყვეტილება მივიღე, საქმე კანცელარიაში ჩავაბარე.  შემდეგ  საქმეზე აღარავითარი შემხებლობა არ მქონდა. ორი წლის შემდეგ, 2005 წლის 8 დეკემბერს, გენერალურმა პროკურატურამ თბილისის მე-5 სამკურნალო დაწესებულებაში ეს პატიმარი ნახა, რომლის პირად საქმეში მოსამართლის არავითარი გადაწყვეტილება არ იდო. ფაქტობრივად, პატიმარი ორთაჭალის დაწესებულებაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა.  „ - ამბობს სულაბერიძე და ამატებს რომ წარმოდგენა არ აქვს, როგორ და რატომ მოხვდა პატიმარი ორთაჭალის საპატიმროში.

ქართლოს სულაბერიძეს მიაჩნია, რომ  პროკურატურა ორთაჭალის დაწესებულებაში აღმოჩენილი ,,უსაბუთო“ პატიმრის საქმის მასთან დაკავშირებას ცდილობდა.

მისივე თქმით, ამის მაგალითია, 2005 წლის 8 დეკემბერს, გორის რაიონული სასამართლოს კანცელარიის თანამშრომლების მიერ შედგენილი ქართლოს სულაბერიძის კაბინეტის დათვალიერების ოქმი. ამ ოქმში ისიც წერია, რომ სულაბერიძის ყოფილ სამუშაო მაგიდაზე ფოთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი ნახეს.  ეს წერილი პატიმრის გამოჯანმრთელების ცნობას ეხებოდა. გამოძიების მასალებით,  ქართლოს სულაბერიძემ იცოდა პატიმრის გამოჯანმრთელების შესახებ ინფორმაცია, ხოლო ფსიქიატრიული დაწესებულებიდან გამოსახლების შესახებ მან ახალი გადაწყვეტილება არ მიიღო.

ქართლოს სულაბერიძე ამბობს, რომ სასამართლოს თანამშრომლებმა ბონდო ვათიაშვილის დავალება შეასრულეს და ფოთის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი მის ყოფილ კაბინეტში  სასმართლოს თანამშრომლებმა დადეს.

,,როდესაც ჩემი სამუშაო კაბინეტი დაათვალიერეს, მე უფლებამოსილება უკვე შეწყვეტილი მქონდა.  კაბინეტის გასაღები მე აღარ მქონდა, ხოლო ოთახით ახალი მოსამართლე სარგებლობდა. ის რაც დათვალიერების ოქმში წერია არის აბსურდი“ - აცხადებს სულაბერიძე.

საიდან გაჩნდა კაბინეტში ზემოაღნიშნული წერილი? ამის გასარკვევად გამოძიებამ მოსამართლე ქართლოს სულაბერიძის ყოფილი თანამშემწე ზაზა მათოშვილი დაკითხა. მათოშვილი გამოძიებას წერს, რომ მოსამართლე ქართლოს სულაბერიძის კაბინეტში პატიმრის საქმე კანცელარიიდან მან ქართლოს სულაბერიძის დავალებით აიტანა. ,,მოსამართლე ქართლოს სულაბერიძის თხოვნით დადგენილება კანცელარიიდან ავიტანე იმ იმ მიზნით, რომ დადგენილებაში ხელით მინაწერი გამეკეთებინა. „ - წერს დაკითხვის ოქმში ზაზა მათოშვილი. დადგენილების მინაწერში წერია, რომ განადგურებულ იქნას ნივთმტკიცებად ნაპოვნი დანა.

,,ვის აქვს უფლება ჩემ მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში შეიტანოს რაიმე ცვლილება? გარდა ამისა, ასეთი კატეგორიის საქმეზე ნივთმტკიცების განადგურება არ ხდება, რადგან შეიძლება პიროვნება გამოჯანმრთელდეს და საქმე განხილული იყოს ჩვეულებრივი წესით. რატომ ჩავაბარებდი საქმეს კანცელარიაში, თუ დამთავრებული არ მექნებოდა, ან როგორ მიიღებდა კანცელარია საქმეს, მით უმეტეს, რომ საქმეში არსებობს კანცელარიის გამგის ხელმოწერა ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიმართვაზე. რატომ მივცემდი თანაშემწეს ნებართვას, მელნით ჩაეწერა რამე, თანაც საკუთარი ხელით?“ - კითხულობს ყოფილი მოსამართლე.

მოგვიანებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მოსამართლე ქართლოს სულაბერიძის მიმართ გამოიტანა დადგენილება ბრალდებულად ცნობის შესახებ. ქართლოს სულაბერიძეს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამსახურებრივ გულგრილობას ნიშნავს.

2006 წელს წარდგენილი ბრალდება საბოლოოდ საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. მოსამართლეს 2 წლიანი პატიმრობა (ერთი წელი გამოსაცდელი ვადა) და 10 000 ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს.

 ქართლოს სულაბერიძე ამბობს, რომ იმ პერიოდში, საპროცესო შეთანხმების გაფორმების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა, რადგან მისი ოჯახი უკვე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

 ,,პირადად ზურაბ ადეიშვილი ითხოვდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებას,  მეც სხვა გზა არ მქონდა და დავთანხმდი“,  - ამბობს ქართლოს სულაბერიძე. გათავისუფლების შემდეგ დაკისრებული ჯარიმის გადახდას სოფელში მოწეული მოსავლით და იურიდიულ კონსულტაციებში აღებული თანხით აპირებდა.

ეპიზოდი 4 -  პატიმრობა 72 წლის მოხუცთან ერთად

ორი წლის შემდეგ, ყოფილი მოსამართლე მოქალაქეებს პროცესებზე უკვე წარმომადგენლის სახით იცავდა.  ერთ-ერთი პროცესის მიმდინარეობისას ის დააკავეს იმ მოტივით, რომ დაზარალებულებზე ზეწოლა მოახდინა და ჩვენება შეაცვლევინა. მასთან ერთად სხვა ადვოკატებიც დააკავეს, თუმცა ქართლოს სალაბერიძის გარდა ყველას გირაო შეუფარდეს.

ქართლოს სულაბერიძე, ადვოკატებთან ზურაბ მიდოდაშვილთან და ზაზა სვიანაძესთან ერთად,  განსასჯელ დემურ ქრისტესიაშვილს იცავდა, რომელსაც მობილური ტელეფონის თაღლითური გზით დაუფლებაში ედებოდა ბრალი.

სხდომას მოსამართლე მამია ფხაკაძე თავმჯდომარეობდა. დაზარალებულს კი, მოქალაქე გიორგი რომელაშვილი წარმოადგენდა.

სასამართლო პროცესზე დავა მობილური ტელეფონის ღირებულებამ წარმოშვა. პროცესზე დაზარალებულმა განაცხადა, რომ მობილური 150 ლარად მიყიდა ქრისტესიაშვილს. იგივე განაცხადეს ბრალდებულის ადვოკატებმა.

სხდომაზე მოწმედ განსასჯელის სიმამრი 72 წლის მოხუცი გიორგი ღამბაშიძეც შემოიყვანეს. მანაც განაცხადა, რომ მობილური 150 ლარი ღირდა. წინასწარ გამოძიებაში კი მობილურს 160 ლარად აფასებდნენ.

იმის გამო, რომ კანონის მიხედვით,  მნიშვნელოვან ზიანად 150 ლარზე მეტი ღირებულების ქონების მითვისება ან განადგურება ითვლება, სულაბერიძის თქმით, პროკურატურა და მოსამართლე დაჟინებით ცდილობდნენ დაეზუსტებინათ აპარატის ფასი. რაკიღა მხარეებმა მობილურის ფასი 10 ლარით დაწიეს და დავა უმნიშვნელო ზიანში გადაიყვანეს, პროკურორმა მყისიერად, პროცესზევე,  დაზარალებულ რომელაშვილს  ბრალი ჩვენების შეცვლისათვის, განსასჯელის ადვოკატებს კი მოწმეებზე ზემოქმედებისათვის წაუყენა . პროკურატურის მტკიცებით, დაზარალებულს ჩვენება განსასჯელის ადვოკატებმა შეაცვლევინეს.

სულაბერიძე  372-ე მუხლით (მოწმის და დაზარალებულის მოსყიდვა/იძულება) გაასამართლეს და სასჯელის სახით 4 წელიანი პატიმრობა და 10 000 ლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს. მოსამართლემ ყველას, გარდა სულაბერიძისა , გირაო შეუფარდა.

,,სასჯელს ვიხდიდი ,,კრიტში“. 17 კაციან საკანში 57 პირი ვიყავით მოთავსებული. 4 წელი გავატარე საკანში, საიდანაც მხოლოდ კვირაში ერთხელ გამოვყავდით ჰაერზე, ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ჩემი სახით მოსამართლეთა კორპუსი დაეშინებინათ. სასჯელი მოვიხადე მთლიანად“ - აცხადებს ქართლოს სულაბერიძე.

ქართლოს სულაბერიძე მოითხოვს, რომ მისი პატიმრობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა  დაიწყეს ზურაბ ადეიშვილის, მოსამართლეების: მამია ფხაკაძის, ქეთევან ჯაჭვაძის და თეთრაულის  მიმართ დაიწყოს, რადგან, როგორც სულაბერიძე ამბობს მათი გადაწყვეტილებით, ის ამდენი ხნის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში ამყოფეს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC