კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესი დაიხურა

29 აპრილი, 2013

სალომე ჩხეიძე

ბაჩანა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების სასამართლო სხდომაზე ბრალდების მოწმეს, ზვიად აბესაძეს ერთ-ერთმა დამსწრემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა,  რის შემდეგაც მას მანდატურებმა დარბაზი დაატოვებინეს, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა, მოსამართლემ კი სხდომის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

მოწმე ბრალდებულების -  კალანდაძისა და ახალაიას მიერ მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე საუბრობდა. მოწმე ზვიად აბესაძე 2011 წელს მომხდარ მოვლენებს იხსენებდა, მისივე თქმით, მას ბაჩანა ახალაიამ და გიორგი კალანდაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.  აბესაძის თქმით, ახალაია მან 2006 წელს გაიცნო, დაახლოვდნენ და მალე ახალაიას თავისი  შვილიც მოანათლინა, თუმცა, რამდენიმე ხანში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რისი მიზეზიც, აბესაძის აზრით, შესაძლოა მისი პოლიტიკური შეხედულებების ცვლილება იყო.

დაკითხვისას ზვიად აბესაძემ განაცხადა, რომ 2011 წლის სექტემბერში მას გვიან ღამით დაურეკა უცნობმა პიროვნებამ  და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ეს მრავალჯერ განმეორდა, რის შემდეგაც აბესაძემ ტელეფონი გამორთო. ტელეფონის გამორთვამდე კი, აბესაძემაც მიწერა გინების შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინება. როგორც მოწმე იხსენებს, ნახევარ საათში მასთან მივიდა მისი შვილის მეორე ნათლია გრიგოლ ბაკურაძე, რომელმაც უთხრა, რომ წასულიყო მასთან ერთად რესტორანში,  სადაც ბაჩო ახალაია იბარებდა.

ჩვენების მიხედვით, აბესაძე და ბაკურაძე მივიდნენ ორთაჭალაში ერთ-ერთ რესტორანში, სადაც დახურულ ოთახში ისხდნენ ბაჩო ახალაია და რამდენიმე სხვა პირი.

„შევედი და ახალაიას მივესალმე, ხელიც გავუწოდე, თუმცა არ ჩამომართვა. მაშინ მივხვდი, რომ საქეიფოდ არ ვიყავი დაძახებული.  ბაჩომ მიმითითა სად დავმჯდარიყავი და მკითხა ვიცნობდი თუ არა ჩემს გვერდით მჯდომ ადამიანს. მე ვუთხარი რომ არ ვიცნობდი, რაზეც ახალაიამ მითხრა, რომ უნდა მცოდნოდა, რომ ის იყო გიგი კალანდაძე, გენერალი და ომის გმირი.  ასევე მითხრა, რომ ეს ის კაცია, ვისაც ტელეფონში აგინეო. ამის თქმის შემდეგ  დაცვამ გამაკავა და 15-20 წუთის მანძილზე კალანდაძე მირტყავდა”, - განაცხადა აბესაძემ დაკითხვის დროს.

მოწმემ აღნიშნა, რომ ახალაიამ ჰკითხა, ხომ არ უნდოდა კუთვნილი მანქანა გადაეცა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის, რაზეც აბესაძე, იმ განზრახვით, რომ იქნებ მისი ცემა შეეწყვიტათ, დათანხმდა და მეუღლეს დაურეკა, რომ გაგა მკურნალიძისთვის, მანქანა გამოეტანებინა.

„ჩემგან მოითხოვდნენ, რომ დამეჩოქა გიგისთვის და ბოდიში მომეხადა. ვთქვი, რომ ამას არ გავაკეთებდი, თუნდაც მოვეკალი, რაზეც,  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ,  ჭაკუამ მითხრა, ცოტა მოგვიკლავსო? კალანდაძე მირტყამდა ხელით, როცა დაიღალა, რაც ხელში მოხვდებოდა ყველაფერს მესროდა. ახალაიამაც გამოიწია ერთხელ ჩემზე და თავში იარაღი ჩამარტყა. ამის შემდეგ კალანდაძეს დაუყვირა, რომ გაჩერებულიყო, თუმცა გიგი აგრძელებდა ჩემს ცემას, რაზეც შეკამათდნენ კიდევაც”, - გაიხსენა სხდომაზე აბესაძემ.

მოწმის თქმით, საბოლოოდ, კალანდაძემ შეწყვიტა მისი ცემა, ახალაიამ კი გაგა მკურნალიძეს დაავალა, რომ  აბესაძე წაეყვანა და სადმე დაემწყვდია.  მოწმის თქმით, მკურნალიძემ იგი მუხიანში ერთერთი კორპუსის ბინაში მიიყვანა, სადაც იგი გვიანობამდე იყო. აბესაძე იხსენებს, რომ  სახეზე  უამრავი დაზიანება ჰქონდა, საღამოს კი მოვიდა მკურნალიძე, რომელმაც მოიტანა მალამო და წაუსვა, რომ მოშუშებოდა ჭრილობები.

”ამ დროს გამიჩნდა იმედი, რომ ჩემს მოკვლას არ აპირებდნენ, რადგან მაშინ მალამოს არ წამისვამდნენ. მკურნალიძემ მითხრა, რომ გამიშვებდნენ, მაგრამ ელოდებოდა რაღაცას, ალბათ, ახალაიას ბრძნებას. მართლაც, გვიან ღამით წამომიყვანეს და ისევ ორთაჭალაში მიმიყვანეს. მკურნალიძემ მითხრა, რომ მიშვებდნენ, ოღონდ არავისთვის არ უნდა მეთქვა მომხდარზე. მანქანაც დამიბრუნეს. ალბათ იმიტომ, რომ ის მანქანა ჩემს ძმაზე იყო გაფორმებული და ამასთან, ბანკში იყო ჩადებული.” - აღნიშნა აბესაძემ.

აბესაძის თქმით სახლიდან 10 დღის მანძილზე არ გამოსულა, რადგან მკურნალობდა,  ექიმებისთვის კი არ მიუმართავს, რადგან ეს გართულებას გამოიწვევდა. 

დაცვის მხარემ მოწმეს შეკითხვები მის ჩვენებასთან და პროკურატურაში ყოფნასთან დაკავშირებით დაუსვა, თუმცა მოწმემ თავისი თავდაპირველი ჩვენების წაკითხვა ან პროკურატურაში ოფიციალური ვიზიტის გარდა სხვა სახის გარემოება, უარყო.

მოწმის დაკითხვის პროცესში ხშირი იყო როგორც დამსწრეთა, ისე ბრალდებულების მხრიდან ხმაური. მოსამართლემ წესრიგის დაცვისკენ დარბაზს რამდენჯერმე მოუწოდა საბოლოოდ კი, სხდომა ნაწილობრივ დახურა.

ახალი ამბები