კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აგვისტოს საომარი მოქმედებების შესასწავლად საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნა

15 მაისი, 2013

www.civil.ge 

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს და მის შემდგომ პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შესასწავლად, მთავარი პროკურატურის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი ჩამოყალიბდა.

ჯგუფში, რომელიც 8 წევრისგან შედგება, შედიან პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები „აღნიშნული საქმის გამოძიების მნიშვნელობის, სისხლის სამართლის საქმის დიდი მოცულობისა და კომპლექსურობის გამო, აგრეთვე, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წესდების - რომის სტატუტითა და საქართველოს მიერ ნაკისრი სხვა საერთაშორისო ვალდებულებების გათვალიწინებით“.

სისხლის სამართლის საქმეს საპროცესო ხელმძღვანელობას მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მირანდა მელქაძე და  მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მედეა როსებაშვილი გაუწევენ.

„ჯგუფს დაევალა აწარმოოს გამოძიება 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებებისა. ეს დანაშაულებები შეეხება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. ჩვენ ეს მოვალეობა გვაკისრია საერთაშორისო ხელშეკრულებით. ჯგუფის მოვალეობა არის ასეთი ტიპის დანაშაულებების დადგენა“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა. 

მან ჯგუფის შექმნის გეგმებზე განცხადება დაახლოებით ერთი თვის წინ გააკეთა  მას შემდეგ, რაც მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა განცხადებები ომთან დაკავშირებული გამოძიების საჭიროებაზე.

აპრილში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებების შესახებ „სიმართლე“ უნდა დადგინდეს და ამ პროცესში „ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, იმდენჯერ მოუწევს დაკითხვაზე მისვლა, რამდენჯერაც საჭირო იქნება“. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის არ აპირებს ითანამშრომლოს „ანტისახელმწიფოებრივ გამოძიებასთან“. 

ომთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიება წინა ხელისუფლებამ დაიწყო, ეს საქმე ასევე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წინასწარი მოკვლევის სტადიაშია.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა და მას შეუძლია გაასამართლოს ცალკეული პირები გენოციდის, სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის. თუმცა, სასამართლო არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საქმეს შესაბამისი სახელმწიფო ხელისუფლება იძიებს და თუ სამართალწარმოება უბრალო ფორმალობას არ წარმოადგენს.

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო რომის სტატუტის წევრია.

რუსეთ-საქართველოს ომიდან რამდენიმე დღეში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისმა სიტუაციის „წინასწარი მოკვლევის“ დაწყების შესახებ გააკეთა განცხადება.

„წინასწარი მოკვლევა“ არის ეტაპი, რომლის დროსაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი აფასებს უნდა დაიწყოს თუ არა მან საკუთარი გამოძიება; ამავე ეტაპზე ის ასევე აფასებს მოცემულ სიტუაციაში შესაძლოა თუ არა ჩადენილიყო ის დანაშაულები, რომლებიც სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ექცევა და აწარმოებს თუ არა შესაბამისი ხელისუფლება რეალურ გამოძიებას.

აგვისტოს ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი ჯერ კიდევ წინასწარი მოკვლევის ეტაპზე იმყოფება; ეს გულისხმობს რომ პროკურორის ოფისი კავშირშია საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებებთან, რათა თვალყური ადევნოს მათ მიერ ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების პროცესს; პროკურორის ოფისს ასევე კონტაქტები აქვს რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთაგანაც ზოგიერთი ასევე ახდენს მიმდინარე გამოძიების მონიტორინგს ეროვნულ დონეზე.

აგვისტოს ომთან დაკავშირებული ბრალდებები მოიცავს საქართველოს მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას; ქართული ძალების მიერ რუს სამშვიდობოებზე თავდასხმას; მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებს როგორც ქართული, ისე რუსული ძალების მიერ; ქონების განადგურებას; აქტიური საომარი მოქმედებების შემდეგ ეთნიკურად ქართულ სოფლებში ძარცვას; წამებას და ცუდი მოპყრობის სხვა ფორმებს.

2012 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშში პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ „არსებობს გონივრული საფუძველი ვირწმუნოთ“, რომ წამებას, ქონების განადგურებას, ძარცვას, მოსახლეობის დეპორტაციას ან ძალისმიერ გადაადგილებას ჰქონდა ადგილი. თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კონფლიქტის მხარეების სხვა შესაძლო ქმედებების შემდგომმა შეფასებამ, მათ შორის იმ ბრალდებაზე რომ მოხდა განზრახ შეტევა რუს სამშვიდობოებზე, რაიმე კონკრეტული შედეგი ჯერ ვერ გამოიღო. იქვე აღნიშნულია რომ ეს წინასწარი შეფასება შესაძლოა გადაიხედოს იმ შემთხვევაში, თუ ახალი ფაქტები და მტკიცებულებები გაჩნდება.

„ამ ეტაპზე საქართველოც და რუსეთიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების შესაბამის გამოძიებებს, როგორც ჩანს, აწარმოებენ ეროვნულ დონეზე. თუმცა, მოვლენათა ოთხი წლის თავზე არცერთ გამოძიებას ჯერ შედეგი არ გამოუღია“, – ნათქვამია 2012 წლის ნოემბრის ანგარიშში.

2011 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ მოხსენება გაუგზავნა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს, სადაც ის ადასტურებდა რომ აცნობიერებს საერთაშორისო ვალდებულებას გამოიძიოს შესაძლო მძიმე დანაშაულები და ძალისხმევას არ იშურებს ამ ვალდებულებების შესასრულებლად.

თავის 2012 წლის ნოემბრის ანგარიშში პროკურორის ოფისმა განაცხადა, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის წარუმატებლობა თავიანთ გამოძიებებში შედეგების მიღების კუთხით, კითხვებს აღძრავს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მხარეები რეალურ გამოძიებას არც აწარმოებენ.

ქართული მხარე გამოძიების ხელის შემშლელ ორ ძირითად ფაქტორს ასახელებდა: დანაშაულის ადგილზე მისვლის შესაძლებლობის არ ქონა და რუსეთის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობა. რუსეთი, თავის მხრივ, შემაფერხებელ ფაქტორად საქართველოს მხრიდან თანამშრომლობის ნაკლებობას იმიზეზებდა.

ახალი ამბები