22:06, Friday, 22.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პარლამენტმა ორ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

31.05.2013

 
სივილ ჯორჯია

პარლამენტმა 30 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო ორ კანონპროექტზე, რომელთაგანაც ერთი ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებს, რომელიც სადავო ნორმატიული აქტის შეჩერების ვადებს ზღუდავს, ხოლო მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტების იურიდიული სტატუსის შესაძლო შეცვლას.

ამ გადაწყვეტილების შედეგად ძალაში დარჩა 19 აპრილს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტს, რომ შეაჩეროს სადავო აქტი იმ მოტივით, რომ მისმა მოქმედებამ გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენოს ერთ-ერთ მხარეს, მაშინ ის ვალდებული ხდება ამ საქმეზე შეტანილ სარჩელზე გადაწყვეტილება 30 დღეში მიიღოს. თუმცა ეს ვადა განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლოა 15 დღით გახანგრძლივდეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. თუ დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, მაშინ სადავო აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ძალას კარგავს.

პრეზიდენტი თავის შენიშვნებში აცხადებდა, რომ დადგენილი ვადა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სრულფასოვნად განიხილოს საქმე და სანაცვლოდ სთავაზობდა 30-დღიანი ვადის 6 თვემდე გაზრდას, რომელიც შეიძლებოდა კიდევ არაუმეტეს ერთი თვით გახანგრძლივებულიყო.

ეს წინადადება საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა და ძალაში დატოვა მის მიერ აპრილში მიღებული რედაქცია.

ამჟამად მოქმედი წესების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის წარმოების და შესაბამისად სადავო აქტის შეჩერების ვადა მაქსიმუმ 11 თვე შეიძლება გაგრძელდეს.

დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ვადების შემცირებისას ქართული ოცნების ერთადერთი მიზანი იყო, რომ ხელი შეეშალა ოპოზიციისთვის, რათა მას საკონსტიტუციო სასამართლოში არ გაესაჩივრებინა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც იუსტიციის საბჭოს რეფორმას ითვალისწინებს. პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონპროექტსაც დაადო ვეტო, თუმცა იგი პარლამენტმა დაძლია და კანონი უკვე ძალაშია შესული. ამ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საკითხი „მოხსნილია“, განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან პავლე კუბლაშვილმა 30 მაისს პარლამენტის სხდომაზე.

მეორე კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო ასევე 10 მაისს დაადო, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნის შესაძლებლობას ეხება.

მართალია პარლამენტის მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტში არ არის კონკრეტულად მითითებული, რომ ეს ცვლილებები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება, მაგრამ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული ამ ცვლილებების სამიზნე სწორედ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებია.

პრეზიდენტი თავის შენიშვნებში მოუწოდებდა კანონმდებლებს, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გარდაქმნა, რაც მეტი სახელმწიფო რეგულაციების მოქმედების ქვეშ მოქცევას გულისხმობს,  შეხებოდა მხოლოდ სახელმწიფოს დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირებს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მათი მმართველი ორგანოები ამაზე თანხმობას განაცხადებდნენ.

თუმცა ეს შენიშვნები პარლამენტმა ასევე არ გაიზიარა და ძალაში დატოვა მის მიერ 19 აპრილს მიღებული ცვლილებები. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა თავდაპირველად არ იყო ჩამოყალიბებული ამ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის საკითხთან მიმართებაში, საბოლოოდ მაინც არ გაიზიარა პრეზიდენტის შენიშვნები, რაც გააკრიტიკეს დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან.

ოპოზიციონერი დეპუტატის სერგო რატიანის განცხადებით, ამ ცვლილებით ხელისუფლება მიზნად ისახავს წარმატებული უმაღლესი სასწავლებლები საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ამ დაწესებულებების მოსაზრების გათვალისწინების გარეშე გარდაქმნას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა გააპროტესტეს მათი იურიდიული სტატუსის შესაძლო შეცვილის საკითხი, როგორც მათი ავტონომიურობის შეზღუდვის მცდელობა. სწორედ უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შეზღუდვის საშიშროებაზე აპელირებდნენ პრეზიდენტი თავის შენიშვნებში და მისი პარტიის წარმომადგენლები საპარლამენტო დებატების დროს.

ქართული ოცნების დეპუტატები უარყოფენ ამ ბრალდებას და აცხადებენ, რომ უფრო მაღალი სტატუსის მინიჭება უმაღლესი სასწავლებლებისათვის მათ ავტონომიურობას ვერანაირად ვერ შეზღუდავს.

„როდესაც სტატუსს ვცვლით ამითი ავტონომიას არც ვცვლით და არც ვზღუდავთ“, - განაცხადა დეპუტატმა ნინო  გოგუაძემ ფრაქცია ქართული-ოცნება თავისუფალი დემოკრატებიდან და დასძინა, რომ მმართველი კოალიცია აპირებს დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რომელიც უფრო მეტად განამტკიცებს უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობის პრინციპს.

არსებული პროცედურების მიხედვით, თუ პრეზიდენტი ვეტო გადალახულ კანონპროექტებს კვლავ არ მოაწერს ხელს, მაშინ ამას პარლამენტის თავმჯდომარე გააკეთებს, რასაც მათი ამოქმედება მოყვება.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC