კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ვადა ეწურება

11 ივნისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას პატიმრობაში ყოფნის ცხრა თვიანი ვადა აგვისტოს დასაწყისში იწურება.  საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით კი, თუ ამ ვადაში საქალაქო სასამართლომ განაჩენის გამოტანა ვერ მოასწრო, ბრალდებული პატიმრობიდან თავისუფლდება. ახალაიას პატიმრობის ამოწურვის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც  გაირკვა, რომ სასამართლო პროცესზე მხარეებს კიდევ ას ორმოცდაათამდე მოწმე ჰყავთ დასაკითხი. ამის პარალელურად, პროკურატურა დაცვის მხარის ადვოკატებს სასამართლო პროცესის განგებ გაჭიანურებაში ადანაშაულებს. 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, თუკი სასამართლოს განაჩენი არ დადგა,  ბრალდებული პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. 

ბაჩანა ახალაიასა და მასთან ერთად ბრალდებულების 6 ივნისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ განაცხადა, რომ დაცვის მხარე მიზანმიმართულად ცდილობს პროცესის გაჭიანურებას.  აღნიშნული განცხადება პროკურორებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც ახალაიას ადვოკატმა ჯერ პროცესის გადადების, შემდეგ კი, მოსამართლის აცილების შუამდგომლობები დააყენა.

ახალაიასთვის სახაზინო წესით ახლახან დანიშნულმა ადვოკატმა პროცესის გადადება იმ მოტივით ითხოვა, რომ მას ამ დრომდე არ მიეცა სხდომის ოქმის გაცნობის საშუალება. მისი განმარტებით, მან 3 ივნისს მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სხდომის ოქმის გადმოცემა, თუმცა უშედეგოდ, რის გამოც შეიზღუდა მისი უფლებები და დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი.

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა დაყენებულ შუამდგომლობას და განაცხადა, რომ ახალაიას ადვოკატს შეეძლო გაცნობოდა საქმეში არსებულ მასალებს და მოსულიყო მომზადებული, ამდენად ამ მიზეზით სხდომის გადადება არ შეიძლებოდა.

„დღევანდელი სასამართლო ჩვენი ეჭვების დადასტურების პროცესად იქცა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ დაცვის მხარე სპეციალურად ცდილობდა დროის გაჭიანურებას, რათა განაჩენის გამოტანა დადგენილ ვადებში ვერ მოხდეს. მართლაც, ფაქტია, რომ უკვე მერამდენედ ხდება პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება, რათა ბრალდებულის პატიმრობის 9 თვიანი ვადა ამოიწუროს“, - განაცხადა ბრალდების მხარემ.

მოსამართლე გიორგი დარახველიძემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მისი განცხადებით, მოსამართლე და სხდომის მდივანი სასამართლო სხდომის ოქმს ხელს პროცესის დასრულების შემდეგ არაუგვიანეს 5 დღის ვადაში აწერენ  და სწორედ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მხარეებისთვის ხელმოწერილი ოქმის გაცნობა. ამდენად, დარახველიძის განცხადებით, ახალაიას ადვოკატისთვის სხდომის ოქმის გადაცემა ვერ მოხდებოდა.

ამის შემდეგ, ახალაიას ადვოკატმა მეორე შუამდგომლობა დააყენა მოსამართლე გიორგი დარახველიძის აცილების თაობაზე.  დაცვის მხარემ განმარტა, რომ  სხდომაზე მოსამართლემ არათანაბარ პირობებში ჩააყენა მხარეები.

მეორე შუამდგომლობა, ისევე როგორც პირველი, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესის გაჭიანურების მცდელობად აღიქვა.

„უკვე მერამდენე შემთხვევაა, რომ გიორგი დარახველიძის აცილებას დაცვის მხარე მას შემდეგ ითხოვს, რაც მოსამართლე რაიმე შუამდგომლობას არ დაუკმაყოფილებს“, - აღნიშნა პროკურორმა. 

„სასამართლო სწორედ იმ შემთხვევაში იქნებოდა არაობიექტური და მიკერძოებული, ასეთი სახის შუამდგომლობები რომ დაეკმაყოფილებინა. თქვენთვის სასამართლო სხდომის ოქმის არ გადმოცემა კანონის საფუძველზე მოხდა და უკანონო სწორედ ამის გამო დაყენებული შუამდგომლობის დაკმაყოფილება იქნება“ -  განაცხადა მოსამართლე გიორგი დარახველიძემ და მისი აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ მინისტრს სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი მას შემდეგ იცავს, რაც ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესზე დასწრებასა და საკუთარი ადვოკატების მომსახურებაზე  უარი განაცხადა. 

ახალი ამბები