კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაჩანა ახალაიას ადვოკატი სასამართლო სხდომის ოქმს ვერ ეცნობა

17 ივნისი, 2013
 
სალომე ჩხეიძე

ბაჩანა ახალაიას სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს მისი მონაწილეობის გარეშე ჩატარებული სხდომების ოქმის გაცნობის საშუალება არ მიეცა. სულხან კომახიძის  თქმით,  მან სასამართლოდან ოქმი გამოითხოვა, თუმცა ოქმი არ მისცეს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ ამან არათანაბარ პირობებში ჩააყენა მხარეები და დაირღვა სასამართლოს შეჯიბრობითობის პრინციპი.

ადვოკატმა მოსამართლეს, 6 ივნისის სასამართლო სხდომაზე ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაზეც  მიუთითა და განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპს არ შეესაბამებოდა ის, რომ მისთვის უცნობი იყო, რა ხდებოდა პროცესზე მის ჩართვამდე.

მოსამართლე  გიორგი დარახველიძემ საპასუხოდ განმარტა, რომ  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოსამართლე და სხდომის მდივანი სასამართლო სხდომის ოქმს მთლიანი პროცესის დასრულების შემდეგ 5 დღის ვადაში აწერენ ხელს და ამდენად, მანამდე, ადვოკატისთვის ხელმოუწერელი ოქმის გადაცემა ვერ მოხდებოდა.

„მოსამართლემ ამ შემთხვევაში არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა მე სხდომის ოქმის გაცნობის საშუალება არ მომცა და ამას ნებისმიერი სამართლის არმცოდნე ადამიანიც კი მარტივად მიხვდება. მე მოვუწოდებდი, გაეთავლისწინებინა  მოსამართლეს  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 190-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ თუკი საქმე განიხილება ორი ან მეტი ბრალდებულის მიმართ და სასამართლო სხდომაზე რომელიმე ბრალდებულის ადვოკატი არ გამოცხადდა, სასამართლოს შეუძლია, საქმის განხილვა განაგრძოს სხვა ბრალდებულების მიმართ და ამასთანავე,  სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ადვოკატისთვის მისი მონაწილეობის გარეშე წარმოებული სასამართლო სხდომის ოქმის გაცნობა.  სწორედ ამ მუხლის ანალოგიით უნდა ეხელმძღვანელა მოსამართლე დარახველიძეს, თუმცა საპირისპირისპიროდ მოიქცა “,  - აცხადებს  სულხან კომახიძე. 

მისივე თქმით, სასამართლოში აღნიშნულ საკითხზე  არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა:  რიგ შემთხვევაში აკმაყოფილებენ მოსამართლეები მსგავს შუამდგომლობას, რიგ შემთხვევაში კი არა.  

კომახიძის განცხადებით, თუკი მას არ მიეცემა ოქმის გაცნობის საშუალება, ეს მას დასკვნითი სიტყვის წარმოთქმაში ხელს შეუშლის. 

იურისტი თამარ ბარსონიძე, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში  ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესების მონიტორინგს ახორციელებს, მიიჩნევს, რომ მოსამართლეს ადვოკატისთვის სხდომის ოქმნის გაცნობის შესაძლებლობა უნდა მიეცა.  

„აშკარაა, რომ დაცვის ეფექტურად განსახორციელებლად, ადვოკატს სჭირდება ინფორმაცია პროცესის შესახებ სრულად. მინიმუმ დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად აუცილებელია, რომ მისთვის ცნობილი იყოს რა ხდებოდა პროცესზე მის ჩაბმამდე.  ამასთან, 190-ე მუხლით კანონმდებელმა დააფიქსირა მისი განწყობა იმის შესახებ, რომ ადვოკატი იცნობდეს მის გარეშე წარმოებული სასამართლო პროცესის სხდომის ოქმს. თუნდაც განიმარტოს ეს მუხლი ისე, რომ იგი შეეხება მხოლოდ უკვე ჩაბმული ადვოკატის მიერ გამოუცხადებლობის შემთხვევას, მაშინ ის ანალოგიით უნდა გამოეყენებინა მოსამართლეს, რადგან აწესრიგებს მსგავს შემთხვევას - როცა ადვოკატი არ ესწრება პროცესს. მოსამართლის მითითება იმის შესახებ, რომ ვერ გამოიყენებდა ამ ნორმას, რადგან აწესრიგებდა სხვა შემთხვევას, არ იყო ადეკვატური,“ - აცხადებს თამარ ბარსონიძე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ მინისტრ, ბაჩანა ახალაიას სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი მას შემდეგ იცავს, რაც ახალაიამ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესზე დასწრებასა და საკუთარი ადვოკატების მომსახურებაზე  უარი განაცხადა.  

ახალი ამბები