08:20, Monday, 30.03.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თბილისის მერის მოადგილე და მერიის სამი მაღალჩინოსანი დაკავებულია

28.06.2013

 
www.civil.ge 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 27 ივნისს გვიან ღამით თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე და კიდევ სამი მაღალჩინოსანი -  თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე საბიუჯეტო თანხების ნაციონალური მოძრაობის პარტიული მიზნებისთვის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დააკავა.

ოთხივე ეს მაღალჩინოსანი მერიისა და საკრებულოს იმ 23-კაციან ჯგუფში იყო, რომლებიც იმავე დღის დილით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს მანამდე 27 ივნისს, რომ მთავარობამ, სავარაუდოდ, იმიტომ გადაწყვიტა დაკავებულების გათავისუფლება, რომ თავიდან აეცილებინა სკანდალი, რადგანაც სწორედ იმ დღეს საქართველოს ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია სტუმრობდა გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით.  მაგრამ როგორც კი ნატოს დელეგაციამ დატოვა საქართველო, დაპატიმრებები განახლდა და შესაძლოა კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ, განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ პარასკევს შუაღამის შემდეგ.
      
დაკავებულებს და ასევე თბილისის განვითარების ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს  გიორგი საბანაძეს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით მიმალვაშია და ამავე საქმეზე ბრალდებულად არის ცნობილი, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის  მითვისება გაფლანგვის სამ ეპიზოდს, რომელიც მოიცავს ფონდიდან სახელფასო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 13.8 მლნ ლარის გაფლანგვის ფაქტს; ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34.3 მლნ ლარის მითვისების ფაქტს და  ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისთვის დახარჯულ 719 862 ლარს.

პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით, გამოძიება განმარტავს, რომ თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი საბანაძის ხელმძღვანელობით 2011 წლის ნოემბერში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო კოორდინატორების დაფინანსების მიზნით დამზადდა პლასტიკური ბარათები 719 პიროვნებაზე, რომლებიც, ისე რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, ფიქტიურად გაფორმებულები იყვნენ ფონდში შენობათა კვლევის სპეციალისტებად. გამოძიების ცნობით, ბარათები, რომლებზეც ხელფასები 2011 წლიდან 2012 წლის ნოემბრამდე ირიცხებოდა, შესყიდვების სამსახურის უფროსის ალექსი თაბუაშვილის მეშვეობით გადანაწილდა ნაციონალური მოძრაობის ათი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელზე და ამ ანგარიშებიდან თანხები პერიოდულად გამოჰქონდათ ამჟამად დაკავებულ თაბუაშვილს, ავალიანს, ჩხეიძეს და მერიისა და გამგეობის 30-მდე თანამშრომელს. ამასთან გამოძიება აღნიშნავს, რომ ამ 719 პირიდან უმეტესობა ფიქტიურად  იყო ასევე დასაქმებული „თბილსერვის“ ჯგუფში, რომელთან დაკავშირებით ასევე მიმდინარეობს გამოძიება და ქალაქის მერს გიგი უგულავას  წაყენებული აქვს ბრალი საბიუჯეტო თანხების პარტიული მიზნებით გამოყენების საქმეზე. 
 
როგორც გამოძიება აღნიშნავს, მეორე ეპიზოდში თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ და ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი საბანაძემ გააუქმეს პლასტიკური ბარათები და ანგარიშიდან თანხები პარტიული მიზნებისთვის 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით ნაღდი ფულის სახით სულ შვიდჯერ გაიტანეს ჯამში 34 328 463 ლარის ოდენობით.
მესამე ეპიზოდში ასევე ფიგურირებენ გიორგი საბანაძე და დავით ალავიძე, რომლებმაც გამოძიების ინფორმაციით, ფონდის სახელით ხელშეკრულება გაუფორმეს ორ კომპანიას, რომლებმაც 2012 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით ორგანიზება გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების გამასპინძლებისთვის ფურშეტებს, რომელთა   ანაზღაურების სანაცვლოდ „თბილისის განვითარების ფონდის“ ანგარიშიდან „გაიფლანგა“ 719 862 ლარი.

პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ დაკავებები ხელისუფლების კამპანიის ნაწილია, რომ ზეწოლა მოახდინოს ოპოზიციაზე, რაც მათი თქმით, საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებსაც უქმნის საფრთხეს.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ნატოს გენერალური მდივნის მიერ 27 ივნისს თბილისში გაკეთებული მკაცრი განცხადების ფონზე, როდესაც მან განაცხადა, რომ ნატო „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებებს, საერთაშორისო პარტნიორებს ეგონათ, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებდა ამას და შეწყვეტდა დაკავებებს. თუმცა, მისი თქმით, როგორც კი ნატოს დელეგაციამ დატოვა საქართველო, დაკავებები განახლდა. ვაშაძის თქმით, ამგვარი ქმედებები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და მის უსაფრთხოებას ძირს უთხრის.

ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა, რომლებმაც მერიის მაღალჩინოსანთა დაკავება მათ პარტიაზე „უპრეცედენტო თავდასხმად“ შეაფასეს, განაცხადეს, რომ მომხდარის გამო პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში გადადიან და 28 ივნისს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლო სხდომაში მონაწილეობა აღარ მიიღეს.

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მერიის მაღალჩინოსნების დაკავების კომენტირებისას უარყო რაიმე „პოლიტიკური დევნა“ და განაცხადა, რომ მის მთავრობაში „სამართალდამცავი ორგანოები არიან თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან და ისინი აკეთებენ საკუთარ საქმეს“.

„გასაგებია, რომ შეშფოთდნენ ელჩებიც, კითხვები დაისვა ძალიან ბევრი და პოლიტიკურად არ იყო ახალი ხელისუფლებისათვის მაინც და მაინც მომგებიანი. მიუხედევად ამისა ეს ისე განვითარდა, როგორც ჩათვალეს საჭიროდ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა და არა ისე, როგორც ჩავთვალე მე და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ სხვანაირი სახელმწიფოა დღეს საქართველო და არ არის იმ ტიპის, როგორიც იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში“, - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში.

მან ასევე განაცხადა, რომ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რომ 23 პირის დაკავების და შემდეგ გათავისუფლების დროს ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს, სამართლებრივი გზით უნდა გაეცეს პასუხი.
„იჩივლონ, სასამართლოა ამისთვის და სასამართლო გადაწყვეტს ამას ყველაფერს“, - აღნიშნა მან.
28 ივნისს პროკურატურას უკვე მიმართა ერთობლივი საჩივრით თბილისის მერიისა და საკრებულოს ოცდასამმა წარმომადგენელმა, რათა შესწავლილი იქნას მათ მიმართ ფინანსურ პოლიციაში განხორციელებული „უკანონო“ საპროცესო ქმედებები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ასევე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა, რომელიც უშუალოდ კურირებს საგამოძიებო სამსახურს, უარყვეს, რომ რაიმე საპროცესო დარღვევებს ჰქონდა ადგილი. მათი განცხადებით, დაკავება მოხდა გუშინ საღამოს და არა დილით, როცა მათი თქმით, მხოლოდ დაკითხვის პროცედურა ტარდებოდა საგამოძიებო სამსახურში.

„საქმე ეხება 50 მლნ ლარის მითვისებას, მოპარვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩემთვის გაუგებარია აბსოლუტურად, თუ რატომ ატეხეს ამხელა აჟიოტაჟი. ერთადერთი ახსნა აქვს, რომ ეს არის გამოწვეული შიშისგან“, - განუცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში
შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.
ვრცლად...
გორაშვილი vs ნაჭყებია
სიკვდილით სავსე ქალაქი
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC