კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია ხმაურით მიმდინარეობს

2 აგვისტო, 2013
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი
 
დიმიტრი კოპალიანმა, რომელიც ქუთაისის მერის პოსტზე, ამერიკაში 22 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, მიმდინარე წლის 5 ივნისს დაინიშნა, თავისი საქმიანობა მერიაში განხორციელებული მასშტაბური რეორგანიზაციით დაიწყო.   „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მონაცმებით, არჩევნების შემდეგ, სამსახურიდან მერიის 88 თანამშრომელი გაათავისუფლეს.  

რეორგანიზაცია შეეხო მერიის თითქმის ყველა სამსახურს, მათ შორის ადმინისტრაციული ზედამხედველობის, კეთილმოწყობის, არქიტექტურის, ეკონომიკის, ქონების მართვის, ჯანდაცვისა და სოციალურ სამსახურებს. კულტურის სამსახური კი, ორ ნაწილად გაიყო. შესაბამისად, თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელები და თანამშრომელთა დიდი ნაწილი.

„არ შეიძლება ისეთი პატარა ქალაქის მერიაში, როგორიც ქუთაისია, 800 თანამშრომელი მუშაობდეს მაშინ, როცა ლონდონის მერიის თანამშრომელთა რიცხვი 400-ს არ აღემატება. ქუთაისის მერიაში ახალი თანამშრომლები კონკურსის გზით მიიღებიან. ამის  თაობაზე უკვე გვქონდა საუბარი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარესთან.  კონკურსი უახლოეს დღეებში გამოცხადდება“ - ამბობს ქუთაისის მერი დიმიტრი კოპალიანი. 

ადგილობრივი თვითმმართველობის  „ნაციონალი“ დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, რეორგანიზაციის საკითხს ქუთაისის საკრებულომ მხარი უმრავლესობით დაუჭირა. 

ქუთაისის მერიაში განხორციელებულ რეორგანიზაციას თანამდებობებიდან გათავისუფლებულთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ყოფილმა საჯარო მოხელეებმა  სამართლებრივი კონსულტაციებისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართეს. მომზადდა რამდენიმე სარჩელიც, რომელსაც ქუთაისის საქალაქო სასამართლო უახლოეს დღეებში განიხილავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ოფისში სამართლებრივი კონსულტაცია არჩევნების შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლებულ 30-მდე ადამიანს გაუწიეს. მომზადდა 11 სარჩელი, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოშია შეტანილი. კიდევ 2 სარჩელი, ქუთაისის ვიცე-მერების - ამირან ძოწენიძისა და კოტე რატიანიის საქმეზე,  სასამართლოში უახლოეს დღეებში შევა.

“რეორგანზაცია, როგორც ასეთი, არ ითვალისწინებს პირის სამსახურიდან დათხოვას. სამსახურის უფროსების და მათი მოადგილეების შემთხვევაში, რეოგრანიზაციის პროცესში შტატების შემცირება არ მომხდარა. მაგალითად, არ შემცირებულა და ვერც შემცირდებოდა სამსახურის უფროსის შტატი, რადგან სამსახურს, როგორც რეორგანიზაციამდე, ისე რეორგანიზაციის შემდეგაც ჭირდება ხელმძღვანელი. ამ ფონზე, კონკრეტული პირების გათავისუფლებისთვის შტატების შემცირების მოტივი  საკმარის სამართლებრივ არგუმენტად არ გამოდგება. რაც შეეხება რიგითი თანამშრომლების გათავისუფლებას,  მოხდა გარკვეული დოზით შტატების შემცირება. ვიღაც გაუშვეს, ვიღაც დარჩა. რატომ დარჩა, ან მოიყვანეს ახლები, როცა არ ჩატარებულა პროფესიული დონის რანგირების პროცესი, გაუგებარია. მაგალითად, ერთი პირი გვყავს, 31 წელი იმუშავა მერიაში. ის ხომ, ნებისმიერ შემთხვევაში, გამოცდილი კადრია და ერთი ხელის მოსმით არ შეიძლებოდა მისი დათხოვნა“- ამბობს humanrights.ge-სთან საუბარში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქუთაისის ოფისის იურისტი თეო ზაქარაშვილი.

სამოქალაქო ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მანანა მანაგაძე, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ რეორგანიზაციის პროცესი გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებს:

„ვერ ვიტყვი, რომ ის პროცესები, რომელიც ქუთაისის მერიაში ხორციელდება, კანონის, ან რომელიმე  სამართლებრივი აქტის დარღვევით ხორციელდება.   სხვა საკითხია, რამდენად მოხდა ოპტიმიზაცია.  ასევე, კადრების შერჩევა და ა. შ. კითხვები და გარკვეული ეჭვები კი, უდავოდ არსებობს. საზოგადოების დაკვეთაა, მოიხსნას ეს კითხვის ნიშნები, როგორც თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირების, ასევე, მერიაში გამოცხადებული ვაკანტური ადგილების მიმართ“, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბარში მანაგაძე. 

პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი წარმომადგენლები კი, რეორგანიზაციის პროცესს, დროულად და აუცილებლად თვლიან:

„არ არის აუცილებელი, ქუთაისის მერიაში 800 უსაქმური იჯდეს. ისენი არიან „ნაციონალები“ და მათმა აქტივისტებმა წლების მანძილზე გამოხრეს ქუთაისის ბიუჯეტი. ქალაქის ახალ ხელმძღვანელობას კი, მემკვიდრეობად უმძიმესი ვითარება დაუტოვეს“ - ამბობს „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი წულაია.

ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის გამჭვირვალობის მიზნით კი, ქუთაისის მერიაში, საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაც იგეგმება.

ახალი ამბები