კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი „კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემას“ ეხმაურება

23 აგვისტო, 2013
 
ინტერპრესნიუსი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასჯელაღსრულების დაწესებულებების “კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან მართვის სქემა“ გამოაქვეყნა. „ნაციონალების“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულებას, ე.წ. „რეზბალნიცას“ ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია, იგივე ტარასა მართავს. 

„ნაციონალების“ სქემის მიხედვით, ქსნის ციხეს მართავენ მურმან ტვილდიანი იგივე „ხალვა“, ასევე ირაკლი მალანია, იკო ნოხაძე, კახა გურგენიძე და ედგარ მამედოვი. 

ქსნის ციხეში, „ნაციონალების“ ცნობით, საერთო რეჟიმს ლაშა ქებურია „უყურებს“, კარცერს - ზაქრო ჯანგულაშვილი, სასადილოს - ჯაბა ხოსბერუაშვილი და ავთანდილ თავაძე, ხოლო სამედიცინო ნაწილს - გიორგი ილდანი. 

გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, ე.წ. ტუბზონას მართავს კრიმინალური ავტორიტეტი არმაის გრიგორიანი, იგივე „მაისა“. 

„ნაციონალური მოძრაობის“ სქემის მიხედვით, გეგუთის კოლონიას ლაშა კვანტალიანი „აკონტროლებს“, ხოლო რუსთავის #6 დაწესებულებას - მირიანა იგივე „ჟინვალა“. 

რუსთავის #17 დაწესებულებას კი, „ნაციონალების“ ინფორმაციით, მართავენ გელა ტერტერაშვილი და კირილე ფხაკაძე, რომელიც მათივე ცნობით, ორი პოლიციელის მკვლელობისთვის არის გასამართლებული. 

ამავე სქემის თანახმად, გლდანის ციხის ე.წ. მაყურებლები კი, ზურაბ ნონიაშვილი და ზურაბ ბრეგაძე იგივე „პრაკოლა“ არიან. ეს უკანასკნელი კი, "ნაციონალების" ინფორმაციის თანახმად, გაერო-ს თანამშრომლის მარია ბრილსკას მკვლელობისთვის არის გასამართლებული. 

„ციხეებში ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტები არსებობენ, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმისგან განსხვავებით, ციხის ადმინისტრაციები მათ არ ნიშნავენ“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ღურწკაიამ, რომელიც „ნაციონალების" მიერ 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ „კრიმინალური ავტორიტეტების“ მიერ ციხეების მართვის სქემას გამოეხმაურა.

ღურწკაიას თქმით, ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა ციხეებში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ჩაენაცვლებინა და ეს მხოლოდ გლდანის ციხეში შეძლო, სადაც თავად იქცა კრიმინალად. 

ის, რომ პატიმრებს ლიდერი ჰყავთ, სად-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ბუნებრივი პროცესია და ყველა ქვეყნის პენიტენციურ სისტემას გააჩნია მსგავსი პრობლემა, თუმცა როგორც ღურწკაია აცხადებს, სასჯელაღსრულების სამინისტროს მაყურებელთა ინსტიტუტის იდეოლოგიის წინააღმდეგ მექანიზმი შემუშავებული აქვს. 

„ლიდერის ინსტიტუტის შესახებ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადება. კრიმინალური ავტორიტეტები და ლიდერები სასჯელაღსრულების სისტემაში რომ არიან და იყვნენ, ეს აბსოლუტურად თვალნათელია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეეცადა „ნაციონალური მოძრაობა“, ჩაენაცვლებინა კრიმინალური ავტორიტეტები და თვითონ გამხდარიყვნენ კრიმინალები. ეს მოახერხეს მხოლოდ #8 დაწესებულებაში, სადაც აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ ხალხს. სხვა ყველა დაწესებულებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, ბოლო დღემდე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები. დღევანდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ისინი ნიშნავდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს და ისინი იყვნენ გარიგებაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან“, - განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ. 

მისივე თქმით, „ნაციონალები“ ხელკეტის, ცემის, გაუპატიურებისა და მუქარის მექანიზმებით სარგებლობდნენ და ასე ჰქონდათ მმართველობა დამყარებული. 

„დღეს ადმინისტრაცია ნამდვილად არ არის გარიგებაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან, მაგრამ თუ დაწესებულებაში პატიმრები თვითონვე გამოავლენენ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს და ლიდერს, ეს ბუნებრივი პროცესია ყველა ქვეყნის ყველა პენიტენციური სისტემისა. ჩვენ ვებრძვით კრიმინალურ ავტორიტეტებს არა პიროვნულად, ჩვენ ვებრძვით იდეოლოგიას და ამისათვის შესაბამისი მექანიზმებიც არსებობს, სტრატეგიაც და გეგმაც, „ნაციონალური მოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელთა სტრატეგია იყო მხოლოდ ძალადობა, გაუპატიურება და ცემა“, - განაცხადა ღურწკაიამ.

მისი თქმით, იმით მანიპულირება, რომ დღეს ციხეში ძალადობა არსებობს, „ცინიზმი და სამარცხვინო განცხადებაა, როდესაც 800-მდე ადამიანია მათი მმართველობის პერიოდში მოკლული და გარდაცვლილი სასჯელაღსრულების სისტემაში“.

„ახლა დაახლოებით 10-ჯერ არის შემცირებული ძალადობა. გარიგება ქურდულ სამყაროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობის სტილი და ფორმაა“, - განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ. 

ახალი ამბები