კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში

6 ნოემბერი, 2013
 
მაკა მალაყმაძის ბლოგპოსტი აჭარიდან

არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ ხან დამკვირვებელი ვარ, ხან ჟურნალისტი და ვაშუქებ არჩევნების დღეს, მიწევს უარი ვთქვა ჩემს ხმის მიცემის უფლებაზე. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, გასულ არჩევნებთან შედარებით, მეტი პასუხისმგებლობა მქონდა, რადგან აჭარის მობილური ჯგუფის ხელმძღავნელი ვიყავი. ჯგუფის წევრებიდან კი, რამდენიმე პირველად აკვირდებოდა არჩევნებს.

წინა დღით შევუთანხმდი ჯგუფს, რომ უბანზე 7 საათისათვის უნდა ყოფილიყვნენ. ამიტომაც, ჩვენი საარჩევნო დღე დილის 6 საათიდან დაიწყო. თითოეულ მათგანს დავურეკე, რომ არ ჩასძინებოდათ და წარმატებული დღე ვუსურვე. თავისმხვრივ, მეც ვაკვირდებოდი კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელ პროცედურებს ჩემს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, ბათუმის #91 უბანზე. 

ვფიქრობდი, როცა ხელისუფლების ნებაა დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, შესაბამისად, არჩვენებიც ნაკლები დარღვევების ფონზე ჩაივლიდა. ზოგადი სურათით შეიძლება ვთქვათ, რომ ასეც მოხდა. თუმცა, დარღვევები მაინც იყო. შეიძლება ისიც ითქვას, რომ არსებული დარღვევები კომისიის წევრების უცოდინრობით და კომპეტენციის ნაკლებობით უფრო იყო დაშვებული. იყო კომიკური შემთხვევებიც: ხელვაჩაურის ოლქის 31 უბანზე შევამჩნიეთ, რომ მარგველაშვილის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც კანონდარღვევაა, რადგანაც საარჩევნო სუბიექტს უბანზე მხოლოდ ერთი წარმომადგენლის ყოლის უფლება აქვს. როცა ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარეს ვაცნობებ, მან განგვიმარტა, ვიცი რომ კანონდარღვევაა, მაგრამ ცივა და გარეთ ხომ ვერ გავუშვებო.
 
ბათუმის ოლქის 7 უბანზე, სამმა ქალბატონმა (რომელთა ბეჯზეც „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“ იყო მითითებული) ღიმილით მომიგეს, რომ  მათი მეოთხე წარმომადგენელი, ვინმე არჩილიც იქვე იყო, საარჩევნო უბნის შემოსასვლელ კარებთან. ამავე უბანში იყო პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ორი წარმომადგენელიც. კომისიის თავმჯდომარემ კი თავი იმით იმართლა, რომ ის თითოეულ მათგანს ვერ ამოწმებდა და ეს დამკვირვებლების მოვალეობა იყო.

არც სხვა უბნებზე იყო უკეთესად საქმე. დღის განმავლობაში 22 უბანზე ვიყავი და მათგან მხოლოდ 3 უბანზე არ იყო ერთდროულად რამდენიმე წარმომადგენელი ერთიდაიმავე პოლიტიკური პარტიის, ან პრეზიდენტობის კანდიდატის. ამასთან დაკავშირებით, ჩანაწერთა წიგნში დაწერილი შენიშვნა კი, კომისიის წევრების გაღიაზიანებას იწვევდა. ერთ-ერთ უბანზე, კომისიის წევრებმა ისიც კი გვითხრეს მე და ჩემს დამკვირვებელ ქეთევან ლაბაძეს, რომ ჩვენ მაძღრები ვიყავით და ამიტომაც გვქონდა შენიშვნების დაწერის თავი. როგორც გავარკვიე, კომისიის წევრების სადილზე, არავის უზრუნია. არ ვიცი ამიტომ, თუ სხვა მიზეზის გამო, მაგრამ ამ უბანზე კომისიის წევრები განსაკუთრებული აგრესუიულობითა და უხეშობით გამოირჩეოდნენ. 

გასაკვირია, მაგრამ კომისიის წევრები სადემონსტრაციო ოქმებს ჯერ კიდევ ფანქრით ავსებდნენ რიგ უბნებში (ბათუმის ოლქის 94 უბანი). ბათუმის 35 უბანზე კი სადემონსტრაციო ოქმი სრულყოფილად საღამოს 8 საათისათვის შეივსო.  იქამდე, ოლქისა და უბნის ნომერი, ასევე მიღებული ბიულეტინების ოდენობა აღნიშნული არ ჰქონდათ. გამიკვირდა რომ კომისიის წევრებისათვის და დამკვირვებლებისათვის შეუმჩნეველი იყო ძირითად ყუთზე დადებული რვეული, რომლის გარეკანზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეწერა, რომელიც ყუთზე ზედამხედველს ეკუთვნოდა. რადგან უბანზე აგიტაცია და რომელიმე კანდიდატის ემბლების ან ლოგოს მიტანა აკრძალულია, ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარეს ვაცნობეთ და პრობლემა მალევე აღმოიფხვრა.

შუადღისათვის, ბათუმზე შემოერთებულ ხელვაჩაურის ტერიტორიის უბნებზე გავედით დასაკვირვებლად. 87-ე და 94-ე უბნები ე.წ. შარაბიძეების სკოლაში მდებარეობს. სკოლის შენობის დერეფანში, საიდანაც უბნები ერთი მარცხნივ, მეორე კი მარჯვენა მხარეს იყო, იდგა მაგიდა, რომელზეც თაბახის ფურცლები იდო, მასში ამომრჩეველთა სიები, მისამართები და ზოგიერთზე ტელეფონის ნომერებიც კი იყო მითითებული. ზოგიერთი პიროვნების გასწვრივ კი პლიუსები იყო დასმული. მაგიდასთან ბიჭი და გოგო ისხდნენ. გამიკვირდა, მაგრამ ფოტოს გადაღება არ დაუშლიათ, ისიც მითხრეს, რომ სია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების იყო და ისინი აღრიცხავდნენ, ვინ მოვიდა უბანზე და ვინ არა. 

ხმების დათვლას ბათუმის ოლქის 35 უბანზე დავაკვირდი. ყველაფერმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. კომისიის თავმჯდომარე ხმამაღლა ლოცულობდა კიდეც: „ღმერთო ფორმულა დაჯდესო“. საბოლოოდ, „ფორმულა დაჯდა“. საკმაოდ მალე დასრულდა ხმების დათვლის პროცედურაც. ეს ხომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და კონვერტშიც მხოლოდ ერთი ბიულეტინი იდო, რაც დათვლასაც ამარტივებდა.

ახალი ამბები