10:20, Monday, 24.04.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები

19.02.2014

 
ალეკო ცქიტიშვილი

ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს ადმინისტრაციას ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, რაც მოქალაქეთა გაურკველობას იწვევს. სასჯელაღსრულების მინისტრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პატიმრების უკმაყოფილების გაზრდას „ვიღაც“ გარედან ცდილობს. 

ალბათ დადგა დრო, ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიაზროს, თუ რა უდევს საფუძვლად გეგუთისა და ზოგადად მთლიანად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. შეიძლება ბევრი ვისაუბროთ, რომ ეს პროცესი გარედან არის მართული და პასუხისმგებელი პირები ვეძებოთ გარეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, პასუხისმგებლობა მაინც ამჟამინდელ მთავრობას და კონკრეტულად სასჯელაღსრულების სამინისტროს ეკისრება. იმ შემთხვევაშიც, თუკი პროცესებს ვიღაც გარედან მართავს და მართვის სადავე ხელში გარეშე პირებს უჭირავთ, გამოდის, სასჯელაღსრულების სამინისტროს არა აქვს უნარი, თვითონ მართოს თავის დაქვემდებარებაში მყოფი ციხეები. 

რა თქმა უნდა, პროცესების გარედან მართვის ვერსია საფუძველს მოკლებული სულაც არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, საჭიროა, დაკონკრეტდეს, ვინ და რატომ არის დაინტერესებული საპატიმროებში სიტუაციის არევით. ამ საკითხზე უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოვლინდეს კონკრეტული დამნაშავეები. 

ზოგადად, სამინისტრო, ირიბად თუ პირდაპირ, მიგვითითებს ორ ძალაზე, რომელიც თითქოსდა დაინტერესებულია საპატიმროებში ქაოსით. ესაა პოლიტიკური გაერთიანება ნაციონალური მოძრაობა და კრიმინალური სამყარო, ე.წ. კანონიერი ქურდები. 

ნიშანდობლივია, რომ გასული წლის ზაფხულში გეგუთის კოლონიის 1359-მა პატიმარმა კოლექტიური განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ცენტრს,  რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, ასევე - პრემიერ მინისტრს, მთავარ პროკურორს, მთავრობისა და პარლამენტის სხვა წარმომადგენლებს. წერილში ისინი ითხოვდნენ რეაგირებას და პოზიციის დაფიქსირებას თავიანთ მიმართვაში მოყვანილ პრობლემატიკასთან დაკავშირებით. კერძოდ,  მსჯავრდებულთა მოთხოვნა შეეხებოდა  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223(1) მუხლის (ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა)  გაუქმებას. მათი აზრით, აღნიშნული მუხლის საფუძველზე ბევრი პატიმარი უკანონოდ იხდის სასჯელს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში.  

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ მიმართვის პასუხად მოამზადა განცხადება, სადაც დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ მუხლის გაუქმება დაუშვებელია. ამავდროულად, ამ დოკუმენტში აღვნიშნავდით, რომ ეს მუხლი არ უნდა იქცეს უკანონო რეპრესიების წყაროდ, როგორც ეს წინა წლებში გამოიყენებოდა ხოლმე (გავიხსენოთ, თუნდაც, ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის საქმე). ჩვენი პოზიციაა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისათვის საკმარისი არ არის პირის აღიარება, რომ იგი არის ქურდული სამყაროს წევრი ან „კანონიერი ქურდი“. მისი სტატუსი კონკრეტულ ქმედებებში უნდა იქნას გამოვლენილი. ასევე, გამოძიებით უნდა დადასტურდეს, რომ პირი აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა წაეყენოს მას ბრალი და გასამართლდეს. 

ამის შემდეგ, გვახსოვს, წლის ბოლოს მასობრივი საპროტესტო შიმშილობა საპატიმროებში. განსაკუთრებით მწვავე ფორმები პროტესტს ჰქონდა გეგუთის კოლონიაში. ეს მასობრივი უკმაყოფილება იყო სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმური, რადგან წინა დღეებში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეეთერით განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა უვადოდ გადაიდო, რადგან მთავრობას თურმე, პრობლემურად ეჩვენება უკანონო განაჩენების შედეგად პოტენციური დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გადახდა. გამოდის, სახელმწიფო ამ ხალხს ეუბნება, აღარ გვაინტერესებს თქვენი პრობლემებიო. არადა, „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველმა ხმა იმიტომაც მისცა, რომ წინასაარჩევნო დაპირებებში წამყვანი ადგილი ეკავა  სამართლიანობის აღდგენას, უკანონო განაჩენების გადახედვას და წამების მსხვერპლთა საქმეების გამოძიებას. 

შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით, დღესდღეობით ფაქტობრივად არაფერი კეთდება. თუ არ ჩავთვლით ე.წ. ციხის 17 მაღალჩინოსნის საქმეს, რომლის განხილვაც სასამართლოში დასრულდა და წამებაში ბრალდებულ პირებს არაადეკვატურად დაბალი სასჯელები მიესაჯა. წამების მსხვერპლი პატიმრების მრავალი საქმე პროკურატურაში თაროებზეა შემოწყობილი და არავინ აპირებს ამ საქმეების გამოძიებას. არადა, წამების მსხვერპლთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ საპატიმროშია. მათგან ბევრია ისეთი, ვინც გამოძიების ეტაპზე აწამეს და აღიარებითი ჩვენებები გამოსძალეს. ეს ადამიანები, ფაქტობრივად, უკანონო პატიმრები არიან, რადგან არ შეიძლება, ბრალდებულის წამებით მიღებული ჩვენებების საფუძველზე სამართლიანი განაჩენი დადგეს. 

ასევე დიდია იმ პატიმართა რაოდენობა, ვის მიმართაც საქმეები იყო ფალსიფიცირებული და უკანონო განაჩენების შედეგად არიან პატიმრობაში. ამ ადამიანებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ მათი საქმეები გადაიხედებოდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ისინი ფაქტობრივად, მოატყუა. თავიანთი საქმეების გადახედვას ელიან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული მოქალაქეები. მართალია, მათ ნასამართლეობა მოეხსნათ, მაგრამ მათ მიმართ დამდგარი განაჩენები კვლავ ძველი სახით არსებობს, ანუ ეს ადამიანები დღესდღეობით თან ყოფილი პოლიტპატიმრები არიან და თან ჯაშუშები და სახელმწიფო დამნაშავეები. 

აი, ეს ფაქტორები განსაზღვრავს მზარდ უკმაყოფილებას და პროტესტს ციხეებში, რასაც ემატება პატიმრების ჯანმრთელობის პრობლემები. ჩვენ ვხედავთ წინსვლას პენიტენციალურ სისტემაში, სადაც სისტემური ხასიათი აღარ აქვს წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, მაგრამ სისტემისთვის ჯერ კიდევ სუსტ წერტილად რჩება პატიმრების ჯანდაცვა. პატიმრები მასობრივად არიან დაავადებული ისეთი მძიმე დაავადებებით, როგორიცაა ტურებკულოზი და ცე-ჰეპატიტი. 

აი, რას გვწერს ახალგაზრდა პატიმარი #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან: „სასჯელს ვიხდი 2007 წლის 14 თებერვლიდან. სრულიად ჯანმრთელი დამაკავეს. რეჟიმმა უკანონოდ წამართვა თავისუფლება და თავისუფლებასთან ერთად წამართვა ჯანმრთელობა. არასტერილური სამედიცინო ხელსაწყოების გამოყენებით დამაინფიცირეს ქრონიკული ცე-ჰეპატიტით. ამ ინფექციურმა დაავადებამ ჩემი სიცოცხლის წლები დათვალა“. 

საპატიმროებიდან ადამიანის უფლებათა ცენტრში გამოგზავნილი წერილების აბსოლუტურ უმრავლესობაში პატიმრები თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემებით დაინტერესებას გვთხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტრო გარკვეულ ძალისხმევას მიმართავს ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ასეთი წერილების რაოდენობა ჯერჯერობით კი არ იკლებს, არამედ მატულობს. 

სახელმწიფო ვერ გაექცევა ვალდებულებას, იპოვოს გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოსავალია სახელმწიფო ბიუჯეტიდან პატიმრების ჯანდაცვისათვის გამოყოფილი დაფინანსების გაზრდა, რათა სასჯელაღსრულების სამინისტრომ სწრაფად მოახერხოს რეაგირება ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა წერილებზე. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

უიმედოთა სოფელი
სამკურნალო წყლის - „ძუღურის“ შესახებ პირველად რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავიგეთ, რომ „ძუღურის წყალი“ ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან იყიდებოდა. იქიდან დაიწყო
ვრცლად...
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC